ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" წინააღმდეგ შეთქმულებაა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. საქმე ის არის, რომ "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც სესკ ფაბრეგასი მეტოქის საჯარიმოში დაეცა, ხოლო მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა პენალტი არ დანიშნა და ესპანელს აქეთ უჩვენა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი.

ფაბრეგასი ცოტა თეატრალურად კი დაეცა და პენალტზე ითამაშა, მაგრამ მეტ ტარგეტმა მას ფეხი აშკარად დაუდო და ესპანელიც წამოედო. ასე რომ, კონტაქტი ნამდვილად გახლდათ და თუ ტეილორი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავდა, აქეთ სესკის გაფრთხილება აშკარად გადამეტებული იყო.

"მედია, სხვა მწვრთნელები... ყველა ახდენს ზეწოლას მსაჯებზე და
"ჩელსის" წინააღმდეგ განაწყობს მათ. "ჩელსის" საწინააღმდეგო კამპანიაა აგორებული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს არ მაღელვებს. თუმცა ფაქტია, ეს მატჩებზე გავლენას ახდენს. ყველამ იცის, რომ პენალტი იყო. არბიტრი შეცდა, ადამიანები ცდებიან და ეს მისი დიდი შეცდომა იყო. ტეილორი კარგი მსაჯია, კარგი ადამიანიცაა, ახალგაზრდა და ბევრი აქვს წინ, მაგრამ ეს შეხვედრა აშკარად ჩააგდო" - აღნიშნა მოურინიომ.

"კონტაქტი ნამდვილად იყო. მსაჯმა კარიერის საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა და არა მგონია, მშვიდად დაეძინა, რადგან საშინელი შეხვედრა ჰქონდა" - განაცხადა ფაბრეგასმა.

ბოლო პერიოდში მართლაც ხშირად საუბრობდნენ "ჩელსის" ფეხბურთელების სიმულაციაზე, რაც ხან დიეგო კოშტას დაბრალდა, ხან გარი კეჰილსა და ხანაც ბრანისლავ ივანოვიჩს. უკანასკნელად ეს ლონდონური დერბის მერე მოხდა, როდესაც "ვესტ ჰემის" მწვრთნელმა სემ ალარდაისმა, რომელსაც მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა არ აქვს, მატჩის შემდგომ თქვა, ივანოვიჩი პენალტის მოლოდინში ეცემოდაო.

"თამაშის მერე სემი ივანოვიჩსა და ისევ მოფიქრებულ სიმულაციაზე საუბრობდა. რა არის ეს? არც ჟურნალისტები აკლებთ. შედეგად რა მივიღეთ? მნიშვნელოვან შეხვედრაში მსაჯმა ჩვენი საზიანო გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ალარდაისი ისაუბრებს "ჩელსის" ფეხბურთელების სიმულაციებზე, ამას შემდეგ სხვადასხვა მწვრთნელიც აიტაცებს და მივედით იქამდე, რომ იმის ნაცვლად, მეტოქის კარში პენალტი დანიშნულიყო, არბიტრმა ჩვენს ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. იგივე მოხდა "ბარნლისთან" დიეგო კოშტას შემთხვევაში და ასე შემდეგ" - დასძინა მოუმ.

"განსაკუთრებულმა" თავისი გუნდის ვერმოგება მარტო მსაჯსაც არ უნდა დააბრალოს, რადგან "ჩელსის" "სენტ მერიზე" მწვავე მომენტების შექმნა უჭირდა და რომ არა ედენ აზარის ინდივიდუალური ოსტატობა და სოლო-გოლი...

ლონდონელებმა "წმინდანების" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც გაიტანეს. ახლა კი "ლურჯებს" დედაქალაქური დერბი ელოდებათ "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემთან". "ჩელსის" ძალიან გაუმართლა იმაში, რომ სენსაციურად ქულები დაკარგა "სიტიმაც" და 3-ქულიანი უპირატესობა ძალაში დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული