სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფია (დასასრული)

AutoSharing Option
ალექს ფერგიუსონის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1986 წლის შემოდგომიდან 2013-ის ზაფხულამდე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში შოტლანდიელს მრავალ პრინციპულ მეტოქესთან მოუხდა დაპირისპირება.

აი, მწვრთნელების სია, ვისთანაც მას ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა წაუგია: ჰოვარდ კენდალი (1987 - ევერტონი) კენი დალგლიში (1988, 1990 - ლივერპული, 1995 - ბლექბერნი), ჯორჯ გრემი (1989, 1991 - არსენალი), ჰოვარდ უილკინსონი (1992 - ლიდსი), ჟოზე მოურინიო (2005, 2006 - ჩელსი), კარლო ანჩელოტი (2010 - ჩელსი), რობერტო მანჩინი (2012 - მანჩესტერ სიტი) და, რაც მთავარია, არსენ ვენგერი (1998, 2002, 2004 -
არსენალი).

იხილეთ წინა თავები

მე და ვენგერი
მოყოლებული 1991 წლიდან, როცა "იუნაიტედი" უკვე რეალურად მიიჩნეოდა ჩემპიონობის პრეტენდენტად, ფერგის ვენგერზე უფრო ძლიერი და სტაბილური ოპონენტი არ შეხვედრია. სწორედ ფრანგისა და შოტლანდიელის ურთიერთობებზე მოგითხრობთ ამჯერად, რომელსაც წიგნის ავტორმა მთელი თავი დაუთმო და ახსნა მიზეზები, რამაც მათ საფეხბურთო "მტრობას" ჩაუყარა საფუძველი...

ვერ იქნები ერთი და იგივე ადამიანი ტაძარში და ბრძოლის ველზე. მოედანს მიღმა არსენი მშვიდი პიროვნება და სასიამოვნო მოსაუბრეა. უეფას სამწვრთნელო ფორუმებზე ის ყოველთვის სიამოვნებით ეხმარებოდა კოლეგებს. ერთი სიტყვით, ის ჩვენი გილდიის კეთილშობილი წარმომადგენელია, თუმცა თამაშების მიმდინარეობისას სულ სხვა პიროვნების ნიღაბს ირგებს.

სასტარტო სასტვენის შემდეგ მასში ჩემთან მრავალ მსგავსებას ვხედავდი. ორივეს ერთნაირად გვეჯავრებოდა წაგება. ჩემში ეს იმდენად
იყო გამჯდარი, რომ, როცა ჩემმა "სენტ მირენმა" ერთხელ "რეით როვერსთან" წააგო, მეგობარ ბერტ პეიტონს ხელიც კი არ ჩამოვართვი.
ის დამეწია და სასტიკად მისაყვედურა. სწორედ მაშინ მივხვდი ერთხელ და სამუდამოდ, რომ ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თამაში.

კარიერის მიწურულს არსენთან კარგი ურთიერთობა მქონდა, რადგან ერთად ბევრი რამ გვქონდა გადატანილი, თუმცა ვიდრე იქამდე
მივიდოდით, ჩვენ შორის კონფლიქტებიც მომხდარა.

ყველაფერი ასე დაიწყო: მან ერთხელ უკმაყოფილომ განაცხადა, რომ თურმე მე დატვირთულ კალენდარზე უსაფუძვლოდ ვწუწუნებდი.
მე კი მკვახედ ვუპასუხე, რომ იაპონიიდან ახლად ჩამოსულს რა შეიძლებოდა სცოდნოდა ამ ყველაფერზე.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში აუტანელ გრაფიკზე უკვე ვენგერი ლაპარაკობდა ყველაზე მეტს. თუმცა საბოლოოდ მან მოახერხა და შეეგუა ინგლისური ფეხბურთის სპეციფიკას და თავისი გუნდი შეაჩვია შაბათი-ოთხშაბათი-შაბათის დატვირთვებს, რაც პირველ ეტაპზე ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა.

პრობლემები გაღრმავდა მას მერე, რაც მისი საკმაოდ ძლიერი "არსენალი" "ოლდ ტრეფორდზე" დავამარცხეთ. მან ვერ აღიარა საკუთარი შეცდომები და ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალა. არსენი ვერ ეგუებოდა აზრს, რომ მეტოქეებს მის გუნდთან ხშირად ხისტი თამაში სჭირდებოდათ. ის ბურთის ართმევასაც კი უხეშობად მიიჩნევდა.

Sportall.Ge

ვენგერის გუნდის თამაშისთვის თვალის დევნება ყოველთვის მსიამოვნებდა. ვგრძნობდი, რომ "არსენალი" დეტალურად უნდა შემესწავლა, რათა მოსალოდნელი საფრთხე გამენეიტრალებინა.

სანამ "მეთოფეებს" ვენგერი ჩაიბარებდა, დისციპლინის მხრივ ის საკმაოდ მოიკოჭლებდა. "არსენალს" სტივბოულდი და ტონი ადამსი ჰყავდა, მერე ამ დუეტს პატრიკ ვიეირაც დაემატა, ვისაც სულ მცირე მიზეზიც კი ჰყოფნიდა, რომ საქმეში მუშტები ჩაერთო.

იქვე იყო ნაიჯელ უინტერბერნიც. უკანასკნელი ყოველ ჯერზე ცდილობდა, რომ როგორმე გაემწარებინე. გუნდის საუკეთესო თავდამსხმელ იან რაიტს კი სულაც აუტანელი ხასიათი ჰქონდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "არსენალი" ბინძურად არასოდეს თამაშობდა.

2010 წელს ვენგერმა პრესასთან მოულოდნელად პოლ სქოულზის "ბნელ მხარეზე" დაიწყო ლაპარაკი. მიზეზი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ახლო მომავალში შეხვედრა არ გვიწევდა, ჩვენ არც ერთმანეთს დავტაკებივართ. შესაბამისად, "არსენალის" წარუმატებლობების მიზეზად პოლის, როგორც გადამწყვეტი ფაქტორის დასახელება შეუძლებელი იყო.

ფეხბურთში ემოციები ხანდახან ზღვარს სცდება და მას ადამიანების საუკეთესო და ყველაზე ცუდი თვისებები ზედაპირზე ამოაქვს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გადამწყვეტ მომენტში საკუთარი თავის კონტროლი ვეღარ შეძლო და მერე ეს ინანო კიდეც.

"არსენალს" ჰქონდა მსგავსი მომენტები. როცა ვენგერი ლონდონში ჩავიდა სამუშაოდ, მასზე პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. არსენზე აზრი კანტონას ვკითხე. ერიკმა მიპასუხა, რომ, მისი აზრით, "ზედმეტად დაცვითი ფეხბურთი უნდა ეთამაშა". ესე იგი განსაკუთრებული არაფერი იქნება, დავასკვენი ჩემთვის.

თავდაპირველად მან მართლა ხუთი მცველით დაიწყო თამაში. მის ახლანდელ გუნდებს როცა უყურებ, ძალიან ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ მართლა ასე იყო. წლების მერე კანტონას შეფასება რომ მახსენდება, ყოველთვის მეღიმება.

90-იანების ბოლოს და ახალი საუკუნის პირველ წლებში "არსენალი" ჩვენი ძირითადი მეტოქე იყო. სხვა სერიოზული არავინ ჩანდა. "ნიუკასლმა" და "ლივერპულმა" მხოლოდ მცირე ხნით მოახერხეს გაბრძოლება, "ბლექბერნი" მხოლოდ საჩემპიონო სეზონში ბრწყინავდა. "ჩელსიში" მოურინიოს მისვლამდე, "არსენალის" გარდა ჩვენს დომინირებას არავინ დამუქრებია.

"არსენალის" უმაღლესი დონე ყოველთვის იძლეოდა ნერვიულობის საბაბს. ამ გუნდს ისტორია ყოველთვის უმაგრებდა ზურგს. თანაც მათ იდეალურად შერჩეული მწვრთნელი ჰყავდათ. არსენმა ინგლისში მუშაობის შანსი მიიღო თუ არა, იმდენად მოეწონა აქაურობა, რომ აქედან წასვლა აღარასოდეს უფიქრია.

ხშირად იწერებოდა, რომ შეიძლებოდა მას "რეალი" ჩაებარებინა, მაგრამ პირადად ფიქრადაც არასოდეს გამივლია, რომ ის "არსენალიდან" წავიდოდა. მეტიც, საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ ჯობდა, ვენგერთან ხანგრძლივი მეტოქეობისთვის ვყოფილიყავი მზად.

ის ყოველი თამაშის შემდეგ შემოდიოდა ჩემთან თითო ჭიქის დასალევად. ასე გრძელდებოდა პიცის სროლის ეპიზოდამდე.

Sportall.Ge

იმ დღეს (ლაპარაკია 2004 წლის 24 ოქტომბერზე რედ) თამაშის შემდეგ ვან ნისტელროი გასახდელში შემოვიდა თუ არა, გამომიტყდა, რომ ვენგერმა გვირაბში უხეშად მიმართა.

"მიხედე შენს ფეხბურთელებს", - ვუთხარი არსენს. გაბრაზებულს მუშტები ჰქონდა შეკრული. ამ ფრაზის შემდეგ პირველი, რაც მახსოვს იყო ის, რომ ვიღაცამ პიცა მომარტყა.

ამბობენ, რომ ეს ფაბრეგასმა გააკეთა, თუმცა დღესაც არ შემიძლია დანამდვილებით ამის თქმა...

ეს დღე გარკვეულწილად წყალგამყოფად იქცა ჩვენ შორის. ასე გრძელდებოდა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე, როცა
ვენგერმა თავის კაბინეტში დაგვპატიჟა და წარმატება მოგვილოცა.

"ოლდ ტრეფორდზე" მომდევნო თამაშის შემდეგ უკვე ვენგერი და პეტ რაისი მესტუმრნენ, თუმცა სულ რამდენიმე წუთით.

ფეხბურთში ხანდახან უაზრო კონფლიქტები ხდება. ზუსტად ისე, როგორც ოჯახში და ის მერე თავისით მიეცემა დავიწყებას. უბრალოდ, ცუდად მახსენდება, რომ ჩემი და ვენგერის უბრობის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

ამან ორივე ჩვენგანს მხოლოდ ზიანი მოუტანა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული