"მანჩესტერ სიტი" უილფრიდ ბონიზე არ გაჩერდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" უილფრიდ ბონის შეძენაზე გაჩერებას არ აპირებს და "ლიონიდან" ალექსანდრ ლაკაზეტის მიყვანაც გადაუწყვეტია.

23 წლის თავდამსხმელი საუცხოო ფორმაშია და ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი, ანდრე-პიერ ჟინიაკი და სხვა საკმაოდ კარგი გოლეადორები თამაშობენ. ლაკაზეტს ახალგაზრდული ასაკიც ხელს უწყობს იმაში, რომ "სიტის" დარი მძლავრი გუნდების ყურადღება მიიქციოს და ამბობენ, მანჩესტერელებს ამ ტრანსფერისთვის 25 მილიონი გირვანქა აქვთ გამზადებულიო.

თუ ბრიტანულ პრესას ვენდობით, სანაცვლოდ "ქალაქელებს" სტევან იოვეტიჩისა და ალვარო ნეგრედოს გაშვება აქვთ
გადაწყვეტილი და სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, ვინ იცის, ედინ ჯეკოს გასხვისებაზეც იფიქრონ.

ის, რომ ნეგრედო წავიდოდა, აქამდეც გადაწყვეტილი ჩანდა. იგი ახლა "ვალენსიაშია" განათხოვრებული და "ღამურები" მას ზაფხულში ბოლომდე გამოისყიდიან, რაც დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაჯდება. იოვეტიჩი კი "იუვენტუსის" სამიზნეა, ტურინელებს იგი ჯერ კიდევ "სიტიში" გადასვლამდე სურდათ, მაგრამ თუ "ფიორენტინა" "იუვესადმი" ზიზღის გამო ამ ტრანსფერისგან თავს შეიკავებდა, "სიტი" მონტენეგროელს უმტკივნეულოდ გაუშვებს. მით უმეტეს, რომ "იოიო" ბოლომდე ვერ გაიხსნა და ტრავმებიც არ ეშვება.

მანუელ პელეგრინიმ კონკრეტულ ტრანსფერებზე საუბარს თავი აარიდა, მაგრამ 61 წლის სპეციალისტმა დაადასტურა, რომ შესაძლოა, რაღაც ცვლილებები იყოს. უფრო თავისუფლად და გახსნილად იგი "ევერტონთან" მატჩსა და სატურნირო მდგომარეობაზე საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე მომენტებით მერსისაიდელებმა "სიტის" აჯობეს, ჩილელი ალბათ მისი გუნდის ბურთის ფლობით მოიხიბლა და ირწმუნებოდა, უპირატესობას ვფლობდით, კარგადაც ვითამაშეთო.

"ჩვენ ნამდვილად ვდომინირებდით პირველ ტაიმში, მაგრამ თუ საკუთარ შანსებს ვერ გამოიყენებ, მოგებაც გაგიჭირდება. მით უმეტეს, "გუდისონ პარკზე" გამარჯვება ადვილი არასდროსაა. მატჩის ბოლო მონაკვეთი კი არადამაჯერებლად ჩავატარეთ. "ევერტონი" სტანდარტული მდგომარეობების დროს ძალიან ძლიერია და ერთ-ერთი მათგანი გამოიყენეს კიდეც. ბოლოსკენ მეტი ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ მე მაინც პირველი ტაიმი არ მავიწყდება, როდესაც მართლაც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვეღარ ვბრწყინავდით" - განაცხადა პელეგრინიმ.

სერხიო აგუერომ ამ სეზონში 16 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, აქედან ერთში "ევერტონთან" დაშავდა, მე-7 წუთზე შესაცვლელი შეიქნა და "ევერტონთანვე" დაბრუნდა, იგი მინდორზე 67-ე წუთზე გამოვიდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 14 გოლი დიდებული მაჩვენებელია და თუ როგორ სჭირდება კუნი "სიტის", ადვილი მისახვედრია.

მანუელ პელეგრინი: "გუნდისთვის სერხიოს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მან მატჩამდე მხოლოდ 2-3 დღით ადრე დაიწყო ვარჯიში და ცხადია, ბოლომდე მზად არ იყო. ახლა კი პრემიერლიგის შემდეგ მატჩამდე მთელი კვირა აქვს მოსამზადებლად და იმედი გვაქვს, მალე ძველებურად ათამაშდება".

აღსანიშნავია, რომ "სიტის" იანვარში რთული კალენდარი აქვს - 18 იანვარს "არსენალთან" საშინაო მატჩი და მერე, 31 იანვარს 2 ქულით კვლავაც წინგაქცეულ "ჩელსისთან" სტუმრობა "სტემფორდ ბრიჯზე". თავის მხრივ, "ჩელსი" "სიტისთან" დუელამდე 17-ში "სუონსის" ესტუმრება და ადვილი არც "ლურჯების" უახლოეს კალენდარს ეთქმის.

"ვფიქრობ, ყველა გუნდი კიდევ დაკარგავს ქულებს სეზონის ბოლომდე. ამიტომაც ყველაფერი წინაა" - დასძინა პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული