პრემიერლიგა. XXXIII ტურის წინ: ვან გაალი სტუმრად ჟოზესთან

AutoSharing Option
მდევარი
ამჟამად პრემირლიგაში საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" არიან, ლიდერ "ჩელსის" უახლოესი მდევრები. ჟოზე მოურინიოს სწორედ ამ გუნდებთან აქვს ზედიზედ მატჩები. ასე რომ, პრემიერლიგაში სიტუაცია შეიძლება პირველი ადგილისთვის ბრძოლის კუთხითაც დაიძაბოს, მით უმეტეს, "ლურჯები" ბოლო დროს, ცოტა მძიმედ გამოიყურებიან.

"განსაკუთრებულის" გუნდი სიტუაციას აკონტროლებს და უპირატესობაც საგრძნობი აქვს, მაგრამ რასაკვირველია, პორტუგალიელ სპეციალისტს არც ერთი პაექრობის დათმობა არ უნდა, სატურნირო ვითარების გარდა, ეს პრინციპის საკითხია.

ლიდერი
"ჩელსის" ჩემპიონატში 2015 წლის პირველი იანვრის მერე
არ წაუგია, როდესაც "ტოტენჰემთან" დამარცხდა (3:5). ლონდონელებს ისევ არ ეყოლებათ დიეგო კოშტა და ალბათ, ლოიკ რემიც ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდასხმაში პორტუგალიელი მხოლოდ ვეტერან დიდიე დროგბას ამარაა, რომელიც რამდენად მზად არის 90 წუთის ერთ დონეზე ჩასატარაბელად საკითხავია.

"მანჩესტერ იუნაიტედს", რომელსაც პრემიერლიგაში ზედიზედ 6 მოგება აქვს, ტრავმების გამო, ახალგაზრდები ლუკ შოუ და ჯეიმს უილსონი აკლია, ხოლო ჯონი ევანსი რომ დისკვალიფიცირებულია, ეს უკვე ძველი ამბავია.

ლუი ვან გაალმა დიდ მატჩებში მიმდინარე სეზონში არაეთი ექსპერიმენტი და სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ამჯერად ალბათ არაფერს შეცვლის, რადგან ჰოლანდიელმა ძლივს მიაგნო ოპტიმალურ ფორმულას, ტაქტიკასა და შემადგენლობას.

მოურინიოსაც მოფიქრებული ექნება რამე ამ სისტემის წინააღმდეგ და ეს ტაქტიკური დუელი უაღრესად საინტერესოა. სხვათა შორის, "მანჩესტერი" ლიდერებთან დაგროვებული ქულებით საუკეთესოა ამ სეზონში.

ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, "იუნაიტედმა" "ჩელსისთან" ბოლოს 2012 წლის 28 ოქტომბერს მოიგო, სწორედ "სტემფორდ ბრიჯზე" - 2:3. მაშინ "წითელ ეშმაკებს" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ "ჩელსისთან" (6 მოგება, 2 ფრე), მაგრამ ამის შემდეგ 7 შეხვედრაა გასული და მანჩესტერელებს არც ერთი აღარ მოუგიათ - 3-ჯერ "ჩელსიმ" იმარჯვა, 3 თამაში ფრედ დამთავრდა და ფრე იყო ლიგის თასის მატჩის ძირითად დროში, რომელიც შემდეგ დამატებით დროში "ჩელსიმ" მოიგო.

ასეთი წარუმატებელი ურთიერთდაპირისპირებების სერია წინა ტურში "იუნაიტედმა" უკვე შეწყვიტა "სიტისთან" და ბოლოს და ბოლოს მოიპოვა ნანატრი გამარჯვება დერბიში.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ვან გაალი "ჩელსისთან" მონატრებული გამარჯვების ჩუქებასაც ფანებისთვის.

"სიტი" კრიზისში
დერბიში წაგებით გულდაწყვეტილი "სიტი", რომელსაც ყველა ტურნირს თუ ჩავთლით, უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 6 მარცხი და 2 მოგება აქვს, "ვესტ ჰემ იუნაიტედს" მასპინძლობს. "ჩაქუჩებს" ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ და სემ ალარდაისი მოხსნის პირასაა.

ერთადერთი შვება დიდი სემისთვის ის არის, რომ იქამდე მან გუნდი იმდენად კარგად ათამაშა, რომ ამ სერიის მიუხედავად ისევ ათეულშია და გავარდნა არ დაემუქრება.

მანუელ პელეგრინისაც გაშვება ემუქრება, ზოგის აზრით ეს უკვე გადაწყვეტილიც კია. იქამდე კი ჩილელს მე-4 ადგილი აქვს დასაცავი. თორემ "ლივერპული" უკვე 4 ქულაშია, "ქალაქელთა" ფანები კი ძალიან უკმაყოფილონი არიან.

მსგავსად ქაოსური სიტუაციაა "ნიუკასლ იუნაიტედის" ბანაკში, ჯონ კარვერი სრულ გაუგებრობაშია და არ იცის, რას აკეთებდა და რა გააკეთოს დისკვალიფიცირებული პაპის დემბა სისეს გარეშე, ჯორდები ძალიან უსუსურად გამოიყურებიან. "კაჭკაჭებს" ბოლო 7 მატჩიდან 6 წაგებული აქვთ და აქედან 5-ში გოლი არ გაუტანიათ.

"სენტ ჯეიმს პარკს" "ტოტენჰემი" სტუმრობს, რომელიც ბოლო დროს ასევე უფერულია და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის რეალური შანსი დაკარგა, თორემ თეორიულს ინარჩუნებს, ეს კი არა, კლუბი შესაძლოა ევროპალიგის ზონაშიც ვეღარ მოხვდეს. სხვათა შორის, მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებსაც გაუჭირდათ გოლების გატანა, უკანასკნელი 4 თამაშიდან 3-ში მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

ჰარი კეინი და კრისტიან ბენტეკეც უფერულები არიან. ამ კლუბების უკანასკნელ 7 ურთიერთშეხვედრაში ფრე არ ყოფილა, 4-ჯერ "დეზებმა" იმარჯვეს და 3-ჯერ "კაჭკაჭებმა", სხვაობა ის არის, რომ ლონდონელები მეტოქეს დიდი სხვაობებით უგებდნენ, ხსენებული 4 გამარჯვებიდან "ტოტენჰემმა" ერთი 2:1 მოიგო, მაგრამ დანარჩენი სამი მატჩის ანგარიში ასეთია - 4:0, 4:0, 5:0.

ევროზონის კიდევ ერთ მაძიებელს "საუთჰემპტონს" მძიმე გასვლა აქვს "ბრიტანიაზე", მარკ ჰიუზის "სტოკი" კბილებს ილესავს და ათეულში თავისი ადგილის შენარჩუნება სურს. "ევერტონი"-"ბარნლი" იმის გარდა, რომ სტუმრებს ქულები ძალიან სჭირდებათ გამორჩეული იმითაც არის, რომ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ეს კლუბები მე-100 მატჩს ჩაატარებენ ერთმანეთში უმაღლეს ლიგაში.

გამოცოცხლებული "ლესტერი" მე-8 პოზიციაზე ფესვებგამდგარ "სუონსის" მასპინძლობს და "მელიებს" 3 ქულის იმედი აქვთ.

ალან პარდიუს ხელში საუცხოოდ ათამაშებული "კრისტალ პალასი" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" დაუხვდება, ტონი პულისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეეცდება წარმატების მიღწევას, თორემ მის ამჟამინდელ გუნდს ძალიან ცუდი სერია აქვს და უმძიმესი კალენდარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს სამშვიდობოს გასული "ვესტ ბრომვიჩი" შესაძლოა, ისევ ჩაებას გადარჩენისთვის ბრძოლაში.

თასი
"ჰალისა"-"ლივერპულისა" და "არსენალი"-"სანდერლენდის" მატჩები ასოციაციის თასის ნახევარფინალების გამო გადაიდო, პირველი 28 აპრილს ჩატარდება, ხოლო მეორე - 20 მაისს. ამ ტურის კიდევ ერთი თამაში "ასტონ ვილა"-ქპრ წინ რომ გადაიტანეს, უკვე რომ შედგა და 3:3 დასრულდა, ესეც მოგეხსენებათ.

რაც შეეხება თასს, "უემბლიზე" 18 აპრილს "რედინგი" და "არსენალი" გამოვლენენ ფინალისტს, ხოლო 19-ში "ასტონ ვილა" და "ლივერპული".

"არსენალი" ამ ტურნირის მოქმედი გამრჯვებულია და ახლაც ფავორიტად მიიჩნევა, როგორც მთლიანად შეჯიბრების, ასევე და მით უფრო, კონკრეტულად "რედინგთან" შეხვედრაში. თუმცა არსენ ვენგერი თავის შეგირდებს აფრთხილებს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინა სეზონში "უიგანიც" ქვედალიგელი იყო, მაგრამ შავ დღეში კი ჩაგვაგდოო. მაშინ "მეთოფეებმა" უიგანს ჯერ მატჩის მიწურლს გაუთანაბრეს ანგარიში და მერე პენალტებშიც რის ვაი-ვაგლახით მოუგეს.

არასერიოზული დამოკიდებულება კი ამ სეზონში ლონდონურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც ძვირად დაუჯდა და ფრანგი სპეციალისტის ბიჭები ალბათ ისწავლიდნენ ჭკუას.

ბრენდან როჯერსს მშვენიერი შანსი აქვს "ლივერპულთან" ერთად ტიტული მოიგოს და ეს სეზონი ამით გაამართლოს, მაგრამ "ასტონ ვილას" ძლევა ადვილი არ იქნება. ბირმინგემელები პრემიერლიგაში თითქმის გავიდნენ სამშვიდობოს და ახლა თასზე შედარებით მეტი აქცენტის გაკთება შეუძლათ, ისინი ალბათ ბოლომდე დაიხარჯებიან, ტიმ შერვუდს შეგირდების დამუხტვა არ ეშლება, რაც მთავარია, ფორმაში შევიდა კრისტიან ბენტეკეც.

პრემიერლიგა. XXXIII ტური
შაბათი. 18 აპრილი
კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: - მულუმბუ
ტრავმა: მატჩი, ტომასი, ლი -
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4 =5 -8 (23-25)

ევერტონი-ბარნლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკგიდი, ლუკაკუ, ოვიედო, ჰიბერტი, გიბსონი - მარნი, დამიგენი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +42 =28 -29 (161-142)

ლესტერი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკაიოგო - მონტერო, კეროლი, ნოტონი, ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (0-2)

სტოკი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: - ვანიამა
ტრავმა: ოდემვინგი, ბოიანი - ჯურიჩიჩი, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, ფორსტერი, მაიუკა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +8 =10 -15 (44-56)

ჩელსი-მანჩესტერი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ევანსი
ტრავმა: რემი, დიეგო კოშტა - უილსონი, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +6 =0 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 141 თამაში: +42 =41 -58 (180-233)

კვირა. 19 აპრილი
სიტი-ვესტ ჰემი16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, იოვეტიჩი, ბოიატა, ბონი - ჰენრი, ტომკინსი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 თამაში: +40 =14 -31 (135-128)

ნიუკასლი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: სისე -
ტრავმა: ჰაიდარა, დამეტი, ტიოტე, აარონსი, ტეილორი - უოკერი, ვერტონგენი, ლორისი
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 127 თამაში: +45 =27 -55 (188-218)

ბომბარდირები:
19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (სიტი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), დავიდ სილვა (სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული