ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური: სუფრის თავში "მანჩესტერ სიტია" [VIDEO]

AutoSharing Option
29 იანვარს "მანჩესტერ სიტიმ", ინგლისის პრემიერლიგის XXIII ტურში, ლონდონის "ტოტენჰემს" სტუმრად ბრდღვინი ადინა და რადგანაც წინა დღეს "არსენალმა" "საუთჰემპტონთან" მხოლოდ ქულა იკმარა, მანუელ პელეგრინის გუნდი ცხრილს სათავეში მოექცა.

"სიტიდან" გოლები ლამის ყველამ გაიტანა, ვისაც არ ეზარებოდა. ლონდონელთა რბევა კი სერხიო აგუერომ შეხვედრის მე-15 წუთიდან დაიწყო, რასაც იაია ტურემ ზუსტი პენალტი მიაყოლა. მერე ედინ ჯეკო გამოირჩა, რომელსაც მხარი სტეფან იოვეტიჩმა და ვენსან კომპანიმაც აუბეს.

ერთადერთი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, ეტიენ კაპუს გოლი იყო და საბოლოოდ მათთვის კოშმარი ანგარიშში 1:5-ად აისახა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოდიშო საქმე
"ლივერპულმა" დერბიში 3-მატჩიან ფრეთა სერიას წერტილი დაუსვა და თანაც, მეტოქე სამაგალითოდ დასაჯა. სამბურთიანი სხვაობა თანაქალაქელთა შორის ბოლო წლებში იშვიათად, მაგრამ დაფიქსირებულა, თუმცა ამაზე შორს გუნდებს აღარ "შეუტოპავთ".

თავად წარმოიდგინეთ, "წითლებს" "ევერტონის" კარი 4-ჯერ 1991 წლის 20 თებერვლის შემდეგ არ აუღიათ, თუმცა ასოციაციის თასის მე-5 რაუნდის შეხვედრაში მაშინ საქმე მაინც პენალტებამდე მივიდა, რომელშიც გამარჯვებული მუდმივი ფავორიტი დარჩა. "ლურჯებმა" ამაზე უარესი სირცხვილი უკანასკნელად 1982 წლის 6 ნოემბერს იწვნიეს - 0:5.

ანგარიში სამშაბათსაც განმეორდებოდა, რომ არა დანიელ სტარიჯის თავდაჯერება. შტატიანმა პენალტისტებმა - სტივ ჯერარდმა და ლუის სუარესმა დუბლის ავტორს მესამე გოლის გატანის შანსი მისცეს, თუმცა დანიელის დარტყმა ხარიხას დიდი მანძილით გადასცდა. 71-ე წუთზე, როცა ბრენდან როჯერსმა სტარიჯი შეცვალა, მან მწვრთნელს მინდვრის კიდესთან ლამის საქმის გარჩევა დაუწყო, რაც, ცხადია, კამერებსაც არ გამოჰპარვიათ. შეხვედრის გმირმა 29 იანვარს დამრიგებელს ამის გამო ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

შეხვედრის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. "ევერტონის" ხულიგანმა ფანებმა ჯერ მასპინძელ ფეხბურთელებს დაუწყეს მონეტების სროლა, მერე ტრიბუნებზე მსხდომ გულშემატკივრებზე გადავიდნენ.

მთავარმა არბიტრმა მარტინ ატკინსონმა ყურადღება ამას მხოლოდ მას მერე მიაპყრო, რაც დარღვევაზე სუარესმა მიუთითა.

ლივერპულის პოლიციის განცხადებით, ისინი დეტალურად შეისწავლიან სტადიონის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს და ქმედების ჩამდენთ შესაბამის პასუხს მოსთხოვენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრენდან როჯერსი (ლივერპული):
"ვიცი, რომ დერბის დროს ტრიბუნებზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა. სწორედ ჩვენი გულშემატკივრების ხათრით ვითამაშეთ დღეს ასე კარგად.

დაცვაში ორგანიზებულად ვმოქმედებდით, მეტოქეს თავისუფალ სივრცეს, პრაქტიკულად, არ ვუტოვებდით, თავად კი კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფები ვიყავით. ოთხი გოლის გარდა, გატანის შანსი კიდევ რამდენჯერმე გვქონდა.

ვამაყობ თითოეული ფეხბურთელით, ვინც ამ ბრწყინვალე გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, რადგან ისინი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდნენ. ყოველი სამი ქულა მნიშვნელოვანია, თუმცა რამდენადაც პრინციპულია მეტოქე, მას იმდენად მეტი ფასი ედება. სამომავლოდ შედეგი, უპირველესად, ფსიქოლოგიურად წაგვადგება".


დიდი სამეული "ოლდ ტრეფორდზე"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "პალასთან" შეხვედრა, შეიძლება ითქვას, იოლად მოიგო. სასტარტოში გამოჩნდა ორიოდე დღის წინ ნაყიდი ხუან მატა, ვინც სადებიუტო შეხვედრაში ცოტა შებოჭილი კი გახლდათ, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ მაინც ჰქონდა გატანის შანსი. მას ერთხელ დევიდ მარშალმა აუღო არცთუ ძლიერად დარტყმული, მეორედ კი ესპანელს ძელიდან გადმოვარდნილზე შეეძლო დამატება, მაგრამ ბურთმა ახლოს ჩაუქროლა.

"ეშმაკების" ბანაკში კიდევ ორი სასიამოვნო ამბავი მოხდა: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა რობინ ვან პერსიმ. ჰოლანდიელმა 10 ნოემბრის შემდეგ ჩემპიონატში პირველად გაიტანა და თანაც, თავის სტილში. მეკარეს ერთხელ დაურტყა, დამატებაზეც ყველას დაასწრო და ამჯერად უკვე ზუსტი აღმოჩნდა.

მოედანს დაუბრუნდა უეინ რუნიც, თუმცა მას თავი ბევრით არაფრით გამოუჩენია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი):
"ჯერ კიდევ 1:0-ზე მქონდა იმედი, რომ მეორესაც სწრაფად გავიტანდით და მატჩის ინტრიგას საბოლოოდ დავასამარებდით. როცა ეს მაინც შევძელით, მერე მესამის გატანას ვნატრობდი.

შედეგით საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დავრჩი, რასაც ვერ ვიტყვი თამაშის ხარისხზე. დარწმუნებული გახლდით, რომ უკეთ ვითამაშებდით. რამდენიმე გარემოება სამომავლოდ მაინც იმედიანად განმაწყობს, თუნდაც ვან პერსისა და რუნის დაბრუნება, მატას დებიუტი. ყოველივეს გათვალისწინებით, მაქვს უფლება, უკეთეს ხასიათზე ვიყო.

მიმაჩნია, რომ დებიუტანტის კვალობაზე, მატამ შესანიშნავად ითამაშა. ის ბურთს კარგად იჭერდა და უნარიანად ანაწილებდა. დროდადრო მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მასთან გუნდი განსხვავებულად ათამაშდა, რაც მოსალოდნელიც არის, როცა ხუანი ჩვენთან ადაპტაციას დაასრულებს. მას განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლია "იუნაიტედში"
.

რომ არა შჩესნი
ცხრილის ლიდერს ზედიზედ მე-6 შეხვედრის მოგება შეეძლო, მაგრამ არათუ გამარჯვება, საკუთარი დაცვის შემხედვარე არსენ ვენგერს ლამის ქულაც კი სანატრელი გაუხდა.

2-3-ჯერ მოხდა, რომ "მეთოფეებს" საკუთარი საჯარიმოდანაც კი გაუჭირდათ ბურთის ამოტანა. მსგავს ეპიზოდებში უკანახაზელების შეცდომების გამოსწორება ვოიცეხ შჩესნის უწევდა.

პირველ ტაიმშივე იყო სტივენ დევისის ბრწყინვალე სოლო, როცა ჩრდილოირლანდიელმა საჯარიმოსთან სიახლოვეს ლამის მთელი გუნდი პირდაღებული დატოვა. ქულის გადარჩენას ლონდონელები თავიანთ მეკარესა და ინდივიდუალურ ოსტატობას უნდა უმადლოდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
არსენ ვენგერი (არსენალი):
"მიმაჩნია, რომ პირველ ტაიმში "საუთჰემპტონმა", ჩვენგან განსხვავებით, მაღალ დონეზე ითამაშა. აშკარა პრობლემები გვქონდა სისწრაფეში, რადგან ამ მხრივ მეტოქემ დაგვჩაგრა.

მეორე ნახევარში სიტუაცია გამოვასწორეთ. ზუსტად მაშინ, როცა ვფიქრობდი, რომ მესამე გოლის შანსი გვქონდა, კაცნაკლულები დავრჩით. ფლამინის გაძევების გარდა, არბიტრმა რამდენჯერმე კიდევ მიიღო საკამათო გადაწყვეტილება, თუნდაც მერტეზაკერისა და მონრეალის წინააღმდეგ წესების დარღვევისას.

ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, დღეს ყველანი ლამაზი სანახაობის მომსწრენი გავხდით. ჩემმა გუნდმა დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა ქულა მაინც დაიმსახურა"
.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური
29 იანვარი
ასტონ ვილა-ბრომვიჩი 4:3
გოლები: 0:1 ბრანტი (4), 0:2 დელფი (9-ს.კ-ში), 1:2 ვაიმანი (12), 2:2 ბაკუნა (24), 3:2 დელფი (38), 3:3 მულუმბუ (43), 4:3 ბენტეკე (64-პენ)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი (65. ჰოლტი), ვლაარი, კლარკი, ბერტრანი - ვესტვუდი, ელ აჰმადი (76. სილა), დელფი, ბაკუნა - ვაიმანი (80. ბეიკერი), ბენტეკე
ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი (76. ბერაინო), ლუგანო, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ, მორისონი, ბრანტი - ანიჩებე (80. ვიდრა), ანელკა (26. ამალფიტანო)
გაფრთხილება: ჰოლტი - ლუგანო, ბრანტი, ოლსონი
კარში დარტყმა: 10-11 (6-5) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 6-6 ჯარიმა: 15-10 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 36 083

ჩელსი-ვესტ ჰემი 0:0
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა (64. ლემპარდი) - მიკელი (64. მატიჩი), რამირესი - ვილიანი, აზარი, ოსკარი (80. ბა) - ეტოო
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - დემელი, ტომკინსი, კოლინსი, ობრაიენი - დიამე (30. ჯარვისი), ნოუბლი - ნოლანი (80. ნოჩერინო), დაუნინგი, მ. ტეილორი – კეროლი (64. კ. კოული)
გაფრთხილება: რამირესი - ობრაიენი, მ. ტეილორი, ნოლანი
კარში დარტყმა: 32-1 (7-1) კუთხური: 12-3 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 11-11 ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 41 376

სანდერლენდი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 ა. ჯონსონი (18)
სანდერლენდი (4-4-2): მანონე - ბერდსლი (46. ჩელუსტკა), ოში, ბრაუნი, ალონსო - კოლბეკი, კი, ლარსონი, ა. ჯონსონი (87. გარდნერი) - ალტიდორი (67. ს. ფლეტჩერი), ბორინი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - ნზონზი, უელანი - ადამი, ასაიდი (72. არნაუტოვიჩი), ოდემვინგი (90+1. გუიდეტი) – კრაუჩი (65. უოლტერსი)
გაფრთხილება: ბერდსლი, ბორინი - ნზონზი, ადამი, უილსონი
გაძევება: - ნზონზი (58)
კარში დარტყმა: 16-14 (6-5) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 16-15 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 34 745

ტოტენჰემი-სიტი 1:5
გოლები: 0:1 აგუერო (15), 0:2 ი. ტურე (51), 0:3 ჯეკო (54), 1:3 კაპუ (59), 1:4 იოვეტიჩი (78), 1:5 კომპანი (89)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, როუზი - დემბელე (46. კაპუ), ბენტალები - ლენონი, სიგურდსონი (55. ნაუტონი), ერიქსენი (83. ჰოლტბი) - ადებაიორი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ი. ტურე (64. ნასტასიჩი), ფერნანდინიო, დ. სილვა (80. კოლაროვი), ნავასი - აგუერო (46. იოვეტიჩი), ჯეკო
გაფრთხილება: ნაუტონი - ი. ტურე, დემიჩელისი, აგუერო, საბალეტა,
გაძევება: როუზი (50) –
კარში დარტყმა: 4-24 (2-10) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 11-10 ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 36 071

ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

მომდევნო ტური
1-ლი თებერვალი:
ნიუკასლი-სანდერლენდი, ვესტ ჰემი-სუონსი, კარდიფი-ნორვიჩი, ევერტონი-ასტონ ვილა, ფულჰემი-საუთჰემპტონი, ჰალი-ტოტენჰემი, სტოკი-მანჩესტერ იუნაიტედი

2 თებერვალი:
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული, არსენალი-კრისტალ პალასი

3 თებერვალი:
მანჩესტერ სიტი-ჩელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული