02:47 09-03-2015
ინგლისი. ასოციაციის თასი. 1/4 ფინალი: რა მოხდა ბირმინგემში [VIDEO]
AutoSharing Option
ეს ორი ბურთი უესტ მიდლენდსის დერბიში ვიხილეთ, რომელიც ძალიან ემოციური გამოდგა. "ასტონ ვილა" და "ვესტ ბრომვიჩი" ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ პრემიერლიგაში და ბირმინგემელებმა ბოლო წამებზე გატანილი პენალტით მოიგეს.
ახლა კი "ვილამ" უფრო დამაჯერებლად იმარჯვა ფაბიან დელფისა და სკოტ სინკლერის გოლებით.
გუნდებმა ასევე თითო წითელი ბარათი გაინაწილეს. კულმინაცია კი საფინალო სასტვენი იყო, როდესაც ფანები მინდორზე შემოიჭრნენ და საფარი დაფარეს.
სახალისო სანახავი იყო ლაინსმენი, რომელმაც უსაინ ბოლტის სიჩქარე განავითარა და გასახდელისკენ გაიჭრა, მაგრამ ფანებს ის ნაკლებად აინტერესებდათ, მათ "ნადავლს" ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. საბედნიეროდ, უსიამოვნო ინციდენტი არ მომხდარა, მაგრამ ამის გამო "ასტონ ვილა" გარკვეულ სასჯელს ვერ გადაურჩება.
ბირმინგემულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად მოიბოდიშა, ხოლო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოძიება დაიწყო.
"ალბიონის" თავკაცი ტონი პულისი, როგორც ჩანს, "ვილასთან" ზედიზედ ორი მარცხის გამო ძალიან გაბრაზდა და ქომაგების ამ საქციელმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, მინდორზე შემოჭრილ გულშემატკივრებს მან "უტვინო იდიოტები" უწოდა.
"ძალიან საშიში ატმოსფერო იყო. წამართვეს სამკლავური, ვიღაცამ ჩემი მარცხენა ბუცი წაიღო. თუმცა შემიძლია წარმოვიდგინო, რამხელა შვება და სიხარული იყო ფანებისთვის ეს გამარჯვება. ხალხი ჩემ კოცნას ცდილობდა, მკბენდნენ კიდეც. შემეშინდა", - თქვა დელფმა.
"ასტონ ვილა" ამაზე უკეთეს ფსიქოლოგიურ მუხტს, ალბათ, ვერ მიიღებდა, პრემიერლიგაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა და შეწყვეტილი მოუგებელი სერია და ახლა ასოციაციის თასის ნახევარფინალის საგზური. თანაც, ორივე მოგება "ვესტ ბრომვიჩთან" დერბიში.
"კარგი კვირა იყო და ფეხბურთელებს სურთ, რომ ეს გამარჯვება ფანებს მიუძღვნან, რომელთა მხარდაჭერაც ძალიან გვჭირდება. ისინი კიდევ არაერთხელ უნდა გავახაროთ. თუ ასოციაციის თასს მოვიგებთ, მაგრამ პრემიერლიგიდან გავვარდებით, ეს წარუმატებლობა იქნება" - განაცხადა ბირმინგემელების დამრიგებელმა ტიმ შერვუდმა.
"ბრედფორდი"-"რედინგისა" და "ლივერპული"-"ბლექბერნის" შეხვედრებში კი გადათამაშება იქნება, რადგან ეს გუნდები უგოლოდ გაეყარნენ ერთმანეთს. რასაკვირველია, უფრო გასაკვირი ის არის, რატომ ვერ მოიგო "ლივერპულმა". როგორც ჩანს, მერსისაიდელებს მთელი ყურადღება პრემიერლიგაზე აქვთ გადატანილი.
სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის დებიუტშივე დაშავდა მარტინ შკრტელი, რომელიც საკაცით გაიყვანეს. ფანებს "ენფილდზე" დიდი ბანერი ჰქონდათ - მოახვედრეთ ჯერარდი "უემბლიზეო" - ვნახოთ, გამოუვა თუ არა ეს ბრენდან როჯერსის გუნდს.
ასოციაციის თასი. 1/4 ფინალი
ბრედფორდი-რედინგი 0:0
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 დელფი (51), 2:0 სინკლერი (85)
გაძევება: იაკობი (80. ვესტ ბრომვიჩი), გრილიში (90. ასტონ ვილა)
ლივერპული-ბლექბერნი 0:0
9 მარტი
მანჩესტერი-არსენალი 23:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული