"ვშიშობთ, დღეისთვის არ გვაქვს ვაკანსია, მაგრამ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენ მიმართ ინტერესისთვის და მომავალში წარმატება გისურვოთ" ("დერბი ქაუნთი").
"მადლობას გიხდით წერილისთვის, მაგრამ ვწუხვართ, რომ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება. ამ დროისთვის შევსებულია ყველა ადგილი მოთამაშეებისთვის და უახლოეს მომავალში
"სამწუხაროდ, არ შეგვიძლია თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება, რადგან უკვე გვყავს საჭირო მოთამაშეები თქვენს პოზიციაზე" ("ასტონ ვილა").
"ვწუხვართ, მაგრამ იძულებულნი ვართ შეგატყობინოთ, რომ ჩვენი იუნიორთა გუნდის ამასწინანდელი რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენთან მხოლოდ 15 წლამდე ფეხბურთელები გაისინჯებიან. ვწუხვართ, რომ იმედი გაგიცრუეთ, თუმცა სხვა გუნდების მსგავსად, ჩვენ გვყავს დიდი რაოდენობით სკაუტები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელებს აკვირდებიან და თუ თქვენ გაგაჩნიათ პროფესიონალი ფეხბურთელის თვისებები, აუცილებლად შეგამჩნევენ" ("ჩელსი").
"დარწმუნებულნი ვართ, გაგებით მოეკიდებით იმას, რომ ასობით მსგავს წერილს ვიღებთ. ჩვეულებრივი პრაქტიკაა დადებითი პასუხი იმ მოთამაშეების წერილებზე, რომლებსაც გარკვეული დამსახურება და კარგი რეკომენდაციები აქვთ ფეხბურთში ჩახედული ადამიანებისგან. ამიტომაც, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია მოგიწვიოთ გასინჯვაზე" ("ნოტინგემ ფორესტი").
იმ დღეების გახსენებისას ვხვდები, რა გახდა ჩემი წარუმატებლობების მთავარი მიზეზი. საქმე ჩემს სიმაღლეში არ იყო. მე უნივერსალი ვიყავი და საკუთარ თავს გუნდურ მოთამაშედ მივიჩნევდი. შემეძლო გოლების გატანა, მაგრამ არ ვიყავი სანახაობრივი მოთამაშე და გვერდიდან შეუმჩნეველი ვრჩებოდი. მართალია, შემეძლო მოედნის ცენტრის კონტროლი, მაგრამ იშვიათად მივდიოდი გარღვევებზე და ვასრულებდი 35-მეტრიან პასებს.
ვკითხულობდი თამაშს, ვჭრიდი მეტოქის გადაცემებს, ვუკეტავდი სივრცეს მეტოქეს და ვაკეთებდი მარტივ გადაცემებს. დაუღალავად ვმუშაობდი საჯარიმოდან საჯარიმომდე, თავს ვიცავდი და ვუტევდი.
ჩემ მიერ გატანილ ყოველ ბრწყინვალე გოლზე ასობით შეუმჩნეველი სამუშაო მოდიოდა - როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი და ამას გულშემატკივრები ვერ ამჩნევდნენ. ყოველ წამს მუშაობაში ვიყავი, შემართული ბრძოლისთვის და აბსოლუტურად კონცენტრირებული. შემართულობა და ბრძოლისუნარიანობა ჩემი საფირმო ნიშანი იყო. კონცენტრაციას კი სხვები ვერ ხედავდნენ. ამისთვის ძალიან მახვილი და გავარჯიშებული თვალი იყო საჭირო.
დახმარება მოვიდა იქიდან, საიდანაც არ ველოდები. ასე ხდება ყოველთვის.
1989 წელს, ირლანდიის მთავრობამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციასთან ერთად გახსნა კურსები ახალგაზრდა ელიტური ფეხბურთელებისთვის. 24 ირლანდიურ გუნდს შეეძლო კურსებზე გაეშვა თავისი პერსპექტიული მოთამაშეები. წავიკითხე ამის შესახებ და ამაში შანსი დავინახე. იგივე გააკეთა ჩემმა მეგობარმა ლენ დაუნიმ, რომელსაც დღე-დღეზე უნდა მოეწერა ხელი "კორკი სიტისთან" კონტრაქტზე.
ლენი კორკის ტიპური წარმომადგენელი იყო, მაგრამ როი კინსაც არა უშავდა. მასაც გავლილი ჰქონდა ქუჩის სკოლა. "კორკ კიტის" წარმომადგენლებმა მეც შემომთავაზეს კონტრაქტის გაფორმება და წინასწარი ხელშეკრულებისთვის ხელიც მქონდა მოწერილი. ვიცოდი, რომ გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გაშვება შეეძლო დუბლინში კურსებზე. ამიტომაც, როცა ლენმა მითხრა, რომ "კორკი" კურსებზე მას უშვებდა, ძალიან მეწყინა.
მადლობა ღმერთს, ედი ო'რურკი დამიკავშირდა იმავე დღეს. ედი უთავსებდა მჭედლისა და "კობ რამბლერსის" იუნიორთა გუნდის მწვრთნელის სამუშაოებს. ის კარგად მიცნობდა და ჩემი ბევრი თამაში ჰქონდა ნანახი "როკმაუნტის" შემადგენლობაში. მისი გუნდი ჩვენთან ყოველთვის აგებდა და მეორე ადგილს იკავებდა.
"ხომ არ მოხვიდოდი "კობ რამბლერსში", როი?" - მკითხა მან.
"უკვე გავაფორმე კონტრაქტი "კორკ სიტისთან", - ვუპასუხე მე.
"როდის?"
"გუშინ".
"მოიცადე. დავურეკავ ასოციაციას და გავარკვევ - ხარ თუ არა სიაში".
რომ მცოდნოდა, რამდენი რამ იყო დამოკიდებული ამ ზარზე, იმ წუთს მოვკვდებოდი.
"კორკ სიტის" თავი არ შეუწუხებია ასოციაციაში იმ დოკუმენტის გაგზავნაზე, რომელსაც ხელი მოვაწერე. ვუთხარი ედის, რომ "რამბლერსთან" კონტრაქტს მოვაწერდი ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასოციაციის კურსებზე გამიშვებდნენ. ის დათანხმდა. გარიგება სრულყოფილი იყო და დოკუმენტები დუბლინში ექსპრეს-ფოსტით გაიგზავნა.
ქალაქ კობს ადრე ქუინზთაუნი ერქვა და მას იმითაც იცნობდნენ, რომ ბოლო პორტი იყო, რომელშიც 1912 წელს "ტიტანიკმა" დაღუპვამდე შეიარა. მომდევნო რვა თვის განმავლობაში ნამდვილი პროფესიონალივით ვვარჯიშობდი და კვირაში 30 ფუნტს ვიღებდი, რასაც ემატებოდა გზის ხარჯის კომპენსაცია და კიდევ 40 ფუნტი ბონუსი (10 - მოგებაზე და 5 - ფრეზე). ეს ყველაფერი უკვე "კობ რამბლერსის" პირველ გუნდში ხდებოდა, სადაც ძალიან მალე გადამიყვანეს.
კურსები პალმერსტაუნში ტარდებოდა - დუბლინის დასავლეთ რაიონში. სახლიდან შორს ყოფნა გამიჭირდა. ჯერ ისევ მიჭირდა უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და ამ მხრივ, ლენ დაუნის გვერდით ყოფნა მიმსუბუქებდა ცხოვრებას.
ვარჯიშებისა და მუდმივი მგზავრობის მხრივ, კურსების რეჟიმი არაადამიანური იყო. ჩვენს კლუბებში კვირის თამაშების შემდეგ, ორშაბათს დილით მე და ლენი პირველივე მატარებლით დუბლინში მივემგზავრებოდით. ყოველდღე ვვარჯიშობდით: ათიდან 12 საათამდე და ორიდან ოთხ საათამდე. სამუშაო ინტენსიური იყო და რუტინული ვარჯიშებისგან შედგებოდა, რომელიც მიმართული იყო თამაშის ყოველი ასპექტის დახვეწაზე. დილას ვიწყებდით გახურებითა და გაწელვებით. შემდეგ იყო ბურთთან მუშაობა, რასაც ენაცვლებოდა თამაშები, რომელშიც ექვს-ექვსკაციან ჯგუფებად ვიყოფოდით. სამი-სამზე ვთამაშობდით სპეციალური პატარა კარებით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვმონაწილეობდი.
მორის პრაისი ჩვენი კურსების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გარდა ამისა, ის ირლანდიის ნაკრებში ჯეკ ჩარლტონის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა. მათი გუნდი ერთი წლით ადრე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და მწვრთნელები და ფეხბურთელები იქიდან გმირებად დაბრუნდნენ ინგლისის ნაკრების დამარცხების (1:0) შემდეგ. რა თქმა უნდა, მინდოდა მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა, ის ხომ ირლანდიური საფეხბურთო სამყაროს ცენტრში ტრიალებდა.
კურსების ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა იყო მატჩები სხვადასხვა ირლანდიურ ასაკობრივ გუნდთან, რომლებიც ჩვენთან შეხვედრებში საერთაშორისო მატჩებისთვის ემზადებოდნენ. ეს მატჩები საშინელი სანახავი იყო: ჩვენ, კურსების ბიჭებს უნდა დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები იმ მეტოქეებთან ბრძოლაში, რომელთა დიდი ნაწილი წამყვან ინგლისურ კლუბებში თამაშობდა.
დღის განრიგი, უბრალოდ, მომქანცველი იყო, განსაკუთრებით, ჩვენთვის, პროვინციელი ბიჭებისთვის, რომლებიც ვვარჯიშობდით, ვმგზავრობდით, საკუთარ კლუბებში ვთამაშობდით.
სიამოვნებას ვიღებდი ვარჯიშებზე მძიმე სამუშაოთი. კორკიდან დუბლინში მგზავრობა ძალიან მღლიდა, მაგრამ ჯიბეში ფეხბურთის თამაშით მოპოვებული ფუნტები მომეპოვებოდა. პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი, თუმცა ჯერ მხოლოდ ციცაბო მთის ძირში ვიდექი. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობა და აქედან გამომდინარე, პრობლემები ირლანდიური მუშათა კლასის აუცილებელი ატრიბუტი იყო. ჩემს ნაცნობებს შორის მეიფილდში, აგრეთვე, ჩემს დიდ ოჯახში კარგი სამუშაო დიდად ფასდებოდა. "კობ რამბლერსის" პირველ გუნდში მოვხვდი და შემეძლო კვირაში დაახლოებით 50 ფუნტი ჩამედო ჯიბეში.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე დივიზიონი მძიმე სკოლა იყო 17 წლის ბიჭისთვის. მოთამაშეთა უმრავლესობა სასტიკ ბრძოლაზე მომართულ ნახევრად პროფესიონალებს წარმოადგენდა, რომლებიც ოსტატობისა და მოედანზე აზროვნების მხრივ ისეთ დონეზე იყვნენ, როგორსაც არ ველოდი. ძალიან რთული იყო თანაგუნდელებისა და მეტოქეების მხრიდან პატივისცემის დამსახურება.
პუბლიკაზე ნებისმიერი თამაში აუცილებლად და დაუყოვნებლივ ისჯებოდა. მცირე მოდუნება ნიშნავდა იმას, რომ ისინი მაშინვე კედელთან მიგაყენებდნენ. მეტოქეები ტყვეებს არ იყვანდნენ!
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
როი კინის "ავტობიოგრაფია". I თავი [გაგრძელება]