10:25 29-01-2015
ინგლისის ლიგის თასი: დიეგო კოშტას ხრიკები
AutoSharing Option
"ლურჯებს" უკვე 6 მატჩია, მერსისაიდელებთან წაგება არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ "ენფილდზე" შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო თამაში 0:0 დამთავრდა და რადგან გასვლაზე გატანილი გოლის წესი ინგლისის ლიგის თასზე არ მოქმედებს, დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა.
მეორე შეხვედრაც ძალიან დაძაბული გამოდგა და რამდენიმე საკამათო თუ სანერვიულო ეპიზოდით გამოირჩა. მაიკლ ოლივერმა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. მისით უფრო უკმაყოფილო "ლივერპულის" ბანაკში დარჩნენ. მერსისაიდელები ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ...
აღვნიშნოთ ისიც, რომ სტივენ ჯერარდსა და დიეგო კოშტას შორის პატარა ინციდენტი მოხდა და ფეხბურთელები წაიჩხუბნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად და უბარათოდ დასრულდა.
დიეგო კოშტა მცირე პროვოკაციაზე წავიდა, რაც მას ახასიათებს ხოლმე და ჯერარდი წყობიდან გამოვიდა, რის მერეც ლივერპულელს ცოტა ზედმეტი მოუვიდა, ჯერარდი ანკესზე წამოეგო... სხვათა შორის, ესპანელმა კიდევ რამდენიმე ეპიზოდში სცადა მეტოქეების წყობიდან გამოყვანა და ემრე ჯანისა და მარტინ შკრტელის წინააღმდეგ იმოქმედა უხეშად. თუმცა, მიუხედავად დიეგო კოშტას მსგავსი გამოხდომებისა, იგი ჯერ არ გაუძევებიათ.
ამ თემას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა - კომენტარი ტიერი ანრიმაც გააკეთა, რომელმაც სათამაშო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა და ახლა ექსპერტად მუშაობს.
"ყველა ვამჩნევთ, რომ იგი ასეთ რაღაცებს გამიზნულად აკეთებს. მიყვარს, როდესაც მოთამაშე ხასიათს ავლენს, სპორტული აგრესიაც მისასალმებელია, მაგრამ მას ზედმეტი მოსდის. ვფიქრობ, დიეგო კოშტას წითელი ბარათი ეკუთვნოდა, მაგრამ მისი ქმედებები ვერც მსაჯმა დაინახა კარგად, ვერც ლაინსმენმა. შემართება და ჟინი კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ჯანისა და შკრტელის ეპიზოდში აშკარად გადაამეტა" - თქვა ანრიმ.
ვეტერანი სერბი ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა და "ჩელსის" მოაგებინა, ხოლო ჟოზე მოურინიო აღაფრთოვანა.
"ივანოვიჩის დასისხლიანებული ბუცები ჩვენი აკადემიის ფოიეში უნდა გამოვფინოთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ნახონ და მიხვდნენ, რას ნიშნავს თამაშში ბოლომდე დახარჯვა და გუნდისთვის თავის გაწირვა. მიხარია, რომ მოვიგეთ. ეს ახალი და ძალიან სახიფათო "ლივერპულია", ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ" - თქვა პორტუგალიელმა.
ბრენდან როჯერსი: "ორი მატჩის განმავლობაში ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, ვიდრე "ჩელსი". ორივე შეხვედრაში უკეთ გამოვიყურებოდით და მეტი მომენტიც გვქონდა, მაგრამ ტიბო კურტუა მთავარ ბარიერად იქცა.
რაც შეეხება დიეგო კოშტას, იგი უმაღლესი კლასის მოთამაშეა და საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები ესმოდეს. მან ჩვენი ფეხბურთელები კინაღამ დააშავა, ეს არბიტრებმა ვერ დაინახეს. სამწუხაროა, რომ ასე მოიქცა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იმედია, მსგავსად აღარ ითამაშებს და ამ მხრივ შეიცვლება. ისეთ სიტუაციებში უხეშობს, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არის და არა სათამაშო სიტუაციაში გამოსდის ასე, არამედ თითქოს განგებ აკეთებს".
აქვე ვთქვათ, რომ ივანოვიჩმა მცირე ტრავმა მიიღო, ისევე, როგორც ფილიპე ლუიშმა, მაგრამ ექიმები მიიჩნევენ, რომ მათი დაზიანება სერიოზული არ იქნება. სამაგიეროდ, "ჩელსის" ბანაკში ნერვიულობენ სესკ ფაბრეგასზე, რომლის გამოკლებაც "ლურჯებისთვის" ძალიან ცუდი ამბავი იქნება.
მისი თამაში "სიტისთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში საეჭვოა და მედიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი მწყობრში ჩაყენება მოასწრონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული