ვინ არის და რა შეუძლია ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულ ხუან კუადრადოს

AutoSharing Option
ხუან კუადრადოს ლონდონის "ჩელსის" ბანაკში დიდი ოვაციებით და იმედებით ეგებებიან. ჟოზე მოურინიო ბოლო დროს მინიშნებებით უმაღლესი დონის და მრავალმხრივი ფეხბურთელების ნაკლებობაზე გვესაუბრებოდა.

ახლა კი "განსაკუთრებულს" შედარებით დამშვიდება შეუძლია, რადგან რა-რა და მრავალმხრივობა 26 წლის კოლუმბიელს ნამდვილად არ აკლია. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და მთელი მარჯვენა ფლანგის კონტროლი. შეტევაში უაღრესად პროდუქტიულია და დაცვაშიც ძალიან ძლიერია. მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის სიმპათიურ ნაკრებში ხამეს როდრიგესის მერე ყველაზე შთამბეჭდავი და სასარგებლო მოთამაშე გახლდათ ნაკრებისთვის, რომელსაც 4 საგოლე პასითა და 1 გოლით შეეწია.

ხუან გილიერმო
კუადრადო ბელიო კოლუმბიის ქალაქ ნეკოკლიში დაიბადა, 1988 წლის 26 მაისს. პროფესიონალური დებიუტი "ინდეპენდიენტე მედელინში" ჰქონდა, სადაც უფრო გარემარბად აათამაშეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხუანს თავდამსხმელობა სურდა.

მალევე იგი "უდინეზეს" სკაუტებმა შენიშნეს და "ფრიულიზე" წაიყვანეს. იქ ბოლომდე ვერ გაიხსნა, რადგან უფრო უკანდახეულად ათამაშებდნენ, მაგრამ აუტსაიდერ "ლეჩეში" განათხოვრებული უკვე ბრწყინვალედ ათამაშდა. კუადრადო გუნდის ლიდერად იქცა, მცველადაც, ნახევარმცველადაც და თავდამსხმელადაც. ფლორენციის "ფიორენტინამ" ეს ყველაფერი კარგად შენიშნა და 2012 წლიდან მოყოლებული აქამდე, იგი სწორედ "იების" ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელი გახლდათ.

ის, რომ კუადრადო ძალიან ნიჭიერია და პოტენციალის გამოვლენას და ბოლომდე გახსნას ახლა იწყებს, უდავოა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად მოერგება იგი პრემიერლიგას. მართალია, ხუანს არც ფიზიკური კონდიციები აკლია, არც სისწრაფე და არც ტექნიკა და ისეთ უაღრესად სპეციფიკურ ჩემპიონატში დაიმკვიდრა თავი, როგორიც სერია A გახლავთ, მაგრამ პრემიერლიგასაც თავისი სპეციფიკა აქვს, განსხვავებული, კუნძულური.

ასეა თუ ისე, კუადრადოსგან მართლაც ბევრს ელიან, მას კარგი პრესაც აქვს და განწყობაც ოპტიმისტურია.

"ხამეს როდრიგესი, ულაპარაკოდ, კოლუმბიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ხუან კუადრადო დიდად შორს არ გახლდათ. მან ნაკრების ტაქტიკური პრობლემა გადაჭრა, დაცვას ფრთხილად ყოფნა და ძალიან უკან დარჩენა უწევდა მარიო იეპესის დასაზღვევად.

სამაგიეროდ, კუადრადო რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად ასრულებდა, თავისი დრიბლინგებით ნაკრებს შეტევაში ძალიან ეხმარებოდა და დაცვაშიც ჩადიოდა. მას მთელი მარჯვენა ფლანგის კონტროლი შეუძლია და საუკეთესო მარჯვენა გარემარბია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მარცხნივაც თამაშობს. დაახლოებით სამი წლის წინ პრემიერლიგიდან მისდამი დიდი ინტერესი იყო, მაგრამ ის უცნაური მიზეზით არ დაიმატეს - უკვე ასაკშია, პატარა ბიჭი აღარ არისო.

მართლაც უცნაურია, რადგან ის ახლაც კი ჯერ სულ რაღაც 26 წლისაა და არაერთი კარგი წელი აქვს წინ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით. პორტუგალიელი დიდ სიამოვნებას და სარგებელს მიიღებს იმ მრავალმხრივობით, რომელსაც მას კოლუმბიელი შესთავაზებს" - თქვა სამხრეთამერიკული ფეხბურთის ექსპერტმა ტიმ ვიკერიმ.

ბოლოს კი გავიხსენოთ, რომ პარალელურად, "ლურჯებმა" ანდრე შურლე გაუშვეს, რომელიც "ვოლფსბურგმა" 22 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ წაიყვანა და პრემიერლიგის ლიდერმა ხელი ცოტათი რაიან ბერტრანის "საუთჰემპტონისთვის" ბოლომდე მიყიდვითაც მოითბო (კონკრეტული თანხა არ ხმაურდება).

კუადრადოს ტრანსფერის შემადგენელ ნაწილად კი მოჰამედ სალაჰი სეზონის ბოლომდე ფლორენციაში გაემგზავრა და თუ "ფიორენტინას" თავს მოაწონებს, ეგვიპტელს "იები" ბოლომდე გამოისყიდიან ან იჯარას გადაავადებენ. ერთიც, პირველ რიგში, თავისი სისხარტით ცნობილ 18 წლის ფორვარდს, ალექს კივომიას ახალი შეთანხმებით "ჩელსი" "ბარნლის" სულ მინიმუმ, 3 მარტამდე დაუტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული