ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ: ვის რა შეხვდება "ბოქსინგ დეიზე"?

AutoSharing Option
"ბოქსინგ დეიზე" პირველები საჩუქრებს "ჩელსი" და "ვესტ ჰემი" გახსნიან.

"ლურჯები" ფავორიტები არიან და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობაც აქვთ, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩაქუჩების" ბოლო სტუმრობა, "ჩელსის" სერიოზული დომინაციის მიუხედავად, ფრედ, 0:0 დასრულდა და სწორედ იქიდან დაიწყო სემ ალარდაისის აღმასვლა. "დიდმა სემმა" გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა და ამ წუთას "ლურჯებზე" უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერიაც კი აქვს.

მაშინ ჟოზე მოურინიო ისე გაბრაზდა, რომ "ვეტ ჰემს" დასწამა, მე-19 საუკუნის ფეხბურთს თამაშობენ - მთელი გუნდით კარში იდგნენო. ის მატჩი ახლა ენდი კეროლმა გაიხსენა და თქვა - ამჯერად არანაირი
მე-19 საუკუნის ფეხბურთი არ იქნება, შეტევაში აქტიურობას ვაპირებთო.

"ჩელსის" "მანჩესტერ სიტი" კვალში უდგას და ჟოზე მოურინიო ქულების დაკარგვის უფლებას თავს ვერ მისცემს. მეორე მხრივ, მეტოქე მართლაც არ არის სახუმარო და ამიტომაც მოუწოდებს პორტუგალიელი თავის ბიჭებს სრული მობილიზაციისკენ, რაც "ჩელსის" ნამდვილად სჭირდება, რადგან ამის მერე "საუთჰემპტონთან" და "ტოტენჰემთან" საგარეო თამაშები მოდის...

ერთი სიტყვით, კალენდარი სერიოზული და რთულია, თუმცა, ამ მხრივ, არც "ვესტ ჰემს" უდგას იოლი დროება, "ლურჯების" შემდეგ "არსენალთან" უწევთ დედაქალაქური დერბი.

ვთქვათ ისიც, რომ ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით იქნება და ეს უფრო საინტერესოს ხდის ამ დაპირისპირებას. დიეგო კოშტას გოლის გატანა უგვიანდება, აი, ალარდაისს კი იმდენი შემტევი დაუგროვდა, რომ ორის ამორჩევაც კი უჭირს, მაგრამ, ალბათ, მაინც სახოსა და კეროლის წყვილს ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში.

* * *
სამაგიეროდ, ერთი თავდამსხმელიც არ დარჩა მანუელ პელეგრინის და მას, სავარაუდოდ, ზედიზედ მეორეჯერ მოუწევს უფორვარდოდ თამაში. მწვრთნელმა ახალგაზრდა ხოსე პოსო, შესაძლოა, ისევ დააწინაუროს ძირითად გუნდში, მაგრამ სასტარტოში ალბათ არ დააყენებს.

უთავდამსხმელოდ "სიტი" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ძალიან კარგი იყო და ზოგადად, "ქალაქელები", საკადრო პრობლემების მიუხედავად, ამჟამად ყველაზე კარგ ფორმაში იმყოფებიან. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკურად - "სიტის" პრემიერლიგაში მიჯრით ექვსი, ყველა ტურნირზე კი რვა მოგება აქვს და ბოლო 4 შეხვედრაში გოლიც არ გაუშვია.

მთლიანობაში, მანჩესტერელებს "ვესტ ბრომვიჩთან" ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა არ აქვთ, მაგრამ ბოლო 5 დაპირისპირება ზედიზედ მოუგეს და უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 7-ში იმარჯვეს, 1 კი ფრედ დამთავრდა. სამაგიეროდ, მანამდე 8 დუელიდან 5-ში "ალბიონმა" იმარჯვა.

ამ წუთისთვის ალან ირვინის გუნდი არასტაბილურად გამოიყურება, საიდო ბერაჰინოსაც ვეღარ გააქვს გოლები. ირვინი მოხსნის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

* * *
ახლა "ოლდ ტრაფორდზე" გადავინაცვლოთ, სადაც "ნიუკასლი" ჩადის სტუმრად.

"კაჭკაჭებმა" შესაშურ სერიას 3 მტკივნეული მარცხი მიაყოლეს - "არსენალთან" 1:4, თასზე "ტოტენჰემთან" 0:4 და ტაინ-უირის დერბიში "სანდერლენდთან" 0:1... ალან პარდიუს უჯობს, სიტუაცია ისევ დროულად გამოასწოროს, სანამ მის წინააღმდეგ ჯორდთა ფანობის ახალი აჯანყება არ დაწყებულა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" წინა ტურში ზედიზედ მე-7 გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ არც დამარცხდა და თითქოს ნელ-ნელა პროგრესირებს. ლუი ვან გაალს სერიოზული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი - ჯერ "ნიუკასლი", მერე "ტოტენჰემთან" სტუმრობა და ასევე, გასვლა "ბრიტანიაზე" "სტოკთან".

წინა სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" "ბრიტანიაზე" წააგეს, "უაით ჰართ ლეინზე" ფრეს დასჯერდნენ და დამარცხდნენ "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლთან". ასე რომ, თუ ჰოლანდიელს სურს იმის დამტკიცება, რომ დევიდ მოიესს აღემატება და მის მოსვლას ეფექტი აქვს, ეს შეხვედრები კარგად უნდა ჩაატაროს.

ორივე გუნდის დანაკლისი სოლიდურია. ვან გაალს ნამდვილად არ უმართლებს - რაც გუნდში მოვიდა, ლაზარეთი მუდამ გადატვირთულია. თუმცა რიცხობრივად "ნიუკასლს" უფრო მეტი მოთამაშე აკლია და მიმდინარე ჩემპიონატში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჯორდებს უფრო ბევრი დაშავებული ჰყავდათ, ვიდრე ამ საქმით განთქმულ "არსენალს".

მანჩესტერელთა ბანაკში კარგი ამბავი არის ის, რომ დელეი ბლინდმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

"წითელ ეშმაკებს" ბევრი უმაღლესი დონის შემტევი ჰყავთ, მაგრამ პარდიუს ყველაზე მეტად მეტოქის მეკარის, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი დავიდ დე ხეასი ეშინია. "ნიუკასლის" თავკაცის თქმით, ამჟამად დე ხეა მანუელ ნოიერს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის ეპაექრება.

* * *
გადავიდეთ "არსენალზე", რომელიც ტურს დახურავს. "ემირატებზე" არსენ ვენგერს "ქუინზ პარკ რეინჯერსთან", უფრო სწორად, ჩარლი ოსტინთან მოუწევს გამკლავება. ფრანგი სპეციალისტი იმაზე ფიქრობს, როგორ გააუვნებელყოს მეტოქის ფორვარდი.

არადა, ისედაც არასტაბილურად მოთამაშე "არსენალს" აუცილებლად მოსაგები აქვს, რადგან ამას "ბოლეინ გრაუნდზე" "ვესტ ჰემთან" ჭიდილი და "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონთან" სტუმრობა მოსდევს.

შესაშურ ხასიათზეა "სანდერლენდი" - "ნიუკასლთან" მოგებული დერბისა და შობის გათვალისწინებით. "შავ კატებს" მშვენიერი შანსი აქვთ, საკუთარ "ლაითზე" "ჰალს" აჯობონ და გასავარდნ ზონას საგრძნობლად მოწყდნენ, რადგან "ვეფხვები" ღრმა კრიზისში არიან.

სტივ ბრიუსზე უფრო მძიმედ აქვს საქმე ნაიჯელ პირსონს, რომლის "ლესტერიც" ცხრილის ფსკერზე დაეშვა და მიჯრით 5 მარცხის შემდეგ "მელიები" უკვე 5 ქულით ჩამორჩნენ უსაფრთხო ზონას. "ლესტერის" მეტოქე "ტოტენჰემია", რომელიც თანდათან ფორმაში შედის.

დიდად უკეთესად საქმე არც შონ დაიჩის "ბარნლის" და ნილ უორნოკის "კრისტალ პალასს" აქვთ. პირველთან სტუმრად "ლივერპული" ჩადის, ხოლო მეორესთან "საუთჰემპტონი".

თავიანთი პრობლემები აქვთ მერსისაიდელებსა და "წმინდანებს", რომელთაგანაც გულშემატკივრები ასევე გამარჯვებას ელიან. "ლივერპულისგან" იმიტომ, რომ ამ კლუბმა ისედაც ბევრი ქულა დაკარგა, ხოლო "საუთჰემპტონისგან" იმიტომ, რომ ქომაგები მადაზე მოვიდნენ...

ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური
26 დეკემბერი. პარასკევი
ჩელსი-ვესტ ჰემი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: -
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +35 =18 -33 (142-135)

ბარნლი-ლივერპული 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბორინი
ტრავმა: უარდი, ვოუკსი - ლოვრენი, ფლენეგანი, სტარიჯი, გ. ჯონსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +26 =19 -29 (95-120)

კრ. პალასი-საუთჰემპ. 19:00
დისკვალიფიკაცია: - ფონტე
ტრავმა: დოილი, უილიამსი, შამახი - კორკი, როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +8 =7 -13 (34-45)

ევერტონი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - აირლენდი, დიონატანი, სიდველი, მოზესი, ოდემვინგი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 112 თამაში: +53 =31 -28 (189-117)

ლესტერი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აპსონი, შმეიხელი, ბაკაიოგო -
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +27 =13 -34 (129-140)

მანჩესტერი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერ ერერა, როხო, შოუ, თორპი - აბეიდი, აარონსი, რ. ტეილორი, ობერტანი, ელიოტი, კრული, სანტონი, ს. დე იონგი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 136 თამაში: +66 =36 -34 (261-203)

სანდერლენდი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ლივერმორი, ჰადლსტოუნი
ტრავმა: ვან აანჰოლტი, ჯონსი, ჯაკერინი - დიამე, დოუსონი, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+1 =4 -1 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4 =0 -2 (10-5)

სუონსი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: - რიჩარდსონი
ტრავმა: - ბეიკერი, კოზაკი, ვესტვუდი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4 =3 -3 (13-13)

ვესტ ბრომვიჩი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანიჩებე, ოლსონი - იოვეტიჩი, კომპანი (?), ჯეკო, აგუერო
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +0 =0 -6
ურთიერთშეხვედრები
სულ 114 თამაში: +45 =21 -48 (188-194)

არსენალი-ქპრ 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რემზი, როსიცკი, გნაბრი, იოზილი, უილშირი - ტაარაბტი, სანდრო, ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +20 =12 -12 (51-41)

ბომბარდირები:
14 - სერხიო აგუერო (სიტი); 12 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 11 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 9 - ალექსის სანჩესი (არსენალი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული