ლონდონის "არსენალმა" 4:1 გაანადგურა "ლივერპული" და მეორე ადგილზე გადავიდა. ეს არსენ ვენგერის გუნდის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო პრემიერლიგაში. ბოლოს ასეთი სერია "არსენალს" 2005 წელს გამოუვიდა (საერთო ჯამში, ზედიზედ 13 მატჩი მოიგო).
პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში მასპინძლებმა "ლივერპულის" კარი სამჯერ დალაშქრეს, თავი ექტორ ბელერინმა, მესუთ იოზილმა და ალექსის სანჩესმა გამოიჩინეს. სხვათა შორის, პრემიერლიგაში "ლივერპულმა" პირველივე ტაიმში სამი გოლი ბოლოს 1999 წელს გაუშვა.
მეორე ტაიმში სტუმართა პრესტიჟის გოლი ჯორდან ჰენდერსონმა პენალტით გაიტანა,
ეს მოგება ვენგერის გუნდისთვის 1 800-ეა ინგლისის ელიტაში, მეტი მოგება მხოლოდ "ლივერპულს" აქვს - 1845.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ისეთი მატჩი იყო, რომელშიც აუცილებელია ქულების მოპოვება. იმედგაცრუებული ვარ. დაცვამ სუსტად ითამაშა გადამწყვეტ მომენტებში. თავიდან სუსტად გამოვიყურებოდით, როცა მოვუმატეთ, დაცვის ხაზმა მაშინ გვიღალატა. ახლა ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ურთულესი ამოცანა იქნება".
არსენ ვენგერი (არსენალი): "თავიდანვე პრესინგი შევთავაზეთ მეტოქეს და მომენტების დაგვირგვინებისას, მკვლელის ინსტიქტი გამოვავლინეთ. მესუთ იოზილი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ის კარგად გრძნობს პასის მომენტს, ყველას მოსწონს მის გვერდით თამაში. ალექსის სანჩესმა დღეს ბოლომდე იბრძოლა. სეზონის დასაწყისში ტრავმების გამო, ბევრი ქულა დავკარგეთ. ახლა კი საკმაოდ ძლიერები ვართ იმისათვის, რომ ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლოთ".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 3:1 დაამარცხა "ასტონ ვილა" და მესამე ადგილზე გადავიდა. მასპინძლები ესპანელმა ანდერ ერერამ დააწინაურა. 79-ე წუთზე უეინ რუნიმ ფანტასტიკური გოლით კიდევ უფრო წინ გაიყვანა მასპინძლები, მაგრამ იქვე კრისტიან ბენტეკემ ერთი გოლი გაქვითა. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერერამ დუბლი შეასრულა.
ლუი ვან გაალი (იუნაიტედი): "მძიმე მატჩი იყო, რომელშიც მეტოქეს ვაჯობეთ, ფაქტობრივად, არაფერი შევაქმნევინეთ პირველ ტაიმში, მაშინ, როცა ჩვენ 4-5 მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმი უფრო მშვიდი იყო. ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ არ გაგვინაღდია, ვირთხების რბოლა გრძელდება".
"ჩელსიმ" "სტოკ სიტის" უმასპინძლა, 2:1 იმარჯვა და აგრძელებს ერთპიროვნულ ლიდერობას. 39-ე წუთზე ედენ აზარმა პენალტით დააწინაურა მასპინძლები, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჩარლი ადამმა საკუთარი ნახევრიდან გაუტანა ტიბო კურტუას.
მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი ლოიკ რემიმ გაიტანა, ისევე, როგორც ეს "ჰალთან" მატჩში მოახერხა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ადამმა ფანტასტიკური გოლი გაგვიტანა, ასეთების გატანაზე უარს მესი და მარადონაც არ იტყოდნენ. თუმცა ჩემი გუნდის მეკარე უნდა "კითხულობდეს" ესეთ მომენტებს, როცა წინ გადის კარიდან. ყველაზე მთავარი კი სამი ქულაა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა. ახლა ჩემპიონობამდე 5 მოგება და 1 ფრე გვაკლია. გამარჯვება მძიმედ მოვიპოვეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ლამაზ მოგებებს არც ველი".
არსენალი-ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ბელერინი (37), 2:0 იოზილი (40), 3:0 სანჩესი (45), 3:1 ჰენდერსონი (76-პენ), 4:1 ჟირუ (91)
გაძევება: ჩანი (84. ლივერპული)
ევერტონი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ჯაგიელკა (16)
ლესტერი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 კამბიასო (12), 1:1 კუიატე (32), 2:1 კინგი (86)
შენიშვნა: ნიუჯენტმა (ლესტერი) ვერ გაიტანა პენალტი (15)
მანჩესტერი-ასტონ ვილა 3:1
გოლები: 1:0 ანდერი (43), 2:0 რუნი (79), 2:1 ბენტეკე (80), 3:1 ანდერი (92)
სუონსი-ჰალი 3:1
გოლები: 1:0 კი (18), 2:0 გომისი (37), 2:1 მაკშეინი (50), 3:1 გომისი (91)
გაძევება: მეილერი (53. ჰალი)
ვესტ ბრომვიჩი-ქპრ 1:4
გოლები: 0:1 ვარგასი (15), 0:2 ოსტინი (37), 0:3 ზამორა (43), 1:3 ანიჩებე (58), 1:4 ბარტონი (96)
გაძევება: მულუმბუ (84. ვესტ ბრომვიჩი)
ჩელსი-სტოკი 2:1
გოლები: 1:0 აზარი (39-პენ), 1:1 ადამი (44), 2:1 რემი (62)
1. ჩელსი - 70 ქულა; 2. არსენალი - 63; 3. მანჩესტერი - 62; 4. სიტი - 61; 5. ლივერპული - 54