ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" 150 მილიონს დახარჯავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ტრანსფერებისთვის კიდევ, სულ ცოტა, 150 მილიონ გირვანქას მიიღებს.

ასეთი ცნობები ვრცელდება ბრიტანულ მასმედიაში. თანაც, ეს თანხა მიუხედავად იმისა გამოიყოფა, გავა თუ არა "ოლდ ტრაფორდის" ბინადარი ოთხეულში და მოიპოვებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. როგორც ჩანს, არც ლუი ვან გაალის გაშვებას აპირებენ და ჰოლანდიელიც იმაზე ფიქრობს, როგორ დახარჯავს ამ თანხას.

პრესას ამ კუთხითაც აქვს საკუთარი ვარიანტები და ჰყავს კანდიდატები - "საუთჰემპტონის" ფლანგის მცველი ნათანიელ კლაინი, "დორტმუნდის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, "ასტონ ვილას" რონ ვლაარი, "რომას" ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი,
პსვ-ს შემტევი მემფის დეპაი, "ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი საიდო ბერაჰინო, "ბარნლის" ფორვარდი დენი ინგსი (რომელიც ზაფხულში, წესით, თავისუფალი აგენტი იქნება) და ასე შემდეგ.

შეგვიძლია, ცოტა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ბერაჰინოზე. ახლა სადიოს ყველაზე აქტიურად სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. 21 წლის თავდამსხმელი "ოლდ ტრაფორდზე" "წითელი ეშმაკებისა" და "არსენალის" სათასო დუელს დაესწრო და პრესას სალაპარაკო მისცა.

"ვესტ ბრომვიჩის" აღზრდილი ბერაჰინო ინგლისის ახალგაზრდული და უკვე ძირითადი ნაკრების წევრია.

სავარაუდო წამსვლელებს რაც შეეხება... "მანჩესტერი" არ აპირებს რადამელ ფალკაოს გამოსყიდვას. კოლუმბიელი სარეზერვო გუნდში ათამაშეს და იქაც შეცვალეს, ფალკაომ გოლი ვერ გაიტანა. დიდი შანსია, გუნდი დატოვონ ხუან მატამ, რობინ ვან პერსიმ, ხავიერ ერნანდესმა და რაფაელმაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული