როი კინის "ავტობიოგრაფია" III თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
ამ დიად სცენაზე გასვლისას რთული იყო ყურადღების კონცენტრირება. გულშემატკივრები ხმაურობდნენ, მაგრამ მათი ხმა შორიდან ისმოდა. ბრაიან კლაფს ხელი ჩაეკიდა ტერი ვენეიბლზისთვის და ჩვენ წინ თამამად მარშირებდა.

პრინც ჩარლზმა ხელი ჩამომართვა.

პოლ გასკოინი ნამდვილ გიჟს ჰგავდა.

მატჩის დაწყებიდან ორი წუთის თავზე გასკოინმა გარი პარკერი გამოთიშა ბრძოლას მკერდში ფეხის ჩარტყმით - ამისთვის მან კუნგ ფუს ილეთი გამოიყენა. მსაჯს გავხედეთ. სულ ტყუილად. მას თვალები უბრწყინავდა, ისევე, როგორც გასკოინს. აშკარად ჩანდა, რომ ის კონტროლს არ ექვემდებარებოდა. მანიაკი, გიჟი. ათი წუთის შემდეგ გასკოინი უკვე საკაცეზე
იწვა.

გარი ჩარლზმა მოასწრო ბურთის მოგერიება, სანამ მას "გაზა" ეცემოდა გაშლილი ფეხით. შედეგად, გასკოინმა საკუთარ თავს მიაყენა ტრავმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტამ, რაც პირადად მისი ბრალი იყო, მნიშვნელოვანი კვალი დაატყო "გაზას" კარიერას - მან ვეღარ შეძლო ძველ დონეზე გასვლა. დაუჯერებელია, მაგრამ მსაჯმა ამჯერადაც არ დასაჯა ის ჩარლზის წინააღმდეგ უხეშობისთვის.

როგორც ყოველთვის, სტიუარტ პირსი ბრწყინვალე იყო. როცა "გაზა" გვირაბში გაჰყავდათ, მან ჯარიმიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის შემდეგ ერთი ბურთით ვიგებდით. კოჭი ისევ მაწუხებდა, მაგრამ არ ვამხელდი, რომ ვერ გავძლებდი მოედანზე კიდევ 45 წუთი. მეორე ტაიმი საშინელი გამოვიდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მარკ კროსლიმ გადაარჩინა ჩვენი კარი გარი ლინეკერის პენალტის შემდეგ, მაგრამ "ტოტენჰემი" აგრძელებდა ზეწოლას და გოლი გარდაუვალი ჩანდა. ასეც მოხდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

მტკივანი კოჭის მიუხედავად, ძალები მოვიკრიბე, მაგრამ გუნდს წესიერად ვერ დავეხმარე. ჩემი ფეხები დაიღალა ამ გაზონისგან, გულშემატკივრების არმია შორეულ ლაქად მოჩანდა და მათთან ახლო კავშირი დაკარგული იყო, რაც ასე დამახასიათებელია მსგავსი მატჩებისთვის. როცა დეს უოკერმა ავტოგოლი გაიტანა და "ტოტენჰემს" გამარჯვება აჩუქა, ეს კოშმარული დღის ადეკვატურ ფინალად მოჩანდა. ბილეთები, კოჭი, "გაზა", ნომერი სასტუმროში ბიჭთან ერთად, რომელიც მე შემადგენლობიდან ამოვაგდე... გადახდელში სრულიად გამოფიტული ვიყავი.

თასის ამ ფინალისგან ორი გაკვეთილი მივიღე. პირველმა მხოლოდ გააძლიერა ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფეხბურთი, პირველ რიგში, გუნდური თამაშია. მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ის, თუ როგორ შეძლო "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ტერი ვენეიბლსმა თავისი გუნდის თამაშის გადაწყობა გასკოინის ტრავმის შემდეგ. "გაზა" მოედანზე რომ დარჩენილიყო, ჩვენ მოვახერხებდით მის ნეიტრალიზებას და "ტოტენჰემს" შეტევაში შანსს არ დავუტოვებდით, მაგრამ მეტოქემ გადააწყო თავისი რიგები და სასურველ შედეგს მიაღწია იმის წყალობით, რომ მთლიანად "ტოტენჰემი" იყო უკეთესი, ვიდრე მისი ცალკეული ფეხბურთელები.

გარდა ამისა, გავაცნობიერე, რამდენად შეიძლება კონცენტრაცია გაგიფანტოს არასაფეხბურთო ამბებმა - ჩემს შემთხვევაში ეს იყო ბილეთები. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რათა გამომეყენებინა ცხოვრების ეს გაკვეთილები. ასევე ვიგრძენი - რამდენად შეიძლება ჩაგითრიოს თასის ფინალის გარშემო პრესაში ატეხილმა ხმაურმა. ამან შეიძლება დაგავიწყოს, რომ თასის გადამწყვეტი შეხვედრა - მხოლოდ ერთი მორიგი საფეხბურთო მატჩია.

რეალური დამარცხებული ამ შემთხვევაში პოლ გასკოინი იყო, რომელიც დაზარალდა იმის გამო, რომ ძალიან სურდა პრესის იმედების გამართლება და ამ ტვირთის მხრებით მარტო ტარება.

ვიცოდი, რომ "ნოტინგემის" წაგების მიუხედავად, ეს გამოცდილება ძალიან გამომადგებოდა. "უემბლიზე" დამარცხებამ ზეციდან ცოდვილ მიწაზე დამანარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული