დოღის ცხენები
21 ტურის მერე 15 ფეხბურთელია, რომლებსაც შეუცვლელად აქვთ ნათამაშები და ოფიციალურად 1890 წუთი კი უფიქსირდებათ, მაგრამ ამას დამატებული წუთებიც შეგვიძლია მივათვალოთ. აარონ კრისუელი (ვესტ ჰემი), ადრიანი (ვესტ ჰემი), აჰმედ ელმოჰამადი (ჰალი), ჯონ ო’ში (სანდერლენდი), ასმირ ბეგოვიჩი (სტოკი), სტივენ ნ’ზონზი (სტოკი), რაიან შოუკროსი (სტოკი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), უგო ლორისი
საინტერესოა, რომ 1851 წუთი აქვს ნათამაშები ედენ აზარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ბელგიელის მნიშვნელობაზე "ჩელსისთვის" და ჟოზე მოურინიოს ნდობას მისდამი. ბევრს თამაშობს გრაციანო პელეც, "საუთჰემპტონის" იტალიელ ლეგიონერს 1862 წუთი აქვს ჩატარებული. 21-ე ტურამდე ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჰქონდა ნათამაშები სტივენ ნ’ზონზის, რომელიც "სტოკის" თავკაცმა მარკ ჰიუზმა ამჯერად მარტო ერთი ტაიმი ათამაშა და იგი 1846 წუთს ითვლის.
მომაკვდინებელი ცაცია
"მანჩესტერ სიტის" ესპანელ ლეგიონერს, დავიდ სილვას მარცხენა ფეხით ამ წუთისთვის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, კერძოდ კი - 6. ასე რომ, სილვას ცაციას მეტოქეები უნდა უფრთხოდნენ.სახოს თავი
თუ გსურს, რომ თავური გოლი ნახო, მაშინ იყიდე დიაფრა სახო. "ვესტ ჰემიც" ადგა და სენეგალელი შეიძინა და იგი რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, ამას თავადაც მშვენივრად ხედავთ. მეტიც, ინგლისის ჩემპიონატში, ამდენი ბრიტანელი ფორვარდის ფონზე, რომლებსაც თავით გოლების გატანა ძალიან უყვართ და ამის საფეხბურთო კულტურაც აქვთ, თავური გოლებით სწორედ სახო ლიდერობს, მას 5 გოლი მოუგროვდა. დიაფრასკენ მიიწევს ენდი კეროლი, რომელმაც ამ სეზონში "სუონსის" ორ მატჩში სამჯერ გაუტანა და ზოგადად, "თეთრი გედების" წინააღმდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.ფრთხილად, საჯარიმოს გარეთ ავი ფეხბურთელები არიან
"ევერტონის" ბელგიელ შემტევს, კევინ მირალასს, "ვესტ ჰემის" ერთ-ერთ ლიდერსა და ბრწყინვალე ფორმაში შესულ სტიუარტ დაუნინგს, "სიტის" ყველაზე მძლავრ დამრტყმელ ძალას, იაია ტურესა და "ტოტენჰემის" ფანტაზისტას, კრისტიან ერიკსენს იმით გამოვარჩევთ, რომ მათ ყველაზე მეტი, 3-3 გოლი აქვთ საჯარიმოს გარედან დარტყმებით გატანილი. მეტოქის მცველები მათ წინააღმდეგ საჯარიმოს მისადგომებთან განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ.საუკეთესო ასისტენტები
საგოლე გადაცემებით სესკ ფაბრეგასი რომ მიუწვდომელია და სხვებს 14 საგოლე პასით საგრძნობლად უსწრებს, ეს კარგად მოგვეხსენება. თუმცა საინტერესო სტატისტიკაა ის, რომ საშუალო მაჩვენებლით, ყველაზე პროდუქტიული "საუთჰემპტონის" ახალგაზრდა ტალანტი ჯეიმს უორდ-პრაუსია. მისი 3,6 ჩაწოდებიდან ერთს საგოლე შანსი მოჰყვება.სეივები
იმ მეკარეებს შორის, რომლებსაც მინიმუმ 10 "სეივი" აქვთ, საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლით კოსტილ პანტილიმონი გამოირჩევა. მისი მაჩვენებელი 77,7%-ია. რუმინელი მეკარე ადრეც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, როდესაც თამაშის საშუალება ეძლეოდა, თუნდაც იშვიათად. ხოლო "სანდერლენდში" გადასვლის მერე სულაც შეუდარებელია."სეივების" უშუალო რაოდენობებს თუ დავითვლით, პირველზე ქპრ-ს რობერტ გრინია 73 "სეივით", შემდეგ "ვესტ ჰემის" ადრიანი მოდის (67); იქვე არიან: უგო ლორისი, ლუკაშ ფაბიანსკი და ბრედ გუზანი.
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?
რაც შეეხება კონკრეტულად საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთების მოგერიებას, ამ მხრივ, ბრედ გუზანი ლიდერობს 44 "სეივით", რომელიც მაშინ ყოჩაღობს ხოლმე, როდესაც მცველებს ჩამოეძინებათ. მერე კი რობერტ გრინი და უგო ლორისი მოდიან (42). "ჰალის" მეკარემ, ალან მაკგრეგორმა კი თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ მან ორი პენალტი მოიგერია.ვარდნები და ჩაჭრები
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნემანია მატიჩს უნაკლო სეზონი აქვს. იგი "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებისთვის საკვანძო ფიგურად იქცა და სერბი წარმატებული ვარდნებით ლიდერობს, უკვე 55 დაუგროვდა.რაც შეეხება ჩაჭრებს, პირველზე "კრისტალ პალასის" ავსტრალიელი მილე იედინაკია (68), რომელიც ასევე შეუდარებელი გახლდათ ართმევაზე.
***
კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ "საუთჰემპტონსა" და "ჩელსის" აქვთ შენახული - ათ-ათჯერ.
"სიტის" ფერნანდინიოს ბოლო 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, სულ 3 დარტყმით. იქამდე მან 20 შეხვედრა უგოლოდ ჩაატარა.
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" გახდა პირველი გუნდი 1964/65 წლების სეზონის მერე, რომელმაც პირველი ათი საგარეო მატჩი წააგო გასვლაზე. მაშინ ეს "სანდერლენდმა" მოახერხა. ქპრ-ს სტუმრად ჩატარებულ ბოლო 18 თამაშში ოდენ ერთხელ აქვს კარი მშრალად შენახული. მიმდინარე სეზონში ქუინზპარკელთა მიერ სტუმრად გატანილი 5გოლიდან 4 ჩარლი ოსტინის ანგარიშზეა. სულ გუნდს 23 ბურთი აქვს გატანილი და 13 აქედან ოსტინზე მოდის, ანუ 50%-ზე მეტი. იგი საუკეთესოა ინგლისელ ფორვარდებს შორის და მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება ამ დროისთვის ბომბარდირთა დავის ლიდერს, დიეგო კოშტას, ხოლო მასზე ერთი გოლით წინ "სიტის" ტრავმამოშუშებული გოლეადორი სერხიო აგუეროა.
წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი ფეხბურთელი "ნიუკასლს" გაუძევეს - 9. მეორეზე ამ მხრივ "სანდერლენდია" 8 წითელი ბარათით.
"ასტონ ვილას" ყველაზე ცოტა, 11 გოლი აქვს გატანილი 21 მატჩში და უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ შეძლო გატანა. ბირმინგემელების მონაწილეობით, პრემიერლიგის ბოლო 11 შეხვედრაში ოდენ 13 ბურთი გავიდა.
21 ტურის მერე 11 გოლი მეორე ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერლიგის ისტორიაში, ამაზე უარესი მაჩვენებელი 2007/08 წლების სეზონში "დერბის" ჰქონდა - 10.
სტიუარტ დაუნინგს ამ სეზონში უკვე 11 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 4 გაიტანა, 7 თანაგუნდელებს გაატანინა. 11 გოლში მონაწილეობა მიღებული მას წინა სამი სეზონის ჯამში ჰქონდა.
მისმა "ვესტ ჰემმა" ბოლო 10 შეხვედრიდან 9-ში გოლი გაიტანა, მაგრამ კარი მშრალად უკანასკნელი 8 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეინახა და ბოლო 6 თამაშიდან მარტო 1 მოიგო.
ტონი პულისს მწვრთნელის რანგში პრემიერლიგაში გამართული ბოლო 9 მატჩიდან 6 მოგებული აქვს, 2 ფრედ დასრულებული და მხოლოდ 1 წაგებული.
"ლივერპულს" ახლა 65 პრემიერლიგური მატჩია, არ წაუგია მას მერე, რაც პირველი ტაიმი მოიგო (54 გამარჯვება, 11 ფრე). პრემიერლიგის ბოლო 9 შეხვედრიდან მერსისაიდელებს მარტო ერთი მარცხი აქვთ - 5 მოგება, 3 ფრე.
"ლესტერ სიტისთან" მატჩში სტივენ ჯერარდი შესვენებაზე შეიცვალა. ბოლოს ასეთი რამ 2001 წლის ოქტომბერში მოხდა.
"ჩელსის" ათივე საშინაო მატჩი მოგებული აქვს და თითოეულში სულ მცირე, 2 გოლი გატანილი. პირველი 10 საშინაო შეხვედრის მოგება პრემიერლიგაში მეხუთედ ფიქსირდება. აქამდე ეს შეძლეს — 1995/96 წლების სეზონის "ნიუკასლმა", 2005/06 წლებში იმავე "ჩელსიმ" და ორჯერ "სიტიმ" 2011/12 და 2013/14 წლების სეზონებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"