"ნოტინგემის" მხრიდან მოლაპარაკებებს რონი ფენტონი ხელმძღვანელობდა. როცა ვაჭრობა დაიწყო, შევეცადე, აღელვება დამეფარა. "კოვის" მხრიდან დიდ ფულზე ლაპარაკობდნენ. საქმე არასწორი მიმართულებით მიდიოდა, სანამ კაბინეტში ბრაიან კლაფი არ შემოვიდა. მას ძველი და გაცვეთილი მწვანე სვიტერი ეცვა, გვერდით კი ოქროსფერი რეტვიტერი ჰყავდა. მე ძაღლთან ვთამაშობდი, დანარჩენები კი ფულზე ლაპარაკობდნენ. კლაფმა იზრუნა იმისთვის, რომ
"კარგი ბიჭია?" - ჰკითხა კლაფმა ფენტონს და ჩემზე მიუთითა.
"მას ცოტათი თამაში შეუძლია, ბოს", - უპასუხა ფენტონმა.
ამის შემდეგ საუბარში ფიგურირებდა მსხვილი თანხები. თავიდან 20 ათასი ფუნტი, შემდეგ კიდევ 10 ათასი პირველი ათი თამაშისთვის და კიდევ 10 ათასი, თუ 20 მატჩს ჩავატარებდი "ფორესტის" რიგებში. "კოვი" ასევე მიიღებდა შვიდი ათასს, როცა ჩემს ანგარიშზე იქნებოდა ხუთი მატჩი ირლანდიის ნაკრებში.
"გარიგება დადებულია, მისტერ კლაფ", - გავიგონე ჯონ ო'რურკის ხმა.
"იმედია, ეს ფული არ წავა შენს ჯიბეში, ასე არ არის?" - გადაულაპარაკა მას კლაფმა.
"მისტერ კლაფ, ჩვენ შვებულების აღება დაგვჭირდა აქ ჩამოსასვლელად. ეს ფული ღირს", - უპასუხა ო'რურკმა.
"ო ქეი. რონი, მიეცი მათ ფული". და ჩვენი დელეგაციის მისამართით დაამატა: "შეგიძლიათ ბრაიანი დამიძახოთ. ახლა დავლიოთ". შემდეგ ჩემკენ და ძაღლისკენ მობრუნდა და თქვა: "შენ გარდა. მისტერ კლაფი დამიძახე". "მაგარი ბიჭია", - გავიფიქრე მე.
"ნოტინგემმა" ჩემთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელფასი კვირაში 250 ფუნტი მექნებოდა, საიდანაც 50 ფუნტი სახლის არენდაზე წავიდოდა, რომელშიც კიდევ ორი ფეხბურთელი ცხოვრობდა. აგრეთვე, ბონუსის სახით ავიღებდი წელიწადში 1500 ფუნტს. სიმართლე გითხრათ, უფრო ნაკლები თანხის სანაცვლოდაც დავთანხმდებოდი თამაშს. მისტერ კლაფმა მითხრა, რომ წინასასეზონო შეკრებაზე ივლისში უნდა გამოვცხადებულიყავი. კორკში დავბრუნდი და თავი მილიონერი მეგონა.
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დადგენილ ნორმაზე გაცილებით მეტს ვჭამდი და ვსვამდი.
II თავი
ჩემი გადამეტებული ზეიმის გამო სრულად "დავისაჯე" მაშინ, როცა "ნოტინგემის" რიგებში გამოვცხადდი. პირველი კვირა სრული ჯოჯოხეთი იყო. რამდენიმე დღე ბურთი საერთოდ არ გვინახავს. დავრბოდით და პირველ რიგში, ყურადღებას ვუთმობდით ამტანობას, ფიზიკურ მომზადებას, პაუზებში კი აღდგენით ვარჯიშებს ვატარებდით.როგორც იქნა, ბურთიც მოგვცეს. გადავიტანე ყველაზე ცუდი - ფიზიკური წამება, ახლა კი სამუშაოსგან სიამოვნებას ვიღებდი.
"ფორესტმა" ჩემ მისვლამდე ერთი კვირით ადრე ლიგის თასი მოიგო. პირველ გუნდში ბევრი გამოჩენილი ფეხბურთელი თამაშობდა. სტიუარტ პირსი, დეს უოკერი და სტივ ჰოჯი ინგლისის ნაკრების წევრები იყვნენ, ნაიჯელ კლაფი უკვე უახლოვდებოდა ეროვნულ გუნდს.
ცხადად ჩანდა, რომ პირსს ძლიერი ხასიათი გააჩნდა. ის ახალი დაბრუნებული იყო მსოფლიოს ჩემპიონატიდან, სადაც ნახევარფინალში პენალტების სერიაში გადამწყვეტი 11-მეტრიანი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ გარემოებას საერთოდ არ უმოქმედია მის ავტორიტეტზე.
რეზერვისტების შემადგენლობაში ვვარჯიშობდი სტივ სტოუნთან, იან უოანთან და სკოტ ჯემილთან ერთად. ეს უკანასკნელი იუნიორთა გუნდის მწვრთნელის - არჩის ვაჟი იყო და სხვებისგან გამორჩეოდა. ფილიპ სტარბაკი დუბლების კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან უკვე მოასწრო ორი მატჩის ჩატარება პირველ გუნდში.
ბრაიან კლაფი იშვიათად ესწრებოდა ვარჯიშებს. ლაიამ ო'კეინი ამეცადინებდა პირველ გუნდს, არჩი ჯემილი - ჩვენ. მართალია, კლაფი არ ჩანდა, მაგრამ მისი ყოფნა ყოველთვის იგრძნობოდა. მისი ოქროსფერი რეტრივერი დელი, ჩვეულებისამებრ, მოედანზე ჩნდებოდა, რაც მწვრთნელის მოახლოებას გვამცნობდა. მოულოდნელად, ყველა უფრო მონდომებით აგრძელებდა მუშაობას, ჩემ გარდა. მე ისედაც ბოლომდე ვიხარჯებოდი.
მიყვარდა ჩემი სამუშაო და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ვძლიერდებოდი. ვგრძნობდი, რომ პროფესიონალის დონეს ვუახლოვდებოდი.
ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება სამოთხედ მეჩვენებოდა.
რეზერვისტების გასახდელში ჩემს ახალგაზრდულ აღმაფრენას ყველა არ იზიარებდა. გაკვირვებული და შოკირებული ვიყავი რამდენიმე მოთამაშის საქმისადმი მიდგომით. ისინი მუდმივად წუწუნებდნენ. ზოგიერთები უკმაყოფილონი იყვნენ იმის გამო, რომ ისინი არ გადაიღეს პირველ გუნდთან ერთად და ეს ცუდ ნიშნად ჩათვალეს სეზონის დაწყების წინ. შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამის გადატანა შეიძლებოდა. მათთვის რომ მოგესმინათ, არჩი ჯემილი "მახინჯი" იყო, ბრაიან კლაფი კი უსაქმური. უმძიმეს დატვირთვებს ვუძლებდით. სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო და ბიჭები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. დავიფიცე, რომ არასოდეს ვიწუწუნებდი. ამ ბიჭებმა რომ იცოდნენ, რამდენი გაიღებდა თავის მარჯვენა ხელს იმისთვის, რომ აქ მჯდარიყო და ფეხბურთის თამაშით ფული გამოემუშავებინა, ხმას არ ამოიღებდნენ.
როცა პირველი გუნდი იტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე წავიდა, მე 21 წლამდე მოთამაშეებთან ერთად ჰოლანდიაში ტურნირზე გავემგზავრე. ლისაბონის "სპორტინგი", "ბარსელონა", "ეინდჰოვენი" და მასპინძელი "ჰაარლემი" იყვნენ ჩვენი მეტოქეები. იოლად დავამარცხეთ "სპორტინგი" პირველ მატჩში - 2:0. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. პორტუგალიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, მაგრამ "ფიზიკაში" მოიკოჭლებდნენ.
შემდეგ გავანადგურეთ "ეინდჰოვენი" - 5:1 და მე პირველი გოლი გავიტანე პროფესიულ გუნდში. მომდევნო შეხვედრაში "ჰაარლემთან" 0:2 დავმარცხდით, რადგან მან ახალგაზრდების ნაცვლად პირველი გუნდი გამოიყვანა მოედანზე. მიუხედავად ამისა, მაინც გავედით ნახევარფინალში, სადაც "ბარსელონასთან" შეხვედრა გვიწევდა. ესპანელები პირველივე წუთებზე გავიდნენ წინ, მაგრამ, როგორც კი ტემპი გავზარდეთ, მათ სიმულაციასა და უმიზეზოდ წაქცევებს მიმართეს.
კარგი პასებითა და ართმევაზე დამაჯერებელი თამაშით ისინი კუთხეში მივიმწყვდიეთ. შედეგად, 3:1 გავიმარჯვეთ.
ფინალში ისევ "ჰაარლემთან" მოგვიწია თამაში. მატჩი დაძაბული გამოვიდა. ფილ სტარბაკმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1, რაც პენალტების სერიას ნიშნავდა. ყველას ახსოვდა ის, რაც მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე მოხდა, როცა ინგლისმა ნახევარფინალში პენალტებით წააგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან. ეს იგივე დონე არ იყო, მაგრამ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩავაბარებდი ჩემს პირველ სერიოზულ გამოცდას "ფორესტის" მოთამაშის რანგში. და ის წარმატებით ჩავაბარე.
სეზონში ჩემი პირველი ამოცანა იყო "ფორესტის" დუბლების ძირითადში ადგილის მოპოვება. ამიტომაც ჰოლანდიის ტურნირმა დამაჯერებლობა მომიტანა. პირველი წინასასეზონო მატჩი შინ სამოყვარულო გუნდის წინააღმდეგ გვქონდა. თამაში სათადარიგოთა სკამიდან დავიწყე. ამან ოდნავ გამანაწყენა, რადგან შეხვედრას ბრაიან კლაფი ესწრებოდა, მე კი მასზე შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა. ის გასახდელში შემოვიდა და არჩი ჯემილი გაიხმო.
ცოტა ხნის შემდეგ გავიგე მათი საუბრის შინაარსი.
კლაფი: "მინდა ირლანდიელს შევხედო. შეცვალე შენი ვაჟი (ის ნახევარდაცვაში თამაშობდა)".
არჩი: "მეორე ტაიმში გამოვიყვან მოედანზე".
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, როგორ მივიდა მინდორთან კლაფი:
"არჩი! გამოუშვი ირლანდიელი".
მომდევნო 15 წუთში არაფერი მომხდარა. ცხვირი ჩამოვუშვი. მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე არჩიმ მოედნიდან გაიყვანა სკოტი და მე შემიშვა. ჩემი შეგრძნებით, მინდორზე მხოლოდ იმის გამო ვიმყოფებოდი, რომ ჩემი იქ ყოფნა მოეთმინათ, მაგრამ დარჩენილ დროში ვაჩვენე ყველაფერი, რაც შემეძლო.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"