საბედნიეროდ, ნასრის ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორც თავიდან ჩანდა და მას მხოლოდ 8 კვირა მოუწევს დასვენება. "ქალაქელთა" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აღშფოთებული იყო, ასე თამაში არ შეიძლება და რატომ არ გააძევეს იანგა მბივა, ვერ ვიგებო. თავად მცველი კი განცდებშია, ნასრის
"მინდოდა, სამირისთვის ბოდიში პირადად მომეხადა, მაგრამ ის უმალვე ჰოსპიტალში წაიყვანეს და ეს ვერ მოვახერხე. მერე მისი ტელეფონი გავიგე და რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ მაინც ვერ დავუკავშირდი. შემდეგ კი შეტყობინება გავუგზავნე, ბოდიში მოვუხადე და გამოჯანმრთელება ვუსურვე. დაკავშირებას კიდევ ვეცდები" - ამბობს 24 წლის იანგა-მბივა.
შეხვედრის მსვლელობისას ნერვები ვერ მოთოკა ფეთქებადი ხასიათის მქონე ალან პარდიუმაც. "კაჭკაჭების" მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთ ეპიზოდში არბიტრის მოქმედებით დარჩა უკმაყოფილო და მერე პელეგრინისაც გადასწვდა, რომლისადმიც არაკორექტული სიტყვებიც არ დაიშურა. თუმცა იგი მკაცრ სასჯელს გადაურჩა და დისციპლინარული კომიტეტისგან მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. პარდიუს, ალბათ, იმან უშველა, რომ მან მატჩის დამთავრებისთანავე საჯაროდ მოუბოდიშა პელეგრინის.
"ჩვენ დავუკავშირდით ალან პარდიუს და მკაცრი სიტყვიერი გაფრთხილება მივეცით. შევახსენეთ მისი სტატუსი და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მწვრთნელებს აქვთ აღებული" - ნათქვამია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საუცხოო ფორმაში მყოფმა იაია ტურემ წელი აიტკია და ამის გამო გუნდის რამდენიმე ვარჯიშს გამოტოვებს. საკუთარ "ტვიტერზე" ივუარელმა დაწერა, რომ სერიოზული არაფერია და იმედი აქვს, რომ მინდორს მალე დაუბრუნდება. ეიმედება პელეგრინისაც, რომ ტურე "კარდიფთან" თამაშს შეძლებს. ექიმები საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სამირ ნასრი 4 კვირა ვერ ითამაშებს