ზაფხულიდან მოყოლებული, აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, გაახანგრძლივებდა თუ არა "ლივერპული" კონტრაქტს სტივენ ჯერარდთან. ერთი შეხედვით, აქ სალაპარაკო არც არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ... მიუხედავად იმისა, რომ ერთი პირობა ბრიტანული პრესა წერდა, ახალი შეთანხმება მიღწეული იქნებაო და მხარეებიც თითქოს
"ლივერპულის" ფანების აბსოლუტური უმეტესობისთვის სამწუხაროდ, ეს ვარაუდი გამართლდა. ბოლო პერიოდში მსგავსი ქმედებები თითქოს მოდაში შემოვიდა - ასე მოექცა მადრიდის "რეალი" ფერნანდო იეროს, რაულს და სხვებს; ასე მოექცა ტურინის "იუვენტუსი" ალესანდრო დელ პიეროს, ლონდონის "ჩელსი" - ფრენკ ლამპარდს... მიიჩნევა, რომ ვეტერანი ლიდერი, რომელსაც ძველებურად მაღალ დონეზე და სტაბილურად თამაში აღარ შეუძლია ან ვინმეს აზრით, აღარ შეუძლია, გუნდს ამუხრუჭებს და სიტუაცია სრულად და რეალურად მის გაშვებამდე არ შეიცვლება.
რაღაც ასეთთან გვაქვს საქმე ჯერარდთან მიმართებაშიც. მართალია, მხარეები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების წყალობით მივიღეთო, მაგრამ ყველა "ლივერპულს" დაადანაშაულებს იმაში, რომ კლუბმა კაპიტანსა და სიმბოლოს ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა და მისი შენარჩუნება ვერ კი არა, არ შეძლო.
სტივენ ჯერარდი: "ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში, ჩემთვისაც და ოჯახისთვისაც, ამაზე დიდხანს ვფიქრობდით. კონკურენტ გუნდში არ ვითამაშებ და "ლივერპულის" წინააღმდეგ მინდორზე არ გავალ. ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაყრდნობილია იმაზე, რომ მსურს, რამე ახალი გამოვცადო ცხოვრებასა და კარიერაში. მინდა, რომ ბოლოს არაფერი ვინანო. სეზონის ბოლომდე კი ისევე სრულად დავიხარჯები კლუბისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ყველანაირად დავეხმარები "ლივერპულს" მატჩების მოგებაში".
"შეუძლებელია, ჯერარდი და "ლივერპულისთვის" მისი მნიშვნელობა სიტყვებით აღწერო და გადმოსცე. სტივენის შესაფასებლად სიტყვა ლეგენდაც არაფერია" - ამბობს მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი.
"იგი ჩემთვის ნომერ პირველია და მუდამ ასე იქნება. სტივენი ყოველთვის მისაბაძი ფეხბურთელი და ადამიანი გახლდათ. ის ემოცია, რომელიც მან ფანებს აჩუქა, უკვდავია. ფანები მას არასოდეს დაივიწყებენ, იგი "მისტერ ლივერპულია" - თქვა რიკი ლამბერტმა, რომელიც ბავშვობიდან "ენფილდის" მკვიდრთა გულშემატკივარია.
მერსისაიდელთა მფლობელი ჯონ ჰენრი:
"ეს ყველასთვის, განსაკუთრებით, კლუბთან დაკავშირებული ადამიანებისთვის ძალიან ემოციური მომენტია. არის სამწუხარო და სევდიანი შეგრძნებები იმის გამო, რომ ასეთი დიდი ფეხბურთელი და ადამიანი მიდის და ამ სეზონის მერე ჩვენთან აღარ ითამაშებს. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის, რომ გვქონდა პატივი და პრივილეგია, მასთან ერთად გვემუშავა და ეს არა მხოლოდ "ლივერპულისთვის", არამედ ზოგადად, ფეხბურთში გამოსარჩევ ფიგურასთან".
"პრესაში ბევრს საუბრობდნენ სტივენის ახალ კონტრაქტზე, მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან შეთანხმება მიღწეული იქნებოდა. ეს ამბავი ყვველასთვის შოკისმომგვრელია. მის გარეშე ძალიან რთული იქნება, რადგან ჯერარდი წლების მანძილზე გუნდის ლიდერი გახლდათ, მაგრამ უნდა ვცადოთ, რომ ნელ-ნელა ამას შევეგუოთ და მაქსიმალურად კარგად გავუმკლავდეთ" - განაცხადა ჯორდან ჰენდერსონმა.
"შესაძლოა, იგი მომავალში "ენფილდზე" დაბრუნდეს, თუნდაც მწვრთნელის რანგში, სტივენს ნამდვილად აქვს მწვრთნელობისთვის საჭირო თვისებები. იგი ყოველთვის გუნდური მოთამაშე იყო და ვარსკვლავობის მიუხედავად, პირველ ადგილზე ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებდა და სხვების განვითარებას ყოველთვის დიდ დროს უთმობდა და ეხმარებოდა მათ" - ეს კი 67 წლის ჟერარ ულიეს სიტყვებია, რომელიც ჯერარდს "ლივერპულში" 1998-2004 წლებში წვრთნიდა და იგი 22 წლის ასაკში გააკაპიტნა.
რაფაელ ბენიტესი: "ერთი სიტყვით რომ მთხოვოთ მისი დახასიათება, "ვნებას" ვიტყვი. იგი ყოველთვის საოცრად შემართული გახლდათ, ერთად ბრწყინვალედ ვთანამშრომლობდით, ის 6 წელი ჩემი კაპიტანი იყო. მის გარეშე იმ წარმატებების მიღწევა არ გამოვიდოდა, რასაც მივაღწიეთ. შეუძლებელი იქნებოდა სტამბულის სასწაულის მოხდენა ჯერარდის გარეშე. როდესაც "მილანთან" 0:3-ს ვაგებდით, სტივენს სჯეროდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული და თამაშში დაგვაბრუნა კიდეც.
ასევე გავიხსენებდი კარდიფში, "მილენიუმზე" "ვესტ ჰემთან" მატჩში გატანილ უმნიშვნელოვანეს და ულამაზეს გოლს. გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის შეგეძლო, მისი იმედი გქონოდა".
"ვფიქრობ, იგი ანდრეა პირლოს დონის ფეხბურთელია - მისი ტექნიკით, მოედნის ხედვით... ამავდროულად, სტივენი ძალიან მძლავრია. მას ყველაფრის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტა ძალუძს" - ასე კი ჯერარდის ამბავს მარიო ბალოტელი გამოეხმაურა.
თავისი კომენტარი გააკეთა ჯეიმი კარაგერმაც - სტივენი უდიდესი ფიგურაა, მაგრამ კმარა ახლა ჯერარდი, ფაქტია, ის მიდის და შემცვლელზე ფიქრია საჭირო, "ევერტონს" როს ბარკლში იმდენი შესთავაზონ, რამდენიც საჭიროა, ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდაო.
სტივენ ჯერარდს "ლივერპულის" მაისურით 695 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ შეხვედრებში მან 180 გოლი გაიტანა. იგი მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის, ორჯერ უეფას სუპერთასის, ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასის, სამჯერ ინგლისის ლიგის თასისა და ინგლისის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა. ინგლისის ნაკრების მაისურით კი მან 114 მატჩი გამართა და 21 ბურთი შეაგდო.
1980 წლის 20 მაისს, მერსისაიდში, კერძოდ კი, უისტონში დაბადებულ ჯერარდს, "ლივერპულის" გარდა, აქამდე არც ერთ კლუბში არ უთამაშია. სტივენს ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაადგილებას უწინასწარმეტყველებენ და პრინციპში, ეს თავადაც დაადასტურა. თუნდაც ჟერარ ულიე, რომლის კომენტარიც სტატიაში მოვიყვანეთ, სიამოვნებით იხილავდა მას "ნიუ იორკ რედ ბულსში", სადაც ერთ-ერთი მმართველია. მსურველთა შორისაა "ჰიუსტონ დინამოც", "ლოს ანჯელეს გელექსიც" და ასე შემდეგ.
"მწვრთნელთან სერიოზული და მძიმე საუბარი მქონდა. მითხრეს, რომ ყოველთვის ძირითადში ვეღარ ვიქნებოდი და ეს გავიაზრე, მივხვდი, რომ სწორი იყო. ამისათვის საკმარისად საღად ვაზროვნებ. ვისურვებდი, ბრენდან როჯერსს 10 წლის წინ შევხვედროდი. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებდით, მათ შორის - პრემიერლიგას. ის შესანიშნავი სპეციალისტია.
როჯერსი გუნდში მაშინ მოვიდა, როდესაც უკვე 32 წლის ვიყავი. კარგი იქნებოდა, ეს მაშინ მომხდარიყო, როცა 24 წლის გახლდით. რაც შეეხება მომავალს, ჯერ შეთანხმება არცერთ გუნდთან არ მაქვს, არაფერი კონკრეტული არ არის და როგორც კი იქნება, განცხადებას გავაკეთებ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ყველაზე ახლოს ამერიკაში გადასვლასთან ვარ, მაგრამ საუბარი ჯერ ადრეა" - დასძინა ჯერარდმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ხანდახან შეცვლაზე ყოფნასა და სათადარიგოობას წასვლა სჯობს.
სტივენ ჯერარდის სტატისტიკა პრემიერლიგაში
* ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელებს შორის იგი მე-13 ადგილზეა 494 შეხვედრით (პირველზე რაიან გიგზია 632 მატჩით).* ნახევარმცველის მიერ გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, იგი მეორე ადგილზეა 116 ბურთით (პირველზე ფრენკ ლამპარდია 176 გოლით).
* საგოლე გადაცემების რაოდენობით, ჯერარდი მეოთხე ადგილზეა 92 საგოლე პასით (პირველზე რაიან გიგზია 162 საგოლე პასით).
* გატანილი პენალტების მხრივ, სტივენი მესამეა 31 წარმატებული თერთმეტმეტრიანით (პირველზე ალან შირერია 56 პენალტით).
* საინტერესოა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში სტივენ ჯერარდის პასის სიზუსტე 86%-ს შეადგენს, რაც მისი კარიერის სხვა ყველა პერიოდზე მაღალი მაჩვენებელია. წინა სეზონში კი 13 საგოლე პასი გააკეთა, რაც ასევე კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, 13 გოლი გაიტანა და ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც 16 შეაგდო. ასე რომ, თქმა იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იკლებდა, ცოტა არ იყოს, ძნელია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"