ვარსკვლავი. ედენ აზარი: ბელგიელი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
შაბათს "ჩელსიმ" ასოციაციის თასის 1/4-ფინალის საგზური "მანჩესტერ სიტის" დაუთმო, რამაც დედაქალაქელებს გული დასწყვიტათ. პრემიერლიგის 24-ე ტურისგან განსხვავებით, "ეტიჰადზე" მასპინძელმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, რისი უარყოფა ჟოზე მოურინიოსაც კი არ უცდია. უკმაყოფილო დარჩა ედენ აზარიც. ბელგიელმა მატჩის შეფასება ორშაბათს "ჩელსის" ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში სცადა.

- იმედი გვქონდა, რომ "ეტიჰადზე" იმავე დონეზე შევძლებდით თამაშს, როგორც ეს ჩემპიონატში მოვახერხეთ, თუმცა რეალურად სულ სხვაგვარი თამაში ვიხილეთ. გუნდურად ბევრად უფრო სუსტად გამოვიყურებოდით. ვერ ვბრწყინავდით ვერც ინდივიდუალურად. პირადად მე რაც შემეხება, კარგად ნამდვილად არ მითამაშია. ეს ფეხბურთია
და მსგავსი რამეები ხდება. შეუძლებელია ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზე ასპარეზობა.

ვერ გეტყვით, შესაძლოა, იმის ბრალიც იყო, რომ თავდაჯერება გვაკლდა. მასპინძელმა ორივე ტაიმი ერთნაირად კონცენტრირებულმა ითამაშა და ორივე გოლი დაიმსახურა. შეხვედრის განმავლობაში ბევრი მომენტი არ შექმნილა, თუმცა "სიტიმ" თავისი შანსები იდეალურად გამოიყენა, რაზეც ჩვენ ვერა და ვერ მოვახერხეთ ღირსეული პასუხი.

გამოსავალი ის არის, რომ ვარჯიში ძველებურად უნდა განვაგრძოთ. უქმეებზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის "ევერტონთან". ამიერიდან ყურადღება მთლიანად ამ თამაშზე უნდა გადავიტანოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული