კაცი, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი იმსხვერპლა

AutoSharing Option
ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ განვლილ უქმეებზე ყველაზე დიდ რეზონანსს "სასუოლოსა"და "მილანის" პაექრობა გამოიწვევდა, მაგრამ ეს სწორედ ასე მოხდა - სერია A-ს დებიუტანტმა შავი დღე აყარა ლომბარდიულ გრანდს და სამივე ქულა თავისთან დაიტოვა. ქულები იქით იყოს და, თამაში გაჩაღდა ისეთი, გულგრილს რომ არავის დატოვებდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რასაც ორი გოლი მოჰყვა მასპინძელთა კარში. მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რობინიო მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარისაგან შორეული კუთხე
დალაშქრა, 0:1. დაახლოებით ხუთ წუთში მილანელებმა უკვე მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, რასაც გამოზომილი პასი და მარიო ბალოტელის უზუსტესი დარტყმა მოჰყვა, 0:2. სტუმრებმა თითქოს ირწმუნეს გამარჯვება და მოდუნდნენ, რაც ძვირად დაუჯდათ - სწორედ აქედან დაიწყო 19 წლის თავდამსხმელის, დომენიკო ბერარდის ბენეფისი...

ბერარდიმ პოკერი შეასრულა და ყველანაირი გემოვნების გოლი გაუტანა კრისტიან აბიატის: ჯერ მოატყუა მეტოქე და ისე შეაგორა ბურთი ბადეში, შემდეგ მცველს ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო და ჰაერიდან გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში; მერე იყო დასწრებაზე თამაში და ბოლოს საშუალო დისტანციიდან გამოზომილი, უზუსტესი დარტყმა. ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარსაათიან მონაკვეთში მოხდა, შემდეგ კი ვალმოხდილი ბერარდი სულაც დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

"მილანს" ჰქონდა დრო და ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. თუმცა მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ, მათ შორის, კეისუკე ჰონდას, რომელსაც მძიმე დებიუტი გამოუვიდა ახალი გუნდის შემადგენლობაში. მთლიანობაში, ეს იყო საოცარი, დრამატიზმით აღსავსე მატჩი, რომელმაც ტრიბუნებზე შეკრებილი 20 000 ქომაგი ექსტაზში მოიყვანა.

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ არ არსებობენ იოლი მეტოქეები და რომ ყველასთან მაქსიმალური მობილიზებით თამაშია საჭირო. დავინახეთ ისიც, რომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება, მაშინაც კი, როდესაც ორი ბურთის სხვაობით იგებ და თითქოს, თამაშიც მიგყავს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ".

ეუსებიო დი ფრანჩესკო (სასუოლო): "მე იმ "ლეჩეს" მწვრთნელი ვიყავი, რომელიც "მილანს" 3:0-ს უგებდა და შემდეგ 4:3 წააგო. ამიტომ კარგად ვიცი, რა მდგომარეობაშია მასიმილიანო ალეგრი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ბრწყინვალე მატჩი იყო, რომელშიც, საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ".

დომენიკო ბერარდი (სასუოლო): "ეს იყო თამაში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს ოჯახს, მეგობარ გოგოს და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, რომელსაც ბევრი გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდა. სწორედ მან გადმოგვიყვანა სერია A-ში და იმედი მაქვს, გუნდში კიდევ დიდხანს დარჩება. ჩვენს მწვრთნელს დიდი გული აქვს და მინდა ჩემი გოლებიც მას მივუძღვნა".

ბერარდის უჩვეულო რეკორდი
დომენიკო ბერარდი მთელი საფეხბურთო იტალიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული - ხუმრობა ხომ არაა, 19 წლის ფეხბურთელმა "მილანს" პოკერი შეუსრულა, ფაქტობრივად, მარტომ მოუგო თამაში და ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე აინაცვლა. თქმა არ სჭირდება, რომ დომენიკოს იტალიური ფეხბურთის გრანდებმა უკვე დაადგეს თვალი, მაგრამ "იუვენტუსმა" ყველას დაასწრო - ეს ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" საკუთრებაა და "სასუოლოში" იჯარით თამაშობს.

ბერარდიმ ერთი უჩვეულო რეკორდი დაამყარა: ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "მილანს", სერია A-ს არსებობის ისტორიაში, ერთ თამაშში ოთხი გოლი გაუტანა. თავად განსაჯეთ, რამდენ უდიდეს ვარსკვლავს უთამაშია "როსონერის" წინააღმდეგ და რამდენი შეხვედრა აქვს ლომბარდიულ გრანდს გამართული იტალიის ელიტარულ დივიზიონში, ერთი ფეხბურთელისგან კი ასე დაჩაგრული ჯერ არასდროს ყოფილა.

ალეგრის ზეედორფი შეცვლის
დასრულდა თუ არა "სასუოლო"-"მილანის" შეხვედრა, ბარბარა ბერლუსკონიმ მოკლე და ყველასთვის გასაგები კომენტარი გააკეთა: "ცვლილებების დროა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება". ლედი B - როგორც მას იტალიაში ეძახიან, ამჯერად კატეგორიული იყო და ყველაფერი ნათელი გახლდათ:

მასიმილიანო ალეგრის პოსტის დატოვება მოუწევდა. თავად მწვრთნელს არა ბარბარა, არამედ სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი შეხვდნენ. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ალეგრი მიდის, მის ადგილს კი კლარენს ზეედორფი დაიკავებს. განიხილება ფილიპო ინძაგის კანდიდატურაც. დიახ, "როსონერის" ცოცხალი ლეგენდა, რომელიც აქამდე იუნიორთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, განიხილებოდა კიდევ ორი კანდიდატურა: კლუბის ახალგაზრდულ გუნდთა კურატორი ფილიპო გალი და ბოლო წლებში "მილანის" მთავარი მწვრთნელების მუდმივი თანაშემწე მაურო ტასოტი, თუმცა არჩევანი ზეედორფზე შეჩერდა.

მოკლედ, "მილანის" ისტორიაში ახალი ერა იწყება, მასიმილიანო ალეგრის 3.5-წლიან მილანურ კარიერას კი მსუყე წერტილი დომენიკო ბერარდის პოკერმა დაუსვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული