რატომ გაიქცა ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციიდან

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "ჩელსიმ" "ევერტონს" ვილიანის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო.

* ბრანისლავ ივანოვიჩი, მეტოქესთან დაპირისპირების მიუხედავად, სანქციებს გადაურჩა.

პრემიერლიგის ლიდერს, ლონდონის "ჩელსის" "ევერტონთან" მოგება ძალიან გაუჭირდა. "კანფეტები" საუკეთესო ფორმაში ვერ არიან, მაგრამ ადვილად და ტკბილად გადასაყლაპავ ლუკმას არავისთვის წარმოადგენენ, რაც "სტემფორდ ბრიჯზეც" დადასტურდა.

რომელუ ლუკაკუ თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს გახლდათ და ალბათ, "ევერტონს" 1994 წლის მერე "სტემფორდ ბრიჯზე" პირველ გამარჯვებასაც მოუტანდა, მაგრამ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, მას პეტრ ჩეხმა აუღო.

საბოლოოდ კი, "ლურჯები" ორი ქულის დაკარგვასა და "სიტის"
უფრო ახლოს მიშვებას ვილიანმა გადაარჩინა, რომელმაც მატჩის მიწურულს გაიტანა და ჟოზე მოურინიომაც ბრაზილიელი უმალვე შეცვალა, თან დაცვა გააძლიერა და თან აპლოდისმენტები აჩუქა მას. სხვათა შორის, ამჯერად ძირითადში იყო ხუან კუადრადო, მაგრამ კოლუმბიელს ადაპტაციისთვის რაღაც დრო სჭირდება.

მატჩს შეხლა-შემოხლა არ აკლდა და იყო გაწევ-გამოწევებიც. არც მატჩისშემდგომი აურზაური მოგვკლებია. ასე მაგალითად, მერსისაიდელების თავკაცმა რობერტო მარტინესმა აღნიშნა, რომ "ჩელსი" მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა და ჩემი ფეხბურთელები გავაფრთხილე, ყურადღებით იყავით და თავი შორს დაიჭირეთ ინციდენტებისგანო.

მიუხედავად ამისა, "ევერტონს" გარეთ ბერი გაუძევეს, რაც ესპანელი სპეციალისტის აზრით, არასწორი გადაწყვეტილება გახლდათ. მოურინიო კი პრესკონფერენციიდან გაიქცა. როდესაც ჰკითხეს, რას იტყვით, ბრანისლავ ივანოვიჩი აგრესიული ქმედებების მიუხედავად სასჯელს რომ გადაურჩაო, პორტუგალიელმა ჟურნალისტებს უპასუხა - ბოდიში, უნდა წავიდე, ხვალ შევხვდებითო - და იქაურობა დატოვა.

საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი გაწევ-გამოწევისას, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, სერბმა მცველმა ჯეიმს მაკარტის უკნიდან ყელზე ხელი შემოხვია და მერე თავი თავზე მიადო. ამ ყველაფერს შეხვედრის მთავარი მსაჯი ჯონათან მოსი ძალიან კარგად ხედავდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ივანოვიჩი არ უნდა გაეძევებინა.

ჟურნალისტები "განსაკუთრებულს" ამ ინციდენტზე განსაკუთრებულად იმიტომ ჩააცივდნენ, რომ მატჩამდე მან "ორმაგ სტანდარტებზე" ისაუბრა და განაწყენებულმა აღნიშნა, თუ ჩვენ დიეგო კოშტა წაგვართვეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს მას, მაშინ რობინ ვან პერსის რატომ არ სჯიან, რომელმაც "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში ჯეიმს ტომკინს ჩაარტყა, ვერ გავიგე, რა მოვლენაა ეს შერჩევითი სამართალიო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მოუმ იანვარში მორიგი სასჯელი მიიღო, იგი 25 ათასი გირვანქით დაჯარიმდა იმის გამო, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ კამპანიაა აგორებულიო, გაიძახოდა. ეს განცხადება "ლურჯების" დამრიგებელმა დიეგო კოშტასთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ გააკეთა. სხვათა შორის, ესპანელს დისკვალიფიკაციის ვადა უკვე გაუვიდა და მომავალ ტურში თავის გუნდს დაეხმარება.

"მასპინძელი გუნდები ხშირად ცდილობენ ხოლმე მსაჯზე ზეწოლის მოხდენას და ამჯერადაც ასე იყო. ბერისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება "ჩელსის" ფეხბურთელების რეაქციისა და მოთხოვნის გამო არბიტრის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება არ გახლდათ. წესებზე თუ ვსაუბრობთ, ივანოვიჩიც ცუდად მოიქცა და წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ..." - დანანებით აღნიშნა მარტინესმა, რომელიც გულდაწყვეტილი იყო და ამ მატჩში მეტს ვიმსახურებდითო, ამბობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორს არ იძახის?ვან პერსის რატომ აპატიეს? ინგლისში მანჩესტერს ყველანაირად ხელს უწყობენ
gogi
12:55 13-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული