"ლივერპული": რეალისტი ბრენდან როჯერსი

AutoSharing Option
ბოლო ინფორმაციით, ბრენდან როჯერსის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც იმ ცნობებმა დაამშვიდეს, რომ ხელმძღვანელობა ჩრდილოირლანდიელ მწვრთნელს ნდობას უცხადებს და მის გაშვებას არ აპირებს. თუმცა მერსისაიდელების ძალიან ცუდი შედეგების გამო ამაზე საუბარი მაინც გრძელდება.

"ლივერპულს" ტრავმების მხრივაც არ უმართლებს, მაგრამ როჯერსი ამით თავს ვერ გაიმართლებს და არც ცდილობს ამის გაკეთებას. "ენფილდის" ბინადართა მდგომარეობას უკვე კატასტროფული ეთქმის.

მისტერ ბრენდანმა "კრისტალ პალასთან" მარცხის მერე აღნიშნა, სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებო და ისიც დასძინა, ისეთი თავდაჯერებული სულაც არ ვარ, რომ ვთვლიდე, ჩემს პოსტს არაფერი ემუქრებაო.

"ხელმძღვანელობასთან
მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ყოველთვის პირდაპირები ვართ ერთმანეთთან. რასაკვირველია, არ ვთვლი, რომ არაფერი მემუქრება, ასეთი თავდაჯერებული არ ვარ. ნებისმიერმა მწვრთნელმა იცის, რომ მისი მომავალი შედეგებზეა დამოკიდებული, თანაც, როდესაც "ლივერპულის" მსგავს გუნდზე ვსაუბრობთ.

თავიდან შედეგი გვქონდა, მაგრამ ცუდად ვთამაშობდით. მერე თამაშიც გამოვასწორეთ და შედეგიც იყო, ახლა კი რთული პერიოდი გვაქვს. პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე ვიღებ. სიტუაცია რაც შეიძლება დროულად უნდა გამოვასწოროთ, რადგან უკვე რთულ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი, რაც მოგვდის, ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და გამოსავალიც ერთად ვიპოვოთ" - თქვა როჯერსმა.

"ლივერპულის" წარუმატებლობებს თავისი მიზეზები აქვს. მათგან ორი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავარ შენაძენად მიჩნეული მარიო ბალოტელი გოლების გატანას ვერ ახერხებს, ხოლო დანიელ სტარიჯმა ვერაფრით მოიშუშა ტრავმა. იტალიელი პრესაზეა გაბუტული, ხოლო სტარიჯი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ იმაზე მალე დაბრუნდება, ვიდრე ბევრს ჰგონია და ეს რთული პერიოდი კიდევ უფრო გააძლიერებს.

"მესმის, რომ ადამიანებს, რომლებსაც მოვწონვარ ან არ მოვწონვარ, ჩემ შესახებ ამბები აინტერესებთ. თუმცა არავის აინტერესებს, როგორ ვარ სახლში პატარა ქალიშვილთან ერთად. მათ უნდათ გაიგონ, როგორ დავამტვრიე მანქანა.

პრესის მიზანი კი უფრო მაღალი ტირაჟია, რის გამოც ჟურნალისტები ათას სისულელეს და ტყუილს იგონებენ. მესმის, რომ ფორვარდისთვის მთავარი გოლებია და ისიც მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი და მინდორზე გასულმა 20 წუთში გავიტანე, ქომაგებმა მაშინვე შემიყვარეს.

თუმცა ამჟამად გატანა არ გამოდის და იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება. ძალიან მიხარია, რომ "ლივერპულში" ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ფანებს, რადგან ისინი საოცარ ატმოსფეროს ქმნიან და ასევე მადლიერი ვარ გულშემატკივრების იმ გამხნევებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ვგრძნობ. ჩემი შემდეგი გოლი 80%-ით მათი დამსახურება იქნება. ფანების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მათ ჩემი სჯერათ" - განაცხადა ბალომ გაბუტვამდე.

"ვიზრდები, როგორც პიროვნება და როგორც სპორტსმენი. მსგავს სირთულეებს ცხოვრებაში ყველა აწყდება. ჩემთვის ეს კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც უნდა გადავლახო, კიდევ ერთი კარია, რომელიც უნდა შევამტვრიო. მალე დავბრუნდები, თამაშს მოწყურებული და უფრო ძლიერი. ყველას მადლობა გვერდში დგომისთვის" - წერს სტარიჯი საკუთარ "ინსტაგრამზე".

ამასობაში, ფილ ნევილი, რომელიც ექსპერტად გარდაიქმნა და საინტერესო კომენტარებსაც აკეთებს ხოლმე, მიიჩნევს, რომ "ლივერპულისგან" წინა, საუცხოო სეზონის მერე გადამეტებული მოლოდინი იყო და "ენფილდის" ბინადართა წარუმატებლობა სინამდვილეში არც ისეთი დიდი სენსაციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული