"ტოტენჰემი": თავშეუკავებელი შერვუდი და ყურებჩამოყრილი პოჩეტინო

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ფანები უკმაყოფილონი არიან. მათმა საყვარელმა გუნდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ეპოტინებოდა, ახლა შესაძლოა, ევროპალიგის ზონაში მოხვედრაც ვეღარ შეძლოს.

"დეზებმა" კიდევ ერთი მარცხი იწვნიეს, თანაც მტკივნეული - ყოფილ მწვრთნელ ტიმ შერვუდთან, რომელიც ახლა აუტსაიდერ "ასტონ ვილას" თავკაცობს.

თუმცა ბირმინგემელებმა მდგომარეობა უკვე საგრძნობლად გამოისწორეს და ეს, პირველ რიგში, სწორედ შერვუდის დამსახურებაა, რომელმაც "ვილას" შესაბამისი მუხტი დააბრუნა და კრისტიან ბენტეკესაც "ჩაჰბერა სული".

ბელგიელს ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი დაუგროვდა, იგი ძველებურად ათამაშდა. სხვათა შორის, "ტოტენჰემის" ფანები თავისიანებზე არანაკლებად ტიმ
შერვუდზე განაწყენდნენ, რომელმაც გამარჯვება ემოციურად და თავშეუკავებლად აღნიშნა, მაგრამ მასაც შეიძლება გავუგოთ, იგი ნაწყენია იმის გამო, რომ თავის დროზე, მისი აზრით, უსამართლოდ გაუშვეს ლონდონიდან.

"ეს ფანტასტიკური შედეგია, "ქუინზ პარკთანაც" კარგად ვითამაშეთ და "უაით ჰართლეინზეც". ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს დიდი გამარჯვებაა ჩემთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც. "ტოტენჰემის" თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ თავის დროზე ჩემი მოხსნა გადაწყვიტა. მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორად ჩათვალა. მაურისიო პოჩეტინო კარგად მუშაობს.

არც ის მავიწყდება, რომ "ტოტენჰემის" გარეშე, იქ რომ არ მემუშავა, ახლა "ასტონ ვილაში" ვერ ვიქნებოდი და ამ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდი. ახლა კი მომავალზე ფიქრის დროა, ჯერ კიდევ გასავარდნი ზონის სიახლოვეს ვართ და რთული მატჩებიც დაგვრჩა, არავინ არაფერს დაგვითმობს" - აღნიშნა შერვუდმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ "ყველაფერი" ახსოვს.

აი, "ტოტენჰემი" კი გადამწვარი ჩანს, თითქოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" განცდილი მარცხი "დეზებისთვის" განაჩენივით იყო და გუნდის სეზონი და თავგადასავალი "ოლდ ტრაფორდზე" დამთავრდა.

ფაქტია, მაურისიო პოჩეტინოსაც წამოსცდა, რომ ოთხეულში, ალბათ, ვეღარ შევალთო და ნაადრევად ყურების ჩამოყრის გამო გააკრიტიკეს კიდეც. არადა, სწორედ არგენტინელია ის კაცი, რომელიც ნახევარი სეზონი გაიძახოდა - ერთადერთი, რაც "ტოტენჰემს" აკლია, გამარჯვებულის მენტალიტეტიაო - და ამ დროს, თითქოს თავად დანებდა ნაადრევად. თუმცა, შესაძლოა, იგი რაღაც ისეთს ამჩნევდა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით და ცხელ გულზე წამოსცდა კიდეც.

"ბოლო მატჩებში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ უიღბლობაც იყო პრობლემა. "ასტონ ვილასთან" შანსები გვქონდა და სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი პირველივე ეპიზოდით ისარგებლა. გული მწყდება იმის გამო, რომ ბიჭებს შრომა არ დაუფასდათ და ფანები ვერ გავახარეთ. თამაშის მიხედვით, მეტი გვეკუთვნოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია" - აღნიშნა პოჩეტინომ.

სათქმელია ისიც, რომ უკვე სამი მატჩია, ჰარი კეინი ჰარი კეინის აჩრდილივითაა და ძალიან მოუკლო კრისტიან ერიკსენმაც. "დეზების" პრობლემებიც აქედან იღებს სათავეს. გარდა ამისა, ამბობენ, ზაფხულში პოჩეტინო ძალიან ბევრ ცვლილებას გეგმავსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული