ფრენკ ლამპარდი "მანჩესტერ სიტიში" რჩება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ფორვარდის ძიებაშია და კანდიდატებიც შეუგულებია. ერთ ვარიანტად "ქალაქელები" ბირმინგემის "ასტონ ვილას" ბელგიელ თავდამსხმელ კრისტიან ბენტეკეს განიხილავენ. 24 წლის თავდამსხმელი, წესით, მანჩესტერელების წინადადებით უნდა დაინტერესდეს.

პარალელურად, "სიტი" ნიადაგს მოსინჯავს უილფრიდ ბონის ტრანსფერთან დაკავშირებით. 26 წლის კოტდივუარელში მანუელ პელეგრინის გუნდი "სუონსისთვის" 25 მილიონი გირვანქის შეთავაზებას აპირებს.

ცხადია, "სიტი" სხვა პოზიციის ფეხბურთელებსაც არჩევს და სამიზნეთა შორის არის როს ბარკლიც. "ევერტონი" 21 წლის ვარსკვლავს მხოლოდ დიდი კომპენსაციის სანაცვლოდ თუ გაუშვებს და "ეტიჰადის" ბინადრები 45 მილიონ გირვანქას არ დაიშურებენ ბარკლის ხელში ჩასაგდებად. რობერტო
მარტინესს კი ეს თანხა "კანფეტებში" რამდენიმე ფეხბურთელის მოსაყვანად ეყოფა.

პელეგრინის თვალი დაუდგამს ბრიუსელის "ანდერლეხტის" 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველისთვის, დენის პრაეტისთვისაც, მაგრამ ჩილელი შიშობს, რომ ფინანსური ფეირ-პლეი, შესაძლოა, ტრანსფერებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გახდეს და "სიტიმ" გამოსავალი უნდა იპოვოს, რაც რეალურად, ახალი ფეხბურთელების მოყვანასთან ერთად არსებულის გაშვებას გულისხმობს.

"ქალაქელების" მესაჭე აღფრთოვანებას ვერ მალავს იმით, რომ ფრენკ ლამპარდის იჯარის სეზონის ბოლომდე გაგრძელება მოხერხდა და ამაში თავად ვეტერანის წვლილიც ძალიან დიდია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რითაც "ნიუ იორკ სიტის" ფანების დიდი ნაწილი გაანაწყენა.

"ფრენკი უაღრესად ბედნიერია იმით, რომ აქ რჩება და ჩვენ ის ძალიან გვჭირდება. "ნიუ იორკის" გულშემატკივრების მესმის, რადგან მათ ლამპარდის მინდორზე ხილვა სურთ, მაგრამ იმედია, ეს სურვილი შემდეგ სეზონში აუსრულდებათ. ამ წუთისთვის კი ვფიქრობ, ლამპარდმა მისთვის, ჩვენთვის და "ნიუ იორკისთვისაც" კი, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო" - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ იანვარს "სანდერლენდთან" მძიმე მატჩი "სიტის" სწორედ შეცვლაზე შესულმა ლამპარდმა მოაგებინა, რომელსაც "ქალაქელების" მაისურით, საშუალოდ, ყოველ 74 წუთში ერთხელ გააქვს გოლი. 36 წლის ნახევარმცველისთვის ეს 176-ე ბურთი გახლდათ პრემიერლიგაში, რითაც მან ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ტიერი ანრის გადაასწრო და მე-4 ადგილზეა.

"სიტი" 1-ლი ნოემბრისთვის "ჩელსის" 9 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ახლა "ლურჯებს" გაუთანაბრდა. მას მერე მანჩესტერელებმა შესაძლებელი 33 ქულიდან 29 მოიპოვეს და ეს შედეგი უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი ტრავმებმა გააწამა, განსაკუთრებით, თავდასხმის ხაზში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული