ღმერთის რჩეული თუ უძღები შვილი?

AutoSharing Option
რისთვის უნდა უყვარდეს "ტოტენჰემის" გულშემატკივარს ემანუელ ადებაიორი? ზოგადად, ტოგოელს იქნებ ბევრიც ჰქონდეს გუნდისთვის გაკეთებული, თუმცა მიმდინარე სეზონი მისთვის კოშმარულთან მიახლოებულია.

თავად განსაჯეთ: "არსენალისა" და "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ამ სეზონში სულ ორი გოლი გაიტანა. ეს გოლები გადამწყვეტიც ვერ გამოდგა. ადებაიორმა თავი "ქუინზ პარკთან" მოგებულ და "ნიუკასლთან" წაგებულ მატჩებში გამოიჩინა...

ბოლო დროს ტოგოელი ცუდ ხასიათზეა. საგოლე გვალვას თან დაერთო ისიც, რომ მან მძაფრად გააკრიტიკა "უაით ჰართ ლეინის" დამფასებელი პუბლიკა. 9 ნოემბერს "ტოტენჰემმა" "სტოკთან" დაყარა ფარ-ხმალი. ეს იყო გუნდის მეოთხე მარცხი ხუთ შეხვედრაში.

ემანუელი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მორჩა თუ არა მატჩი, მან, როგორც იტყვიან, გუდას პირი მოხსნა:

"ასე არ შეიძლება. საკმარისია, ერთხელ შეცდე, რომ გაუთავებლად გისტვენენ. ჩვენი გულშემატკივრები კი არ გვეხმარებიან, ხელს გვიშლიან. როცა მინდორზე გამოვდივარ, მხარდაჭერას ველი, მაგრამ სულ ტყუილად", - თქვა ადებაიორმა.

შეიძლება, ფანებთან დაძაბული ურთიერთობაცაა იმის მიზეზი, რომ ტოგოელს "დეზების" ძირითადში სისტემატურად ვეღარ ვხედავთ. "ლივერპულთან" და "არსენალთან" შეხვედრაში ის უბრალოდ საშინელი იყო.

სანამ ადებაიორი ქომაგებს შეუტევდა, ის მანამდე ამოიღეს მიზანში. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა "სტოკთან" შეხვედრაში მინდორზე გატარებული არაფრისმომცემი 30 წუთი. ქომაგი მას მშველელად სახავდა. ემანუელი კი ხეირიანად არც კი გაქცეულა.

მისი კრიტიკა შოკი იყო ქომაგებისთვის, რომლებიც მთელ ინგლისსა და მსოფლიოში განთქმულნი არიან. ეს პიარკატასტროფად იქცა როგორც ფეხბურთელის, ისე კლუბისთვის. სავარაუდოდ, "ტოტენჰემის" მოთხოვნით აფრიკელმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაგვიანევი აღიარება მას დამპალი ვაშლივით მიუგდეს.

"ადეს" ერთადერთი რამე უშველის. მან გოლების გატანა უნდა გაიხსენოს. სხვა გზა არ არის. ახლა კი მას "დეზების" ფანობა "არსენალში" გატარებულ დიდებულ პერიოდსა და "მეთოფეების" მაისურით გატანილ გოლებს ახსენებს. "დეზებს" თანაქალაქელები სძულთ. აბა, ფეხბურთის ამბავში მდიდარი მეზობელი ვის უყვარს? ის კი არა, მგონი, ცხოვრებაშიც - ბევრს არავის, ოღონდ არ ამბობენ. ორი ლონდონური კლუბის ქიშპი კი ძველი ამბავია, ძალიან ძველი. აქ დანდობა და დავიწყება არ მოსულა.

გულშემატკივართა მოთხოვნა მკაფიო და არაორაზროვანია: ადებაიორს უნდა ჩამოერთვას "ტოტენჰემის" ვიცე-კაპიტნის სტატუსი და, ამავე დროს, ის აღარ უნდა იყოს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.

იქნებ, ტოგოელის საქმეები ასე შავად არ ყოფილიყო, მწვრთნელის ნდობა რომ არ დაეკარგა. მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ არ ითამაშებ, ვერ გაიტან. არადა, "ტოტენჰემის" თავდასხმაში სულაც არ არის ჯოჯოხეთური კონკურენცია.

თავად განსაჯეთ: რობერტო სოლდადო უფრო და უფრო ემსგავსება ფერნანდო ტორესს, ჰარი კეინი კი, ბოლოდროინდელი გაბრწყინების მიუხედავად, მაინც არ არის იმ დონის ფეხბურთელი, "ტოტენჰემის" დონის გუნდი რომ დაეყრდნოს.

რატომ არ თამაშობს ემანუელი "ტოტენჰემის" მიერ გასვლაზე ჩატარებულ საევროლიგო შეხვედრებში? ბევრი ფიქრობდა, რომ საზღვარგარეთ ადებაიორი ანდრეშ ვილაშ-ბოაშთან კონფლიქტის გამო არ მიდიოდა. წავიდა ვილაშ-ბოაში. მოვიდა შერვუდი. სიტუაცია არც მაშინ შეცვლილა. ახლა გუნდის საჭესთან არგენტინელი მაურისიო პოჩეტინიო დგას. "ადე" მაინც არსად მიდის, თითქოს ლონდონზე ჯვარი დაიწერაო....

პოჩეტინიომ ამაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა ბრიტანულ ტაბლოიდებს რას გამოაპარებ? ისინი წერენ, რომ შეგირდსა და მწვრთნელს შორის დიდმა შავმა კატამ გაირბინა. ეს ინციდენტი არ გახმაურებულა, მაგრამ ჟურნალისტები სწორედ მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ იმას, რომ ტოგოელმა ძირითადში ადგილი დაკარგა.

"ადეს" ცუდი ფორმა ალბათ იმითაცაა განპირობებული, რომ ზაფხულში მალარია შეეყარა. ეს დაავადება თითქოს იკურნება, მაგრამ კვალს მაინც ტოვებს. შეიძლება, ის "ადეს" ორგანიზმში ისევაა და ფეხბურთელი ამადაც არის ძალაგამოცლილი.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ემანუელს საშინელი ურთიერთობა აქვს ოჯახთან. ცოტა ხნის წინ მისმა დამ ძმას სერიოზული ბრალდება წაუყენა. მისი თქმით, ჩვენი წერილის გმირმა საერთოდ დაივიწყა მშობელი დედა და მის სატელეფონო ზარებსაც კი აღარ პასუხობს.

"დედა ტოგოსა და განის საზღვარზე ვაჭრობს ძველი ბოქლომებითა და პოლიეთილენის პაკეტებით. ის ემანუელს ურეკავს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს და არა იმიტომ, რომ ფული უნდა", - თქვა ადებაიორის ქალმა.

"როგორ ველაპარაკო დედასა და დას? ისინი საშინელი ადამიანები არიან. მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ როგორმე მომაჯადოონ", - ასეთი პასუხი დაიბეჭდა პრესაში, რომელიც მოგვიანებით ტოგოელმა ვარსკვლავმა უარყო.

მერე"ადემ" თქვა, რომ მისი სიტყვები დაამახინჯეს და ჟურნალისტებს სთხოვა, შეუცვლელად დაებეჭდათ შემდეგი კომენტარი:

"დედა სახლიდან არასოდეს გამიგდია. მან თვითონ გადაწყვიტა წასვლა და მე მის არჩევანს პატივს ვცემ. მინდა, მათ შეწყვიტონ ჩემი განსჯა და ჩემს წინააღმდეგ შავი მაგიის გამოყენება. ის ქალი, ვინც თავს ჩემს დას უწოდებს, ფულის მონაა. მე მას ვუყიდე სახლი, რომელიც 1,2 მილიონი დოლარი ღირდა. მგონი, ჯერ ცოცხალი ვარ, ჩემმა ნათესავებმა კი მოვლენებს დაასწრეს და მთელი ჩემი მემკვიდრეობა გაიყვეს. წარმოგიდგენიათ? ისიც კი იციან, ვის დარჩება ჩემი ბინები, მანქანები... ცუდი სეზონი მაქვს, ამას ვაღიარებ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. წყევლა მოქმედებს, ეს ფაქტია. მაინც ვერ ამიხსნია, რა უნდათ ჩემთან?" - თქვა ტოგოელმა.

რთულია, აფრიკულ ლაბირინთებში გაერკვე. ადებაიორი 1984 წელს ტოგოს დედაქალაქ ლომეში დაიბადა. მშობლები იორუბას ტომიდან ჰყავს. 1999 წლამდე ის იქაურ სიდუხჭირეში იზრდებოდა, მერე კი "მეცის" სელექციონერებმა შეამჩნიეს და საფრანგეთში წაიყვანეს.

"ადეს" ჰყავს ცოლი და ერთი გოგონა, სახელად - კენდრა, რომელიც 2010 წელს დაიბადა. ემანუელი ქრისტიანია და გარეგნულად მაინც ღრმადმორწმუნეობს.

"ჩემი ცხოვრება ღმერთისგანაა ბოძებული და ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, არის ღმერთის საჩუქარი. მან მე მომცა შანსი, სიხარული მიმენიჭებინა ხალხისთვის", - ამბობს ემანუელი.

საინტერესოა, რომ ის ოთხ წლამდე საერთოდ ვერ ახერხებდა სიარულს. დედამისი მას საშველის ძიებაში მთელი აფრიკის მასშტაბით დაატარებდა. საშველი კი მოულოდნელად გამოჩნდა. ისევ ადებაიორს მოვუსმინოთ:

"ეს მოხდა ერთ კვირა დილით. ეკლესიაში ვიწექი. წირვა იწყებოდა, თუმცა ტაძარში ჯერ ხალხი არ იყო. იქნებოდა 9 ან 10 საათი. მესმოდა, რომ ბიჭები ეზოში ბურთს თამაშობდნენ. უცებ, ბურთი ეკლესიაში შემოვარდა. არ ვიცი, რა მოხდა. უცბად, სასწაულად მომინდა, ბურთზე ფეხი დამერტყა. უცნაურმა ძალამ წამომაგდო. მივვარდი ბურთს და დავარტყი. რამდენიმე დღეში მეც ვთამაშობდი ფეხბურთს ბიჭებთან ერთად. ეს დიდებული იყო. სასწაული, რომელიც არასოდეს დამავიწყდება".
მოდი და გაიგე, ვინ არის ემანუელ ადებაიორი - უძღები შვილი, თავისი ჯანმრთელობისთვის თავგადადებული დედა რომ გაწირა, თუ ღმერთის რჩეული?
რას გაიგებ...

საინტერესო ვინმე კი მოჩანს. თავისებური და ამოუცნობი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი საკითხავი მასალაა ვისიამოვნე. ეს კიდე პადლეცია დედას როგორ ეკცევა
luka
14:24 04-01-2015
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული