"მანჩესტერ იუნაიტედი": მინუს დი მარია, პლუს მირანდა და მემფისი?

AutoSharing Option
ანხელ დი მარიას საქმე "მანჩესტერში" იდეალურად ნამდვილად არ მისდის და სარეკორდო შენაძენი ჯერჯერობით "წითელ ეშმაკებს" მხსნელად ვერ მოევლინა. მეტიც, ბოლო შეხვედრებში არგენტინელი სათადარიგოთა სკამზე ხვდება.

ამ სიტუაციით სარგებლობას ცდილობს "პარი სენ-ჟერმენი" და ფრანგები შეეცდებიან, 27 წლის შემტევი ზაფხულში თავისთან წაიყვანონ, ხოლო მანჩესტერელებს, თავის მხრივ, შანსი ექნებათ, დახარჯული 59,7 მილიონი გირვანქა დაიბრუნონ; ყოველ შემთხვევაში, პსჟ ბევრით ნაკლებს არ გადაიხდის, თუ მეტს არა.

ამ მითქმა-მოთქმას სხვა ჭორიც უმაგრებს ზურგს - თითქოსდა, დი მარიამ მავან ყოფილ თანაკლუბელს, ანუ მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ მოთამაშეს უთხრა,
შევცდი, "მანჩესტერი" რომ ავირჩიე, პარიზში უნდა წავსულიყავიო.

წავა თუ არა დი მარია, ლუი ვან გაალის ბანაკში ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი ცვლილება იქნება და ოლდტრაფორდელები ტრანსფერებში კიდევ დიდი თანხების დახარჯვას აპირებენ. ამჟამად 4 ახალ სახეზეა საუბარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნამდვილად მემფის დეპაია. "პსვ ეინდჰოვენისა" და ჰოლანდიის ნაკრების 21 წლის შემტევს ვან გაალი დიდი ხანია, თავისკენ ექაჩება.

კიდევ ერთი ახალწვეული კი, შესაძლოა, მირანდა გახდეს, რომელიც ასევე აღმოჩენილა მანჩესტერელთა საყიდლების სიაში. "ატლეტიკომაც" პირდაპირ და მარტივად განაცხადა - რატომაც არა, თუ მსურველი მისი გამოსასყიდი თანხით 21.9 მილიონი გირვანქით გაგვამდიდრებსო.

გადაიხდის თუ არა "იუნაიტედი" ამდენს ბრაზილიის ნაკრების 30 წლის მცველში, ზაფხულში გავიგებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული