ფრეიზერ ფორსტერმა კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია და "შათაუტების" სიაში თავმომწონედ ლიდერობს. თუმცა 26 წლის ინგლისელი მეკარე მორცხვობს და ამბობს, რომ ეს არა პირადად მისი, არამედ მთლიანად გუნდის დამსახურებაა, დიდწილად მცველების, თუმცა კომპლიმენტები სრულიად "წმინდანებს" ეკუთვნით.
"როგორც გუნდი, ჩვენ ვამაყობთ, რადგან თავს კარგად ვიცავთ. ამას ბურთის ფლობის ხარჯზე ვახერხებთ და ამავდროულად, შეტევაში კარგად ვთამაშობთ და მეტოქეებზე ზეწოლას
მთავარია, რომ ორგანიზებულად ვმოქმედებთ და დაცვაში ვართ ყურადღებით. 0:0 რამდენი ხანიც არ უნდა ნარჩუნდებოდეს, სანერვიულო არ არის, რადგან შეტევაში იმდენად კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომ ადრე თუ გვიან, ისინი მომენტებს შექმნიან და გოლების გატანას შეეცდებიან" - განაცხადა გლაზგოს "სელტიკის" ყოფილმა გოლკიპერმა.
სადიო მანე თავისი გვიანი გოლით ქპრ-სთან მატჩის გმირად კი იქცა, მაგრამ ფორსტერს ჩარლი ოსტინისთვის საოცარი ბურთი რომ არ აეღო, "საუთჰემპტონი" 3 ქულას კი არა, ქულას ან აიღებდა, ან არა. ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა მეკარემ, ნაკრების მომავალი სავარაუდო წევრის მიერ დარტყმული საუცხო რეფლექსური მოძრაობით მოიგერია და უიქენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული "სეივი" გამოაცხო.
"მე, უბრალოდ, მხარი გავწიე და მოგერიება ვცადე. ძალიან სასიამოვნოა "სეივის" გაკეთება, მაგრამ იმ გამარჯვებისთვის ქება გუნდს ეკუთვნის. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მიხარია, რომ გამომდის" - დასძინა ფორსტერმა, რომელიც თუ ასე გააგრძელებს, ჯო ჰარტს ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგელობაში ადგილს დააკარგვინებს.
ვინ რამდენჯერ შეინახა კარი მშრალად:
ფრეიზერ ფორსტერი საუთჰემპტონი 11
ლუკაშ ფაბიანსკი სუონსი 9
სიმონ მინოლე ლივერპული 9
ბენ ფოსტერი ვესტ ბრომვიჩი 8
ბრედ გუზანი ასტონ ვილა 7
ტიბო კურტუა ჩელსი 7
დავიდ დე ხეა მანჩესტერი 7
ჯო ჰარტი სიტი 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"