"ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, სატურნირო ცხრილში წინ და წინ უნდა გავცოცდეთ. ყველა სრულად მობილიზებულია და მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ და გავუმკლავდეთ მას. დიკი საუცხოო გამოცდილების მქონე, უმაღლესი დონის სპეციალისტია" - განაცხადა "სანდერლენდის" თავმჯდომარე ელის შორტმა.
დიკ ადვოკაატი: "ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ მუშაობას. "სანდერლენდი" დიდი გუნდია და ჩემთვის ეს გამოწვევაა, რომელიც სიამოვნებით მივიღე.
ჟელიკო პტეროვიჩი ადვოკაატის ერთ-ერთი ასისტენტი იქნება. მის სამწვრთნელო შტაბში შევა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებისა და "სუონსის" მეკარეების მწვრთნელი ადრიან ტაკერი. "შავი კატების" აკადემიის მწვრთნელმა პოლ ბრეისველმა კი აღნიშნა, დიკს ყველანაირად დავეხმარები და შიდა სამზარეულოს კარგად გავაცნობო.
ალბათ, ადვოკაატს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მოკლედ მაინც აღვნიშნოთ, რომ მას პრემიერლიგაში აქამდე არ უმუშავია, მაგრამ ბრიტანული ფეხბურთის მტვერით "რეინჯერსში" მოიწამლა, სადაც 1998-2002 წლებში მუშაობდა. გლაზგოელებთან ერთად მას ტიტულები აქვს მოგებული, ისევე, როგორც მაგალითად, პსვ-სთან და "ზენიტთან" ერთად მუშაობისას. სხვათა შორის, ჰოლანდიელმა "ზენიტს" 2008 წლის უეფას თასი მოაგებინა და სწორედ "რეინჯერსი" დაამარცხა, ხოლო სუპერთასი "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო.
რაც შეეხება სანაკრებო დონეს, მშობლიურ ჰოლანდიას ხელმძღვანელობდა; ასევე, საემიროების, სამხრეთ კორეის, ბელგიის, რუსეთისა და სერბეთის ნაკრებებს ედგა სათავეში.
არტურ ნიუმენს ადვოკაატის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის ნაკრებში, "რეინჯერსსა" და პსვ-ში აქვს ნათამაშები. ის ადვოკაატის ადვოკატად მოგვევლინა:
"იგი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ყოველთვის ამბობდა, რომ ინგლისში მუშაობაზე ოცნებობდა. ვფიქრობ, ამ რთულ პერიოდში "სანდერლენდს" სწორედ ასეთი გამოცდილი სპეციალისტი სჭირდება. მის ინგლისში ჩასვლას ყველა მალევე შეამჩნევს, ისევე, როგორც გუნდს დაეტყობა მალევე მისი ხელი. ადვოკაატის ჭამა, სმა და ძილი ფეხბურთია. მას პრესაც შეიყვარებს, რადგან ფეხბურთზე ყოველთვის ღიად და სიამოვნებით საუბრობს ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"