"მანჩესტერ იუნაიტედი": ჩემპიონობა?

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, თანაც "ლივერპულთან" პრინციპულ დაპირისპირებაში და ზოგი უკვე ისე გათამამდა, რომ "ალისფერების" ჩემპიონობაც კი ახსენა.

თუმცა ლუი ვან გაალმა ყველაზე უკეთ იცის, რომ საქმე ასე მარტივად არ არის და სამუშაო კიდევ ბევრია, რადგან თუნდაც ამ მოგებულ შეხვედრებში "წითელი ეშმაკების" თამაშში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და 63 წლის სპეციალისტს მათი გამოსწორება უნდა.

"მიხარია, მაგრამ შემდეგი მატჩი "ასტონ ვილასთან" გვაქვს გასვლაზე, ხოლო საგარეო შეხვედრებში გარკვეული პრობლემები გვექმნება ხოლმე და ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად უნდა მოვემზადოთ. შედეგი
დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მომატება კიდევ შეგვიძლია.

ბურთს ტყუილად ვკარგავთ და მეტოქეს შანსებს ვჩუქნით. "ლივერპულსაც" შევაქმნევინეთ მომენტები და მეორე ტაიმში სივრცეს ვერ ვიყენებდით, ამის მაგივრად ბურთს ვკარგავდით ადვილად. უნდა ვკითხო ფეხბურთელებს, რატომ ხდებოდა ეს.

მართლაც უნდა მოვუმატოთ, რადგან ასე თუ ისე, კმაყოფილი მხოლოდ ქპრ-სთან და "ჰალთან" მატჩების მერე ვიყავი, რომლებსაც 90 წუთი ვაკონტროლებდით. მატჩებში სრულად დომინირება და თამაშის მოკვლა უნდა დავიწყოთ" - თქვა ვან გაალმა.

წარმატების საიდუმლო: კერიკი
"ლივერპულთან" შეხვედრაში გოლები უეინ რუნიმ, რობინ ვან პერსიმ და ხუან მატამ გაიტანეს. ამას დავიდ დე ხეას მორიგი საუცხოო "სეივები" დაემატა.

მალე ტრავმას მოიშუშებს ანხელ დი მარია... ერთი სიტყვით, პირველ პლანზე სწორედ ეს მოთამაშეები ხვდებიან, მაგრამ დიტმარ ჰამანს თავის ანალიტიკურ ჩანახატში მიაჩნია, რომ მაიკლ კერიკმა არავისზე ნაკლები წვლილი არ შეიტანა "წითელი ეშმაკების" გამარჯვებაში, მათ შორის, "ლივერპულთან" შეხვედრაშიც.

"ერთადერთი პრობლემა, რომელსაც კერიკი ვან გაალს უქმნის, ის არის, რომ მაიკლი მხოლოდ ერთია, არადა, მწვრთნელი მას სიამოვნებით დააყენებდა დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც. არც გამკვირვებია, რომ მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა ზედიზედ მიაბა გამარჯვებები.

კერიკი საკვანძო ფიგურაა და ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ ჩანდეს, მაგრა ეს ფაქტია" - თქვა ჰამანმა, რომლის სიტყვებიც სტატისტიკითაც მყარდება.

ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია დავამატოთ, რომ "ჩელსი" და "სიტი", რა თქმა უნდა, ფავორიტებად რჩებიან და "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს ჯერ კიდევ მართლაც ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, მანჩესტერელებმა პირველობისთვის გაიბრძოლონ, რადგან... ფაქტია, "იუნაიტედს" მოგება მაშინაც გამოსდის, როდესაც ცუდად თამაშობს. გუნდმა ამდენი ტრავმისა და ექსპერიმენტის ფონზეც შეძლო ასე თუ ისე სტაბილური შედეგის ჩვენება და უშუალო კონკურენტებთან არცთუ ურიგო შთაბეჭდილება დატოვა. ბევრი რამ ამ დატვირთულ საშობაო-საახალწლო პერიოდზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული