ლონდონის "ჩელსი" ლიონელ მესისთვის 200 მილიონს ამზადებს

AutoSharing Option
გრძელდება საუბარი ლიონელ მესის სენსაციურ სავარაუდო ტრანსფერზე ლონდონის "ჩელსიში". ამბობენ, რომ "ჩელსი" მზად არის, არგენტინელის გამოსასყიდი თანხა, 200 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

უკვე დიდი ხანია, ამბობენ, რომ მესისა და მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს შორის კონფლიქტია. მოკლედ, ლონდონელებს სურთ, რომ კატალონიელებში არსებული გარკვეული არეულობით ისარგებლონ.

ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მოგეხსენებათ, გუნდმა სატრანსფერო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული აპელაცია წააგო. ამას კლუბიდან ანდონი სუბისარეტასა და კარლეს პუიოლის წასვლა მოჰყვა.

ლუის ენრიკე მარტო დარჩა და მესისთან უთანხმოებაზე დაკავშირებულ ჭორებზე განაცხადა - არ მიყვარს მითქმა-მოთქმები,
ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ერთს კი გეტყვით, გასახდელში კარგი სიტუაციააო. თავი აარიდა "ბარსას" ლიდერის შესაძლო წასვლაზე ლაპარაკსაც.

ამას ცეცხლზე ნავთის დასხმასავით მოჰყვა ის ფაქტი, რომ მესი ორშაბათის ვარჯიშზე არ გამოჩნდა. რომან აბრამოვიჩს კი ძალიან უნდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული მესი თავის გუნდში იხილოს და ფინანსურ ფეარ პლეისაც მოუხერხებს რამეს.

ამბობენ იმასაც, სიტუაციას შორიდან აკვირდებიან "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენიო", რომლებსაც ასევე მოსწონთ მესის გამოსყიდვის იდეა. თუმცა ერთგვარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც ფინანსური ფეარ პლეია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული