"ლივერპულის" ნახევარი საუკუნე - ვინ გადახარშავს და ვინ გადაიხარშება?

AutoSharing Option
50 წელი, ანუ მთელი ნახევარი საუკუნეა, "ლივერპულს" ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია, 1964/65 წლების სეზონის შემდეგ მერსისაიდელებს 16 ქულის მერე ასე ცოტა ქულა არ ჰქონიათ. ვითვალისწინებთ იქიდან მოყოლებულ სტატისტიკას, როდესაც გამარჯვებისთვის გუნდებს უკვე 3 ქულა ენიჭებოდათ.

"ენფილდის" ბინადართა ჩავარდნაზე, ბრენდან როჯერსის დაბნეულობასა და პრობლემებზე, მეკარის ფაქტორსა და სხვა დანარჩენზე აქტიურად გრძელდება საუბარი. ბევრს მიაჩნია, რომ გუნდში ახლა ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი და არეულობაა, რომ სიტუაციის ამავე ქვაბში გადახარშვა და გამოსწორება შეუძლებელია. თუმცა როჯერსი ოპტიმისტი კაცია და მიაჩნია, რომ ყველაფერი კარგად
იქნება, თანაც უარყოფს იმ ფაქტს, რომ თითქოსდა მის გუნდში ჰარმონია იყოს დარღვეული.

"ამ მითქმა-მოთქმას აქამდეც მოვკარი ყური და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს გასახდელში ბრწყინვალე მდგომარეობა და ფსიქოლოგიური პრობლემები არ გვაქვს, არც ჰარმონია დარღვეულა და დაძაბულობა არ შეინიშნება.

უბრალოდ, ეს ის ჟინიანი და შემართული ფეხბურთელები არიან, რომლებმაც წინა სეზონში კინაღამ ლიგა მოიგეს და ცხადია, ამდენი წაგება არ ესიამოვნებათ. თუმცა, მთლიანობაში, საბრძოლო განწყობა შენარჩუნებულია და მეტი თავდაჯერებისთვის წარმატებული სერია გვჭირდება. მჯერა, სეზონის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება" - ამბობს როჯერსი.

ბალოტელი
ლუის სუარესის წასვლის მერე "ლივერპულში" ბევრი რამ რომ შეიცვლებოდა, ფაქტი გახლდათ, მაგრამ ამ დიდი ისტორიის მქონე გუნდმა წინა სეზონში ისეთი ცეცხლი დაანთო, წარსული გამარჯვებებით დატოვებული ნაკვერჩხალი ქომაგების გულებში გააღვივა და ისინი მადაზე მოიყვანა. ამიტომაც ფანები ასეთ შედეგებს ვერაფრით ეგუებიან. არ გაამართლა მარიო ბალოტელის ტრანსფერმა და არ გაუმართლა როჯერსს არც დანიელ სტარიჯმა, ჯანმრთელობის მხრივ.

"ვიცოდით, რომ განსხვავებული სეზონი გვექნებოდა. შეიცვალა შემადგენლობა, დინამიკა... სიტუაციის დალაგებას დრო სჭირდება. მწვრთნელებსაც ყოველთვის აქვთ რთული პერიოდები, მაგრამ მე, როგორც საკუთარ შესაძლებლობებში ვარ დარწმუნებული, ასევე, ჩემი შტაბის და ფეხბურთელების. განწყობა პოზიტიური გვაქვს. უბრალოდ, სულ ცოტა იღბალი გვჭირდება და როდესაც ზედიზედ მივაყოლებთ წარმატებულ თამაშებს, ყველაფერი დალაგდება.

რაც შეეხება ცალკეულ მოთამაშეებს, მათ შორის ბალოტელის, მწვრთნელის მიზანი ყოველთვის მაქსიმუმის მიღებაა. სანამ მარიო კლუბშია, იგივე იქნება მასთან მიმართებაშიც" - დასძინა როჯერსმა და ამ სიტყვებშიც, კერძოდ, "სანამ მარიო კლუბში იქნება" შეგვიძლია გარკვეული ქვეტექსტის ამოკითხვა.

მეკარის საკითხი
რაც შეეხება მეკარის საკითხს, ალბათ, გახსოვთ, რომ "ლივერპულს" გილერმო ოჩოას ადრეც უკავშირებდნენ, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა და თანაც, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ყველას "მალაგამ" აჯობა და მექსიკელი მეკარე, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, ხელში ჩაიგდო.

მოულოდნელად, ოჩოა ესპანურ გუნდში სათადარიგო გოლკიპერად მოგვევლინა და ამით დიდად ბედნიერი არ არის, რის გამოც და არამარტო ამის გამო "ენფილდზე" გადასვლას ალბათ სიხარულით დაყაბულდება. ტრანსფერი 3 მილიონ ფუნტად ფასდება. ადრე მერსისაიდელები ვიქტორ ვალდესსაც უტრიალებდნენ, რომელიც ახლაც თავისუფალი აგენტია და "ბარსელონას" ყოფილი გოლკიპერის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ვალდესი, რომელსაც მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდა, ახლა სარეაბილიტაციო პერიოდის უკანასკნელ ფაზას გადის და მალე სრულ მზადყოფნაში იქნება. იგი ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ვარჯიშობს და შემოთავაზებებს ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული