სალაჰი და ჩეხი ლონდონის "ჩელსიდან" წავლენ?

AutoSharing Option
მოჰამედ სალაჰს სათამაშო დრო და პრაქტიკა სჭირდება, რის გამოც ჟოზე მოურინიო მზად არის, ეგვიპტელი ნახევარმცველი იანვარში გაანათხოვროს. სალაჰს მსურველები ბუზებივით ესევიან და ალბათ, დროებითი თავშესაფრის მოძებნა არ გაუჭირდება. ამ წუთისთვის, "ბაზელის" ყოფილი ფეხბურთელის თავის ბანაკში ხილვა "სანდერლენდს", "ევერტონს", "ქუინზ პარკ რეინჯერსსა" და "სტოკ სიტის" სწადიათ.

თავად მოურინიოს კი რომან აბრამოვიჩი ახალ შეთანხმებას უმზადებს. ბოლო დროს პრესაში წარმოუდგენელი ჭორები ვრცელდება და ერთ-ერთი მათგანი "განსაკუთრებულის" "ბარსელონაში" შესაძლო გადაბარგებაა.

თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო და სანამ კოცონი აგიზგიზებულა, "ლურჯების" ხელმძღვანელობას მისი ბოლომდე ჩაქრობა
უნდა. ამბობენ, მოუსთან მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყებაო.

პეტრ ჩეხს კი კონტრაქტის გაგრძელება კი არა, ალბათ, გუნდის გამოცვლა ემუქრება, რადგან 32 წლის გოლკიპერი არ აპირებს, მეორე ნომრობას შეეგუოს და ტიბო კურტუას დუბლიორი იყოს. შესაბამისად, მისი მსურველები უცბადვე დაფაცურდნენ და ჩეხს თავისთან იწვევენ.

"ჩაფხუტიანი არისტოკრატის" მთხოვნელთა სიას "პარი სენ-ჟერმენი" და "მილანი" დაემატნენ. ჩეხი ახალ გუნდს ალბათ იმ პრინციპით შეარჩევს, სადაც თამაში განაღდებული ექნება.

"ჩელსიზე" ვსაუბრობთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბრაზილიელმა ჰალკმა დაადასტურა, რომ "სტემფორდ ბრიჯიდან" მისდამი ინტერესი იყო და ლონდონში გადაბარგების შანსი ჰქონდა, მაგრამ უარის თქმა იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა შეიძლებოდა არ ჰქონოდა, ეს კი "ზენიტის" თავდამსხმელის გეგმებში არ შედიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული