ედენის ანგარიშზე პრემიერლიგაში 9 გოლი (საუკეთესო შედეგი) და 5 საგოლე გადაცემაა (ასევე საუკეთესო მაჩვენებელი). ფეხბურთელის მიზანია, უახლოეს წლებში გაუთანაბრდეს კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის და "ოქროს ბურთისთვის" მებრძოლთა რიგებს შეუერთდეს. შეტევაში მისი პროდუქტიულობა, ასე ვთქვათ, დათვლადია, თუმცა ის არანაკლებ ეფექტურია დაცვაშიც. ასე რომ,
- ვაცნობიერებ, თუკი უფრო მეტს ვიშრომებ, სამომავლოდ შევძლებ რონალდოსთან და მესისთან კონკურენციას, მაგრამ გარანტია არ არსებობს, რომ ოდესმე მივაღწევ ამ სიმაღლეს. მათთან გატოლება რთული იქნება, თუმცა მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო, რადგან მინდა, ოდესმე მსოფლიოში საუკეთესო გავხდე.
რამდენიმე წლის წინ ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ თამაში იყო, რომლითაც სიამოვნებას ვიღებდი. სულაც არ მანაღვლებდა, რას ფიქრობდა და წერდა ხალხი ჩემზე. მას მერე, რაც "ჩელსიში" მოვხვდი, საკუთარი პოტენციალი უკეთ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ შემიძლია საუკეთესოთა შორის მოვხვდე. იქამდე კი ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი კარგი ფეხბურთელი ვიყავი.
ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ პიროვნულად გავიზარდე. თამაშის სტილი დიდად არ შემიცვლია, მაგრამ შემეცვალა დამოკიდებულება პროფესიის მიმართ. მივხვდი, რომ თუკი მიზნის მიღწევა მინდა, თამაშიდან თამაშამდე სტაბილურობა უნდა შევინარჩუნო. ვგრძნობ, რომ გუნდის სულ უფრო მნიშვნელოვანი წევრი ვხდები, რადგან შედეგიანად ვთამაშობ, მეტ პასებს ვარიგებ და შედეგად, გუნდიც კარგად ასპარეზობს.
ახლა ჩემგან უფრო მეტს ელიან, ვიდრე პირველ სეზონში. ამას ყოველდღიურად ვგრძნობ. მოდუნების შანსი არსებობს, მაგრამ პროფესიონალმა ფეხბურთელმა საკუთარი საჭიროება ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაამტკიცოს. მოურინიო ფეხბურთელებთან საკმაოდ ახლოს არის და როცა შენგან რაღაც სჭირდება, ამას გულწრფელად გეუბნება.
ხანდახან "ლილშიც" ვახერხებდი მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ მაშინ უფრო მეტად იმაზე ვზრუნავდი, რომ მაყურებელზე მომეხდინა შთაბეჭდილება. ამას ახლაც ვცდილობ ხოლმე, თუმცა არა გუნდის ინტერესების ხარჯზე. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო გუნდური მოთამაშე გავხდი, ნამდვილ პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.
ტრავმას იშვიათად ვიღებ, დიეტას მკაცრად ვიცავ, საკმარისად დიდხანს მძინავს და არასდროს არსად ვაგვიანებ. ვერავინ დამძრახავს, რომ ჩემი პროფესიისთვის არ ვცოცხლობ, რადგან ეს მართლა ასეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"