სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფია (ნაწილი III)

AutoSharing Option
ვაგრძელებთ სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიის თარგმნას. ამჯერად გთავაზობთ დიდი შოტლანდიელის წიგნის ყველაზე გახმაურებულ ნაწილს, სადაც ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ვარსკვლავებზე ხანდახან სკანდალურად გულწრფელ განცხადებებს აკეთებს.

დასაწყისი წინა ნომერში (იხილეთ არქივი)

ფერგი და კინი
ფერგიუსონი კინს ახასიათებს, როგორც ექსცენტრულ ადამიანს, რომელსაც შეეძლო დაეშინებინა არა მხოლოდ მეტოქე ფეხბურთელები ან თანაგუნდელები, არამედ დროდადრო თავად ისიც კი.

ირლანდიელი ყველა პრობლემას მაგიდაზე მუშტის ბრახუნითა და არნახულად მწარე, უხეში ენით აგვარებდა.

წლების განმავლობაში ფერგიუსონისა და კინის შეპასუხებები "ოლდ ტრეფორდზე" ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. საბოლოოდ კინი საკუთარმა
უკმეხმა ხასიათმა მაინც მიიყვანა იქამდე, რომ მან ყველანაირი გავლენა დაკარგა გუნდზე.

დასასრულის დასაწყისი 2005 წლის ზაფხულზე დადგა, როდესაც კინმა პორტუგალიურ ვალე დე ლობუში შეკრებისას "იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიას სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც მან თანაგუნდელებს კირან რიჩარდსონს, დარენ ფლეტჩერს, ალან სმიტს, ედვინ ვან დერ საარსა და რიო ფერდინანდს, შეიძლება ითქვას, "თავზე გადაუარა".

"იუნაიტედის" კაპიტანმა უკანასკნელზე განაცხადა, რომ ის თვეში 120 ათას ფუნტს იღებდა, მაგრამ შეეძლო კმაყოფილი ყოფილიყო მაშინაც კი, როცა თამაშში 20 წუთზე მეტს ვერ თამაშობდა მაღალ დონეზე.

Sportall.Ge

ირლანდიელი რამდენიმე დღეში "დაუკრეფავში გადავიდა", როცა მთავარ მწვრთნელს მთელი გუნდის წინაშე წაუყენა ბრალად, რომ ის დოღში მონაწილე საკუთარ ცხენზე უფრო წუხდა, ვიდრე "იუნაიტედის" პრობლემებზე.

ამის შემდეგ სერ ალექსი მიხვდა, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა და დაუყოვნებლივ დათანხმდა "სელტიკთან" გარიგებას.

მოგვიანებით ფეხბურთელმა სცადა ბოდიშის მოხდა, მაგრამ მწვრთნელსა და შეგირდს შორის ურთიერთობა საბოლოოდ აღმოჩნდა გაფუჭებული.

ფერგი და ბექჰემი
დევიდ ბექჰემი ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი უმთავრესი იმედგაცრუება იყო. მწვრთნელს ფეხბურთელი განსაკუთრებით უყვარდა, მიაჩნდა რა, რომ უკანასკნელს შეეძლო მისთვის ყველანაირი საფეხბურთო ოცნება აეხდინა, მაგრამ...

ბექზმა გარკვეული ავტორიტეტის მოპოვების შემდეგ დაივიწყა, თუ რისი წყალობით მიაღწია ამ ყველაფერს და ამასთან ერთად დაივიწყა, რომ ყველაფრის შესანარჩუნებლად მოედანზე თავდადება იყო საჭირო.

ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. სიტუაცია 2003 წლის 15 თებერვალს ასოციაციის თასზე "ოლდ ტრეფორდზე" "არსენალთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ აფეთქდა. დევიდი მეტოქეს დაცვაში ბოლომდე აღარ მიჰყვა. შედეგად სტუმარმა გოლი გაიტანა. მწვრთნელმა ფეხბურთელს გასახდელში ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა.

Sportall.Ge

მეორე დღეს ბექჰემმა ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად მისცა ჭრილობის გადაღების საშუალება.

ფერგიუსონმა ჩათვალა, რომ მოთამაშეს საკუთარი თავი უფრო მნიშვნელოვანი ეგონა, ვიდრე "იუნაიტედი" და მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

"ბოლო სეზონის განმავლობაში თვალში საცემი იყო, რომ ის უკვე აღარ შრომობდა ძველებურად მონდომებით. ჩვენამდე აღწევდა ხმები მისი აგენტებისა და "რეალის" წარმომადგენელთა კონტაქტების შესახებ.

როცა მას ბუცი თავში მოხვდა, სცადა წამომხტარიყო და ჩემთვის პასუხი გაეცა, მაგრამ ის თანაგუნდელებმა დაიჭირეს. ვუთხარი, დაეტიე შენს ადგილზე, რადგან შენ ღალატობ მთელ გუნდს.

ეს ამბავი მეორე დღესვე გასკდა. მე კი ხელმძღვანელობას გამოვუცხადე, რომ დევიდი უნდა გაგვეშვა".

ფერგის შეფასებით, ბექჰემი პოპულარობამ სერიოზულად შეცვალა და რაც მთავარია, არა საუკეთესო მხრივ. მან გადაწყვიტა, სახელი საფეხბურთო მინდორს მიღმაც გაეთქვა. შოტლანდიელი ამის ყველაზე ცნობილ შემთხვევებს იხსენებს. მაგალითად: ვარსკვლავის წარმომადგენლებმა პრესას აცნობეს, რომ მეორე დღეს დევიდი საზოგადოებას ახალი, ძვირად ღირებული ვარცხნილობით წარუდგებოდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბექზმა 700 ფუნტზე მეტი გადაიხადა თავის გადაპარსვაში.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა კლუბის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე დევიდმა მოდური ქუდის მოხდაზე კატეგორიული უარი თქვა და მწვრთნელი წყობილებიდან გამოიყვანა. შოტლანდიელი შეგირდზე გულაცრუებული ჩანს და ეს მისი სიტყვებითაც დასტურდება:

"დევიდს შეეძლო, "მანიუში" დიდხანს თამაში, ზუსტად ისე, როგორც გიგზსა და სქოულზს. მას შეეძლო "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშე გამხდარიყო, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.

ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მას ჩემთვის რჩევა რომ ეკითხა "რეალიდან" "გალაქსიში" გადასვლის წინ, ამისთვის მე მას თავს გავუტეხავდი".

ფერგი და ვან ნისტელროი
რუუდ ვან ნისტელროიმ "იუნაიტედი" 2006 წელს დატოვა. მწვრთნელი და ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში დროდადრო კამათობდნენ, მაგრამ მოთმინების ფიალა ჰოლანდიელის საქციელმა აავსო.

ლიგის თასის ფინალში "უიგანთან" თავდამსხმელმა მწვრთნელს შეცვლაზე თამაშის უფლება სთხოვა, უარის შემდეგ კი ფერგისაც და მის ასისტენტ კარლუშ კეირუშსაც შეუკურთხა. "წადი შენი"...

ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. დაჯერებაც კი არ მინდოდა, რომ რუუდმა ეს თქვა. კეირუში წამოწითლდა, ფეხბურთელებმა კი ვან ნისტელროის მოუწოდეს, ნერვები მოეთოკა.

Sportall.Ge

ეს უკვე დასასრული იყო. ვიცოდი, რომ ის ჩვენთან აღარასოდეს ითამაშებდა, რადგან უკან დასახევი ყველანაირი გზა მოიჭრა. ის ამის შემდეგ კიდევ უფრო გამომწვევად იქცეოდა".

ფერგიუსონი ვან ნისტელროის "რეალში" გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა იძულებული გახდა, ამაზე წასულიყო.

ჰოლანდიელმა 4 წლის შემდეგღა დაურეკა მწვრთნელს და თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი ამით ამოიწურა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალან მაგარი პროექტია, ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარულისთვის საინტერესო. მოხარული ვიქნები თუ კიდევ თარგმნით და მთელ წიგნს გამოსცემთ ქართულ ენაზე. მე ძალიან მაინტერესებს მაგრამ სამწუხაროდ ინგლისური არ ვიცი იმ დონეზე რომ ორიგინალში წავიკითხო.
niko - n
21:53 28-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული