სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძველ გვარდიას აქებს

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონის აზრი ნებისმიერ საკითხზე საინტერესოა, მით უმეტეს, ფეხბურთზე და მით უმეტეს, უშუალოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე". შოტლანდიელმა სპეციალისტმა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელ მდგომარეობასა და უშუალოდ რამდენიმე ფეხბურთელზე გააკეთა კომენტარი და გამოთქვა აზრი. ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ იგი უფრო დიდი სიმპათიით "ძველი გვარდიისადმი", მისი კადრებისადმია განწყობილი.

"ვფიქრობ, მაიკლ კერიკი ინგლისურ ფეხბურთში უძლიერესი ცენტრალური ნახევარმცველია. ამ წუთას ის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია" - ამბობს ლეგენდარული შოტლანდიელი.

როგორც ხედავთ, კერიკმა კიდევ ერთი დიდი კომპლიმენტი მიიღო. რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ კი, პარასკევს იგი "მანჩესტერ იუნაიტედის"
ვიცე-კაპიტანი გახდა და ლუი ვან გაალმა მას "ჩემი კაპიტანი" უწოდა. ბოლო პერიოდში ეს საყრდენი ბევრ კომპლიმენტს იღებს და აბსოლუტურად დამსახურებულად, იგი გუნდს ძალიან ეხმარება და თუ საჭიროა, დაცვის ცენტრშიც დგება ხოლმე. ზოგადად, მანჩესტერელებს აღმასვლა სწორედ მას მერე დაეწყოთ, რაც იგი ტრავმის მერე მინდორს დაუბრუნდა.

"იგი ძალიან გამოცდილია და ჩვეულ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ამავდროულად, კომპოზიტორია და ბევრის მოფიქრება შეუძლია. იგი მინდორზე ჩემი ფილოსოფიის გადამტანი და გამტარებელია" - თქვა ვან გაალმა.

ჩვენ კი სერ ალექსს დავუბრუნდეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ "მანჩესტერის" რეალური ძალა მას მერე გამოჩნდება, რაც გუნდს დაშავებული ფეხბურთელები დაუბრუნდებიან.

"ვერ ვხვდები, როგორ აპირებს ლუი ვან გაალი კარგი შედეგების ჩვენებას ამდენი ტრავმირებული მოთამაშის ფონზე. როდესაც მას საჭირო მოთამაშეები დაუბრუნდებიან და სრული შემადგენლობა ეყოლება, "მანჩესტერს" მერე დავაკვირდეთ. იგი ბრწყინვალე მწვრთნელია და კარგი შედეგი ექნება. დიდად არც ვაკვირდები და არ მაინტერესებს, როგორ გამოიყურებიან ახალი ფეხბურთელები, რომლებიც ვან გაალმა გუნდში მოიყვანა, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ.

როდესაც იანვარში პატრის ევრა და ნემანია ვიდიჩი მოვიყვანე, მათ დაახლოებით 5 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კულტურა, სტილი და ისტორია გაეთავისებინათ. იგივე სიტუაციაა ახლაც" - ამბობს ფერგიუსონი.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, თუ მთავარი არა, რომელზეც ყველა აღმატებულად საუბრობს, დავიდ დე ხეაა. ესპანელი გოლკიპერის საუცხოო ნახტომებმა "იუნაიტედს" ძალიან ბევრი ქულა გადაურჩინა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს იგი სწორედ ფერგიუსონმა შეიძინა.

"მიუხედავად პრობლემებისა და ტრავმებისა, "მანჩესტერს" ისევ ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც გუნდში ამინდს ქმნიან. დააკვირდით რობინ ვან პერსის. შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატმა იგი ცოტა გამოფიტა, მაგრამ უმატებს და მეორე წრეში მოწოდების სიმაღლეზე იქნება. უეინ რუნი ისევ დაფრინავს, მისგან გოლებს მუდამ უნდა ელოდო.

ასეთი გოლეადორის და ფიგურის გუნდში ყოლა ყოველთვის უპირატესობაა. ყველაზე მეტად კი დავიდ დე ხეას ფანტასტიკური თამაში მსიამოვნებს. როდესაც ის მოვიყვანეთ, პატარა ბიჭი იყო და ძალიან გამხდარი, თუმცა ვიცოდით, რომ საოცარი ტალანტის პატრონი გახლდათ და ახლა აჩვენებს კიდეც ამას. ასე რომ, როდესაც შემადგენლობა სრულ მზადყოფნაში იქნება, "მანჩესტერი" ბევრად უკეთ ათამაშდება და სიტუაცია საბოლოოდ დალაგდება" - დასძინა ფერგიუსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული