ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტურის შეჯამება და სიმბოლური: კვიცი, რომელიც ჭენებას ახლა სწავლობს

AutoSharing Option
მანუელ პელეგრინიმ ფერნანდინიოსა და ხავი გარსიას არყოფნის პირობებშიც კი არ ანდო ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯეკ როდუელს და საყრდენ ნახევარმცველად მარტინ დემიკელისი გაამწესა, ვისაც ამ პოზიციაზე ბოლოს "ბაიერნში" ჰქონდა ნათამაშები. არადა, არგენტინელი მიუნხენიდან 3 წლის წინ წავიდა.

თამაშის დასრულების შემდეგ "ქალაქელთა" დამრიგებელი სწორედ საკადრო პრობლემებს უჩიოდა. არადა, გასათვალისწინებელია, რომ მას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ლიდერების გარეშე მოუწევს ტვირთის ზიდვა.

მანუელ პელეგრინი: "ჩვენ მხოლოდ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, მაშინ, როცა მეტოქემ 2-3-ჯერ მოარტყა ხარიხას. აგუეროსა და ფერნანდინიოს გარეშე ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა
დაგვაკლდნენ ნასრიც და გარსიაც. ამხელა დანაკარგების ფონზე შუა ხაზში სერიოზული ცვლილებები დაგვჭირდა. ჩვენგან განსხვავებით, "ჩელსისთვის" ეს გადამწყვეტი მატჩი იყო, რადგან წაგების შემთხვევაში, 6 ქულით ჩამოგვრჩებოდნენ. ჯერ არაფერიც არ არის გადაწყვეტილი, რადგან წინ 39 ქულაა გასათამაშებელი"
.

ჟოზე მოურინიო: "ჩელსი" ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, ასეთი თამაშები კი უმნიშვნელოვანესია ამ გზაზე. ჩემი გუნდი ისეთ კვიცს ჰგავს, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა და ჭენებასაც მხოლოდ ახლა სწავლობს. ვფიქრობ, კვიცი მომავალ წელს უკვე მზად იქნება დიდი რბოლებისთვის.

დღეს ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით როგორც ტაქტიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. გრანდთან მოგება ორმაგად დასაფასებელია, რადგან ის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წინ უდიდეს გამოცდილებას გვძენს. ყველამ თავისი განსაკუთრებული როლი ითამაშა, დემბა ბამაც კი, ვინც მხოლოდ 30 წამი გაატარა მოედანზე. უკანასკნელ წამებზე მან კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გამოიტანა საჯარიმოდან"
.

ტურის ფაქტები
"ლივერპულმა" ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
"ლივერპულმა" 44-დან 38 გოლი პირველ ტაიმებში გაიტანა.
დენიელ სტარიჯმა ჩემპიონატში 16 შეხვედრაში 13-ჯერ გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში. სტუმრად მან 7-ჯერ გამოიჩინა თავი, რაც ასევე საუკეთესოა პრემიერლიგაში.
"ვესტ ბრომვიჩს" პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 11 ფრე აქვს.

***
"არსენალმა" "ემირეიტსზე" ბოლო 21 მატჩიდან 15-ში იმარჯვა.
"არსენალის" მიერ პირველ ტაიმში გატანილი უკანასკნელი გოლიდან ("ჰალთან") ზუსტად 2 თვე გავიდა.
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს ჩემპიონატში სულ 5 გოლი აქვს გატანილი და ყველა "ემირეიტსზე".
"ემირეიტსზე" უკანასკნელი 8 მატჩიდან 7-ში "არსენალმა" კარი მშრალად შეინახა, აქედან 4-ჯერ ზედიზედ.
"არსენალის" ორი ფეხბურთელი ასცდა 100 პასს - მიკელ არტეტა (127), მესუთ იოზილი (102).
"კრისტალ პალასმა" სტუმრად 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერლიგაში.

***
ძმებმა შოლა და სემი ამეობებმა "ნიუკასლის" ძირითადში გვერდიგვერდ პირველად ითამაშეს.
ადამ ჯონსონმა პრემიერლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა. 2014 წელს პრემიერლიგაში ის ყველაზე შედეგიანად თამაშობს: 5 თამაშში, 6 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.
ჩემპიონატში "შავი კატების" წაუგებელი სერია 5 თამაშამდე ავიდა (3მ, 2ფ), გასვლაზე კი 6 მატჩია, არ დამარცხებულან (3მ, 3ფ).
"ნიუკასლი" "სენტ ჯეიმს პარკზე" ზედიზედ 3-ჯერ დამარცხდა ისე, რომ გოლი არ გაუტანია.

***
ენდი კეროლის ბოლო 11 საგოლე გადაცემიდან 6 კევინ ნოლანმა გამოიყენა.
კეროლმა პრემიერლიგაში 113-ე შეხვედრაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.
აღნიშნული წითელი ბარათი პირველი იყო "სუონსის" მონაწილეობით გამართულ ბოლო 77 მატჩში, მოყოლებული 2012 წლის 31 იანვრიდან.
კევინ ნოლანმა 2:0 თავურით გახადა. "ვესტ ჰემი" უკანასკნელი იყო, ვისაც მიმდინარე სეზონში ამ გზით არ ჰქონდა გატანილი.
"სუონსის" "ვესტ ჰემთან" 11 შეხვედრაში 9 წაგება და 2 ფრე აქვს.

***
"კარდიფთან" მე-5 წუთზე რობერტ სნოდგრასის გოლი "ნორვიჩისთვის" ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა, მოყოლებული 2011 წლის 15 ოქტომბრიდან.
კრეიგ ბელამი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერლიგაში მე-7 გუნდის შემადგენლობაში გაიტანა.
კარდიფელ კენუაინ ჯონსს პრემიერლიგაში 3 გუნდის რიგებში უთამაშია. სადებიუტო შეხვედრაში მან სამჯერვე გაიტანა.
"კარდიფმა" პირველი და მეორე გოლები 73 წამის ინტერვალით გაიტანა. დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში აქამდე ჯერ არავის ჰქონდა გატანილი.

***
ევერტონელმა სტივენ ნეისმიტმა ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაიტანა.
"ასტონ ვილასთან" 2:1 "ევერტონისთვის" საიუბილეო მე-300 მოგება აღმოჩნდა პრემიერლიგაში.
მერსისაიდელებს "გუდისონ პარკზე" ბოლო 21 შეხვედრაში 15 მოგება, 5 ფრე და 1 წაგება აქვთ.

***
"ფულჰემი" მე-6 გუნდია, ვისაც 24 ტურში 17 წაგება დაუგროვდა. წინა 5-დან ჩემპიონატი ყველამ ცხრილის უკანასკნელ საფეხურზე დაასრულა.
"ფულჰემი" პირველი გუნდია პრემიერლიგაში, ვისაც 24 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ფრე აქვს.
საუთჰემპტონელმა რიკი ლამბერტმა "წმინდანების" რიგებში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
"ფულჰემმა" მიჯრით მე-9 შეხვედრაში გაუშვა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია მიმდინარე სეზონში.

***
ტიმ შერვუდის ხელმძღვანელობით, "ტოტენჰემმა" ჩემპიონატში მე-8 თამაში ჩაატარა. გუნდს უგოლოდ მოედანი ჯერ არ დაუტოვებია.
"ტოტენჰემმა" დაასრულა სტუმრად მოგებათა 5-მატჩიანი სერია.
პაულინიოს ჩემპიონატში 3 გოლი აქვს გატანილი და ყველა სტუმრად.

***
ჩარლი ადამს პრემიერლიგაში 7 გოლი დაუგროვდა. შოტლანდიელს 5 გოლი აკლია კარიერის საუკეთესო შედეგამდე (2010/11, ბლექპული, 12 გოლი).
რობინ ვან პერსიმ "სტოკს" ზედიზედ მე-8 შეხვედრაში გაუტანა. მსგავსი სერია პრემიერლიგის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია კონკრეტულ გუნდთან.
"იუნაიტედი" პირველად დამარცხდა შეხვედრაში, რომელშიც ვან პერსიმ გაიტანა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" 1989/90-ის სეზონის შემდეგ 24 ტურში 8 წაგება აღარ ჰქონია.

***
ბრანისლავ ივანოვიჩს 21 გოლი აქვს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში. "სიტისთან" პირველად მოხდა, რომ სერბმა ეს მარცხენა ფეხით გააკეთა.
"სიტის" "ეტიჰადზე" ზედიზედ 61 შეხვედრაში ჰქონდა მინიმუმ 1 ბურთი გატანილი. "ქალაქელებს" "იუნაიტედის" რეკორდამდე 5 მატჩი დააკლდათ.
"სიტის" საკუთარ მოედანზე ბოლოს გასული წლის 19 მაისს "ნორვიჩთან" ჰქონდა წაგებული.
საუკეთესო ოთხეულში მყოფ გუნდებთან "ჩელსიმ" 4 შეხვედრაში 10 ქულა აიღო.
2008 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, "ჩელსიმ" ზედიზედ მე-4 გასვლით შეხვედრაში არ გაუშვა.

XXIV ტურის სიმბოლური ნაკრები
ვიტო მანონე (სანდერლენდი) - ფილ ბერდსლი (სანდერლენდი), ბენ ტერნერი (კარდიფი), მარკ უილსონი (სტოკი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი) - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), ჩარლი ადამი (სტოკი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი) - რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ფაბიო ბორინი (სანდერლენდი)

სტატისტიკა XXIV ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
23 - ლუის სუარესი (ლივერპული)
15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
14 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
12 - იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
11 - ლოიკ რემი (ნიუკასლი)

საუკეთესო მეპასეები
8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მესუთ იოზილი (არსენალი)
7 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ლუის სუარესი (ლივერპული), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

გოლი+პასი
30 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 23+7
20 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 15+5
17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+8, დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 14+3

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
11 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)
9 - მატიე დებუში (ნიუკასლი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), მატიო ფლამინი (არსენალი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული