ჰოლანდიელი მწვრთნელები და ინგლისის პრემიერლიგა

AutoSharing Option
დიკ ადვოკაატის დებიუტი წარმატებული არ გამოდგა. გამოცდილ ჰოლანდიელ სპეციალისტს ვერც თამამმა შემტევმა შემადგენლობამ უშველა და ვერც ადამ ჯონსონის შემადგენლობაში დაბრუნებამ. "შავი კატების" მოუგებელი სერია 8 მატჩამდე გაიზარდა, ხოლო გასავარდნ ზონასთან, ანუ კონკრეტულად "ბარნლისთან" სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

"ლაითის" ბინადრებს ბოლო 2 ტურში "ჩელსისთან" და "არსენალთან" საგარეო მატჩები ელოდებათ და უმაღლეს ლიგაში დარჩენის ამბავი იქამდე უნდა მოაგვარონ. კალენდარიც შედარებით მსუბუქია.

შემდეგ ტურში "შავ კატებს" "ნიუკასლთან" საშინაო მატჩი ელოდებათ და თუ ტაინ უირის დერბიში იძალეს, ეს 3 ქულაც იქნება და დიდი ფსიქოლოგიური
მუხტიც. "სანდერლენდს" 30 მატჩიდან მხოლოდ 4 მოგება აქვს და მატჩების თითქმის 50% (14 შეხვედრა) ფრედ აქვს დასრულებული.

ჰოლანდიელი მწვრთნელები ბოლო წლებში პრემიერლიგაში აქტუალური თემაა და თან ახლა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალს ჩააბარეს, აგერ, "სანდერლენდში" კი ადვოკაატი გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუუს ჰიდინკი რჩება ერთადერთ ჰოლანდიელ სპეციალისტად, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. სხვა მხრივ, სტატისტიკა ასეთია - 1 ფრე, 5 წაგება.

"ბედნიერი ვარ, რადგან გუნდმა კარგად ითამაშა. ახლა კი ყველაფერი უნდა განვიხილოთ და ფანებს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. "ვესტ ჰემთან" თამაში ადვილი არ გახლდათ, მეტოქის გაუთავებელი გრძელი გადაცემები. ლონდონელებს კარგი გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი ყველაფერი წინ გვაქვს" - განაცხადა ადვოკაატმა.

67 წლის სპეციალისტმა, რომელიც ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია პრემიერლიგაში, ისიც თქვა, არ ველოდი "ვესტ ჰემისგან", თუ 88-ე წუთზე გაიტანდაო. რა იგულისხმა კონკრეტულად, ძნელი სათქმელია, მაგრამ შესაძლოა, "ჩაქუჩების" სტატისტიკა იცოდა, რადგან აქამდე ამ სეზონში "ვესტ ჰემს" მატჩის მიწურულს გოლი საერთოდ არ გაეტანა. დიაფრა სახოს ეს გოლი ყველაზე გვიანი ბურთია.

ამასობაში, სახო "ჩაქუჩების" ისტორიაში მე-14 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 10 ან მეტი ბურთი გაიტანა. სენეგალელით და მთლიანად გუნდით კმაყოფილი დარჩა სემ ალარდაისი, რომელსაც იქამდე 12 ტურში ერთადერთი მოგება ჰქონდა. მატჩის მერე "დიდი სემი" სიხარულით გაიძახოდა, ორი კურდღელი დავიჭირეთ, მოვიგეთ და თან კარი მშრალად შევინახეთო.

სხვათა შორის, სახოს საგოლე გადაცემა მარკ ნოუბლმა გაუკეთა და იგი "ჩაქუჩების" ისტორიაში, უშუალოდ პრემიერლიგის მატჩების გათვალისწინებით, მესამე მეპასეა. მეორე ადგილზე ტრევორ სინკლერია 25 საგოლე პასით, ხოლო ყველაზე მეტი საგოლე პასი "ვესტ ჰემის" მაისურით, კერძოდ კი, 31 პაოლო დი კანიოს აქვს გაკეთებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული