ინგლისის ასოციაციის თასი: welbeck-ის well done-ი და come back-ი

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მთავარმა მეოთხედფინალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა.

"ოლდ ტრაფორდზე" დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა და "არსენალი" ნაჩო მონრეალმა დააწინაურა, მაგრამ ამ გოლისას ნახევარზე მეტი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გააკეთა შესანიშნავი ტექნიკური თამაშით (ალექსმა ტრავმა მიიღო და "არსენალს" 4 კვირით დააკლდა).

მალევე ანხელ დი მარიას პასით, უეინ რუნიმ თავურით გაათანაბრა. ხოლო გადამწყვეტი გოლი "მანჩესტერს" თავისმა ყოფილმა თავდამსხმელმა დენი უელბეკმა გაუტანა ანტონიო ვალენსიას უხეში შეცდომის მერე. დავიდ დე ხეამ, ტრადიციულად, რამდენიმე საუცხოო "სეივი" შემოგვთავაზა და ერთი-ორი მომენტი ჰქონდათ "წითელ ეშმაკებსაც".

რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო შეხვედრის მთავარმა
არბიტრმა. დიდი აჟიოტაჟი დი მარიას გაძევებამ გამოიწვია. არგენტინელი მეტოქის საჯარიმოსთან დაეცა. მართალია, მან აშკარად მოინდომა დაცემა, მაგრამ მცირე კონტაქტიც იყო. მაიკლ ოლივერმა დი მარიას ყვითელი ბარათი უჩვენა სიმულაციისთვის.

ეპიზოდს დიდი გარჩევა მოჰყვა, ხოლო ზურგით გატრიალებულ მსაჯს თავად დი მარიამ მაისურზე მოქაჩა და ამისთვის მეორე ყვითელი მიიღო... სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დი მარია ერთწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელ ბარათს იღებს. მსგავსი რამ მას 2013 წლის თებერვალშიც შეემთხვა, როდესაც "რეალი" "დეპორტივოსთან" შეხვედრისას დააღალატა: მან მეტოქეს ჯარიმის თავისუფლად გათამაშების საშუალება არ მისცა და მსაჯის მითითებისა და პირველი ყვითელი ბარათის მიუხედავად, ბურთს საჭირო დისტანციაზე კიდევ რამდენიმე წამი არ მოშორდა, რისთვისაც მეორე ყვითელი მიიღო.

გარდა ამისა, ოლივერმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა ბელერინს, რომელიც აშკარად ეუხეშა იანგს. ბოლოს კი ადნან იანუზაი საკამათო სიტუაციაში პენალტს ითხოვდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა.

"როგორც დავინახე, ის მსაჯს შეეხო, ეს კი ყველა ქვეყანაში დაუშვებელია. ასე რომ, ანხელის საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ ვიდეო მაინც უნდა ვნახო და ემოციების მოზღვავებაც გასაგებია. დი მარიას უკვე ვესაუბრე და მან იცის ჩემი პოზიცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით" - განაცხადა ლუი ვან გაალმა.

ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი შანსი იყო ამ სეზონის ტიტულით დამთავრების და ფაქტია, ეს აღარ გამოვა. თანაც, "არსენალთან" საშინაო წაგება ფანებს განსაკუთრებით არ ესიამოვნათ. ვან გაალი კრიტიკის ახალ დოზას მიიღებს და თან "წითელ ეშმაკებს" ახლა ურთულესი კალენდარი აქვთ - "ტოტენჰემი" (შინ), "ლივერპული" (სტუმრად), "ასტონ ვილა" (შინ), "სიტი" (შინ), "ჩელსი" (სტუმრად), "ევერტონი" (სტუმრად).

ჰოლანდიელს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ არიან მისი მხარდამჭერებიც. მაგალითად, "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი როი კინი, რომელსაც საშინლად არ მოსწონს გუნდის თამაში დაცვაში, მაგრამ თან მიაჩნია, რომ დროა საჭირო.

"ვან გაალს გააკრიტიკებენ, ეს მოსალოდნელია, თუმცა მიეცით კაცს შანსი და დრო, ორი-სამი წელი" - ამბობს კინი.

"გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, ყველაზე დასანანი ის არის, რომ მატჩი ჩვენით წავაგეთ-მეთქი. მეორე ტაიმში პირველი მომენტი ჩვენ გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მერე შეცდომა დავუშვით და საკუთარი თავი დავამარცხეთ. მატჩამდე ვთქვი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრაა-მეთქი, მაგრამ ყველა მწვრთნელს და ფეხბურთელს უნდა ტიტულის მოპოვება. ჩვენც მოსაგებად ვთამაშობდით, ნახევარფინალში გასვლა გვინდოდა" - თქვა ვან გაალმა.

უელბეკი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია. მან გატანილი ბურთი აღნიშნა, მაგრამ ისიც თქვა, რომ ეს ძალიან რთული მომენტი იყო მისთვის. იგი ვან გაალმა წინა წლის სექტემბერში 16 მილიონ გირვანქად მიჰყიდა "მეთოფეებს". დენიმ "არსენალს" 2006 წლის მერე პირველად მოაგებინა "ოლდ ტრაფორდზე".

"ჩემთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ფანი ვარ და ძალიან რთულია, როდესაც შენთვის ძვირფას გუნდს აგდებ ტურნირიდან" - განაცხადა უელბეკმა.

"წითელ ეშმაკებს" კი ვებსივრცეში გულშემატკივრების გარდა, პრესაც დასცინის. მაგალითად, "სანმა" სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა - მანჩესტერში არ იმჩნევენ, რომ მათ დენი უელბეკმა გაუტანა, "იუვენტუსს" პოლ პოგბამ მოაგებინა, "სპორტინგის" რიგებში თავი ნანიმ გამოიჩინა, ხოლო უიქენდზე დევიდ მოიესის "სოსიედადმა" იმარჯვაო.

წილისყრა
ნახევარფინალში "არსენალი" "რედინგისა" და "ბრედფორდის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდებს შორის გადათამაშება 16 მარტს გაიმართება. 15 მარტს შედგება "ბლექბერნი"-"ლივერპულის" გადათამაშება და ვიცით ისიც, რომ მათ შორის მოგებული "ასტონ ვილას" გაეჯიბრება. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, "არსენალი"-"ლივერპულის" ფინალი მივიღოთ. ნახევარფინალური შეხვედრები 18-19 აპრილს, "უემბლიზე" გაიმართება.

"მეთოფეების" თავკაცი არსენ ვენგერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადვილი თამაშები აღარ არის. მაგალითად, "ბრედფორდს" "არსენალი" 2012/13 წლების სეზონში ლიგის თასის მეოთხედფინალში გადაეყარა და დამარცხდა. ბრედფორდელებს ამ სეზონში "ჩელსი" და "სანდერლენდი" უკვე დამარცხებული ჰყავთ. აი, "რედინგთან" კი გადათამაშება დასჭირდათ.

"წინა წელს ნახევარფინალში "უიგანთან" ძალიან რთული მატჩი გვქონდა "უემბლიზე". ვინც უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, იმავეს ველოდებით ამჯერადაც.

თუმცა იქამდე შეგვიძლია გამარჯვებით დავტკბეთ. კარგად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. ჩვენ ყველა ტურნირზე წარმატებისთვის ბრძოლა გვინდა და ეს გამარჯვება მორალურად გაგვამხნევებს, როგორც პრემიერლიგის მატჩებისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "მონაკოსთან" საპასუხო მატჩისთვის" - თქვა ვენგერმა, რომლის გუნდიც ასოციაციის თასის მოქმედი გამარჯვებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული