როი კინის ავტობიოგრაფია. I თავი. [გაგრძელება]

AutoSharing Option
კურსების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, 1990 წლის გაზაფხულზე ვიგრძენი, რამდენად მოვუმატე, როგორც მოთამაშემ. თავიდანვე დავისახე მიზანი - გავმხდარიყავი კურსების საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ყოველდღიურად ქვეყნის 23 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშისას ერთ რამეს მივხვდი:

მხოლოდ ნიჭი და შესაძლებლობები ამისთვის არასაკმარისია. წარმატების მისაღწევად საჭიროა ძლიერი საბრძოლო სული და ძალა სხეულში.

თუ გავითვალისწინებთ სამუშაოს იმ მოცულობას, რომელსაც მე ვასრულებდი, ფიზიკური მომზადება თავისთავად მიდიოდა, მაგრამ საბრძოლო სულთან დაკავშირებით ყველაფერი სხვანაირად და რთულად იყო. ყველას არ შეეძლო ზამთრის ცივ დილას ტალახიან მინდორზე მუდმივი ვარჯიშისთვის გაძლება.

მაგრამ ვიცოდი - თუ შევძლებდი ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას, რაც სხვებისთვის დაუძლეველი სიმაღლე ხდებოდა, მაშინ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევდი. ყოველდღე, როცა სამუშაო დასასრულს უახლოვდებოდა, ნამდვილ სიამოვნებასა და კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან უკვე გადალახული ბარიერის მეორე მხარეს ვიმყოფებოდი.

იმ დროს, როცა "კოვ რამბლერსის" პირველი გუნდი გათამაშების ცხრილის შუაში მოექცა, იუნიორთა გუნდი, ედი ო'რურკის ხელმძღვანელობით, 18-წლიანებს შორის ქვეყნის თასის გათამაშებაში ეტაპს ეტაპზე იგებდა. სწორედ იქ შემეძლო გამომეყენებინა ის თვისებები და პროგრესი, რომლებიც კურსებზე შევიძინე.

მოვიმატე სიმაღლეში და ძალაში. აღარ ვიყავი ლილიპუტი. რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვობიდან მამაკაცობამდე მივაღწიე. ყოველთვის მქონდა შინაგანი ძალა და ამას დაემატა კუნთების გაზრდილი მასა. კამიკაძე ფეხბურთელად გადაიქცა, რომელსაც ესმოდა თამაში. საკუთარი ემოციების კონტროლით შემეძლო თამაშის რიტმის გაკონტროლება. მე არ ვიყავი გლენ ჰოდლი და ისიც აღარ იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი.

მართალია, ჯერ ისევ ვრჩებოდი "ტოტენჰემის" გულშემატკივრად, მაგრამ მისაბაძ მაგალითად ჩემთვის გახდა ბრაიან რობსონი "მანჩესტერ იუნაიტედიდან". მისი უნარი ბურთის ართმევაში, გოლის გატანაში, მოედანზე ყველგან ყოფნაში იმას ამტკიცებდა, რომ შეიძლება დიადი ფეხბურთელი გახდე იმ შემთხვევაშიც, როცა არსენალში არ გაქვს ორი-სამი ეფექტური ილეთი. რობსონი არ ყოფილა სანახაობრივად გამორჩეული, მაგრამ პატივისცემას იმსახურებდა.

სეზონში ჩემი მთავარი მიზანი იყო ირლანდიის 18-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრა. ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კარგი გამოსვლა თასზე. წილისყრით დუბლინის საუკეთესო გუნდთან, "ბელვედერ ბოისთან" თამაში მოგვიწია. ამ ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა, მაგრამ კარგი ამბავი იყო ის, რომ ამ მატჩში მასპინძლები ვიყავით. ამიტომაც გული დამწყდა საყაიმო ანგარიშის (1:1) გამო, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გავათანაბრე.

გადათამაშების დღეს, 1990 წლის 18 თებერვალს ყველაფერი თავიდანვე თავდაყირა დადგა. ავტობუსმა, რომლითაც დუბლინში უნდა წავსულიყავით, დააგვიანა. გზებზე ბევრი საცობი იყო. მთელი გზა საათს ვუყურებდით და ვნერვიულობდით დაგვიანების გამო. მივასწრებდით თუ არა მატჩის დასაწყისს? "ფეირვიუ პარკამდე" მივაღწიეთ - სასტარტო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე. "ბელვედერმა" 4:0 გაგვანადგურა. ეს იყო სრული ქაოსი, რომელიც კორკის ახასიათებდა - ეჩუქებინათ დუბლინელი დიდი ბიჭებისთვის ასეთი იოლი ამოცანა, რომელსაც ისინი, ჩვეულებისამებრ, იოლად უმკლავდებოდნენ. თუ იმ დღეს სულელივით ვთამაშობდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთ მოთამაშედ ვგრძნობდი თავს გუნდში.

"ბელვედერი" ხმაურიანი პოპულარობით სარგებლობდა - "ფეირვიუ პარკზე" ბევრი ხალხი შეიკრიბა მატჩის სანახავად. მე საკუთარი თავისთვის ვთამაშობდი. მაშინაც კი, როცა მივხვდი, რომ თამაში წაგებული იყო, არ გავჩერებულვარ. ვაჩვენებ ამ დამპალ დუბლინელებს, მათი დედაც, როგორ უნდა თამაში. ჩემში ერთდროულად იყო მრისხანება, სასოწარკვეთა და სიამაყე. ამ გრძნობამ შეიძლება შეცვალოს თამაშის მსვლელობა და ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში მისი დახმარებით შესაძლებელია გამოსავალის პოვნა. მაგრამ არა იმ დღეს "ფეირვიუში".

მატჩის შემდეგ ბარში წავედით ფორთოხლის წვენის დასალევად და სენდვიჩის საჭმელად. "რამბლერსის" ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ო'რურკი გვერდით მომიჯდა: "როი, თამაშზე "ნოტინგემ ფორესტის" სკაუტი იყო. მან თქვა, რომ შენი გასინჯვაზე მიწვევა უნდათ". ჩემი გული ბედნიერებისგან კინაღამ გასკდა. "სად არის ის სკაუტი?" - ასეთი იყო ჩემი პირველი რეაქცია. თუ ის ასეთი მოხიბლული დარჩა ჩემი თამაშით, მაშინ თავად რატომ არ მითხრა ეს ამბავი?! "ბრაიტონის" შესახებ მოგონებები ჯერ ისევ ცოცხლობდა ჩემს გულში.

"მან თქვა, რომ დაგიკავშირდებიან", - გააგრძელა ჯონმა. მან, უბრალოდ, გადმომცა ის, რაც დააბარეს.

გავიდა რამდენიმე კვირა, დამირეკეს "კოვიდან" და მკითხეს - შევძლებდი თუ არა სასტუმრო "აილინგში" "ნოტინგემის" სკაუტთან, ნოელ მაკეიბთან შეხვედრას. მაშინვე მომეწონა ნოელი, როგორც კი პირი გააღო. ის გულწრფელი იყო და ღიად ლაპარაკობდა ჩემთან. მან შემომთავაზა გასინჯვაზე მისვლა და არა კონტრაქტი, რაც არ შედიოდა მის კომპეტენციაში.

"მაგრამ შენ "ფორესტის" ტიპური მოთამაშე ხარ, შვილო. შეგიძლია ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე მისცე პასი, ითამაშო საჯარიმოდან საჯარიმომდე და გაიტანო გოლები. მოეწონები ბრაიან კლაფს", - დამარწმუნა ნოელმა. მან ჩემზე გულწრფელი და პირდაპირი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

ახლა ის სიხარული, რომელიც "ფეირვიუში" საკუთარ თავში ჩავახშე, ამოხეთქვას ლამობდა. ქვეცნობიერად ვგრძნობდი: ასრულდა! ბოლოს და ბოლოს, ჩემი შანსი მოვიდა. მე მზად ვარ. "ბრაიტონთან" ფიასკოს შემდეგ დავიფიცე, რომ ჩემს ინგლისურ ოცნებას ბოლომდე მაშინ დავიჯერებდი, როცა ბილეთი მეჭირებოდა ხელში. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მაკეიბი სიტყვას აასრულებდა.

კინაღამ შევეჩეხე კიდევ ერთ იმედგაცრუებას ცხოვრებაში. მივიღე ბილეთი, მაგრამ, როცა ნოტინგემში ჩავედი, გასინჯვისთვის არავითარი მატჩი არ ყოფილა. ყოველდღე ველოდებოდი მას, ყოველდღე ვმეცადინეობდი იუნიორთა გუნდის მწვრთნელთან, არჩი ჯემილთან. სად არის ბრაიან კლაფი?.. ლაიამ ო'ქეინი?.. რონი ფენტონი?

ერთი კვირის გასვლის შემდეგ მომცეს შინ დასაბრუნებელი ბილეთი. "დაგიკავშირდებით", - მითხრეს მათ.

"როგორ ჩაიარა ყველაფერმა?" - მეკითხებოდნენ "კოვში".
"იქ არაფერი მომხდარა", - ვპასუხობდი მე.

ვუკავშირდები ნოელ მაკეიბს. ის რეკავს "ნოტინგემში". იქ აპრილში ვბრუნდები.

როცა "ნოტინგემში" ხელმეორედ ჩავედი, ორ დღეს კლუბის რეზერვისტებთან ერთად ვვარჯიშობდი. მითხრეს, რომ "ფორესტის" რიგებში ვითამაშებდი მიდლენდის საგრაფოს ლიგაში "ტრანმერის" წინააღმდეგ. თამაშს დაესწრება ლაიამ ო'ქეინი და "ნოტინგემის" მთავარი სკაუტი ალან ჰილი. ახლა ან არასდროს!

"ტრანმერის" სტადიონი ცარიელი იყო. ეს არ მანაღვლებდა. ვისწავლე საკუთარი თავში შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა. მეიფილდის "ბოსტნებში" და პალმერსტაუნის საწვრთნელ მინდვრებზე თამაშისას ჩემში აღმოვაჩინე უნარი - თავად განვაწყო საკუთარი თავი გარშემო სიტუაციისგან დამოუკიდებლად. გვიანი გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს "ტრანმერის" წინააღმდეგ მატჩში გაამართლა იმან, რასაც ასე დიდხანს ვსწავლობდი. კარგად ვთამაშობდი, პასებს ვარიგებდი, დავრბოდი, ფეხებში ვუვარდებოდი მეტოქეს, ჰაერში უიმედო ბურთებს ვიგებდი...

70-ე წუთზე შემცვალეს. ეს უკვე გავლილი მქონდა, მაგრამ ამჯერად ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო.

მომდევნო დღეს ბრაიან კლაფმა მითხრა, რომ ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს. მათ ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარეს "კოვ რამბლერსთან" მოსალაპარაკებლად. მეშინოდა, რომ ისინი ძალიან ბევრს მოითხოვდნენ. ვვარაუდობდი, რომ ჩემი ფასი დაახლოებით 5000 ფუნტი იყო.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული