როი კინის "ავტობიოგრაფია". III თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვითამაშეთ "უემბლიზე" და მეტ-ნაკლებად წარმატებით დავასრულეთ ჩემპიონატი, "სიტი გრაუნდზე" და მის გარშემო ისეთი გრძნობა იყო, რომ "ფორესტი" თავის შესაძლებლობებსა და დონეზე სუსტად თამაშობდა. გამოცხადდა პრემიერლიგის შექმნის შესახებ. გაფორმდა კონტრაქტი ტელეკომპანია Sky Television-თან. ეს გარიგება ზღაპრულ თანხებს ჰპირდებოდა წამყვან კლუბებს, რომლებიც ჩამოშორდნენ დანარჩენ ლიგას.

ბრაიან კლაფის ხელმძღვანელობით, "ნოტინგემმა" თავის დროზე ჩემპიონატი და ორი ჩემპიონთა თასი მოიგო. მსგავსი დაუჯერებელი წარმატება სატრანსფერო გარიგებებში მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების გარეშე მოვიდა. მართლაც, ეს სასწაულს ჰგავდა. პრემიერლიგაში "ნოტინგემის" ბედით შეწუხებულთა პესიმისტური განწყობა იმითაც
იყო გამოწვეული, რომ გულშემატკივრები სულ უფრო მეტად გრძნობდნენ - ბრაიან კლაფი აღარ ჰგავდა იმ ლეგენდარულ მწვრთნელს, რომელიც ახალ პირობებში, ძლიერი ფეხბურთელების შეძენის გარეშე შეძლებდა წარმატების მიღწევას.

გასახდელში მოთამაშეებს კლაფის მიმართ სხვადასხვა განწყობა ჰქონდათ: ზოგიერთს მისი ეშინოდა, ზოგს არ მოსწონდა, ზოგიერთები კი წუწუნებდნენ, რომ ხშირად ვერ ხედავდნენ მწვრთნელს. ჩემი აზრი კლაფის შესახებ იმ გარემოებით იყო განპირობებული, რომელიც მე მამართლებდა: მან შანსი მომცა და მისი მადლიერი ვიყავი იმ ყველაფრის გამო, რაც გამაჩნდა. რამდენი მწვრთნელი დააყენებს რისკის ქვეშ საკუთარ რეპუტაციას, როცა 19 წლის გამოუცდელ ბიჭს ძირითად შემადგენლობაში შეიყვანს, თანაც "ენფილდზე"?

ვაკვირდებოდი განწყობას გასახდელში და სულ უფრო ცხადად ვაცნობიერებდი ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის ხასიათს - მთელი სამყარო რაღაცით ვალში იყო მათთან. მოდიოდნენ ვარჯიშებზე, ორ საათს გაერთობოდნენ და იმხიარულებდნენ, შემდეგ საკუთარ მყუდრო სახლებში დაბრუნდებოდნენ ან მაღაზიებში შეივლიდნენ, ან კიდევ პირდაპირ გოლფ-კლუბში გაემგზავრებოდნენ... კარგი შედეგების შემდეგ ისინი დიდების ზენიტში იყვნენ. ხოლო, როცა თამაში არ გამოსდიოდათ, ამაში სხვებს ადანაშაულებდნენ. ეს მაღიზიანებდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შედარებით გვიანი მისვლა პროფესიულ სპორტში მთავარი ფაქტორი გახდა, რამაც გავლენა იქონია ჩემი პოზიციის ფორმირებაზე ბრაიან კლაფთან და მთლიანად ფეხბურთთან მიმართებაში. სხვებზე დიდი სურვილი მამოძრავებდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ სტიუარტ პირსი. რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი მას, სულ უფრო მოხიბლული ვიყავი მისი პროფესიონალიზმით. ფეხბურთელები მის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

"წადი, შენი", - ჩაილაპარაკებდნენ ისინი, როცა სტიუარტი მათგან მეტ მონდომებას ითხოვდა მატჩის ან ვარჯიშის დროს. ისინი ერთმანეთში ჩურჩულებდნენ პირსის სიძუნწის გამო (და ეს სიმართლე იყო), მაგრამ მერე რა? ჩვენ სამუშაოს გამო გვიხდიდნენ და სტიუარტ პირსი სხვებს წინ მიუძღვოდა თავისი მაგალითით. ის არასოდეს ითხოვდა იმას, რისთვისაც თავად არ იყო მზად.

კლაფს უდიდეს პატივს ვცემდი თამაშის სფეროში განსწავლულობის გამო. შესაძლოა, ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა ვარჯიშებზე, მაგრამ მატჩის დროს მისი მახვილი თვალი კარდინალურად ცვლიდა მდგომარეობას. თუ ბოლომდე არ ასრულებდი შენს ამოცანას, კლაფი ამას კარგად ამჩნევდა:

ერთი შეხედვით უწყინარი შეცდომა, რომელიც სამი-ოთხი წუთის შემდეგ მიღებულ ბურთს იწვევდა, ართმევის წარუმატებელი მცდელობა, საჭირო დროს არშესრულებული სპრინტი ან პასი სამართლიანად იყო მითითებული გოლის მიზეზად. და საჭირო არ იყო სხვების მისამართით თითის გაშვერა, რაც ასე დამახასიათებელი გახლდათ მოთამაშეთა უმრავლესობისთვის. მან იცოდა ეს და ჩვენ ვიცოდით, რომ მან ეს იცოდა.

ყოველი საფეხბურთო მატჩი ათასგვარი წვრილმანისგან შედგება, რომელიც ერთად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. მწვრთნელი, რომელსაც არ შეუძლია ამ წვრილმანების შემჩნევა, როგორც ამას კლაფი აკეთებდა, უბრალოდ, იტყუება. თამაში სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც იტყუებიან და მხოლოდ ყვირილი იციან: "დაიკაპიწეთ ხელები!", "სწორად განეწყვეთ თამაშისთვის!" და მიგითითებენ იმის შესახებ, რომ ამაყი უნდა იყო ამ მაისურის ტარების გამო. მწვრთნელი (და ასეთები ბევრნი არიან), რომელიც ასეთ კლიშეს იყენებს, არ იცის ყველაზე მთავარი.

ბრაიან კლაფი ამჩნევს წვრილმან დეტალებს, ფაქტებს, მიკროეპიზოდებს და ყველაფრისგან სწორ დასკვნებს აკეთებს.

კლაფს საკუთარი მიდგომა ჰქონდა სხვა საკითხებზეც. ერთხელ, როცა ის ვარჯიშს არ ესწრებოდა, მისმა თანაშემწეებმა სიმძიმეებთან მუშაობა დაგვავალეს. ვარჯიშიდან ნახევარი საათის შემდეგ მინდორზე მწვრთნელის ძაღლი დელი გამოჩნდა, რომელსაც პატრონი მოჰყვებოდა - როგორც ყოველთვის, მწვანე საწვრთნელ კოსტიუმსა და მაღალ ფეხსაცმელებში გამოწყობილი.

"ეს რა უბედურებაა?" - ჰკითხა მან ლაიამ ო'ქეინის და სიმძიმეებზე მიანიშნა. ლაიამმა პირის გაღება ვერ მოასწრო, რომ კლაფმა ბრძანება გასცა: "მოაშორეთ ეს აქედან და ბურთები მოიტანეთ". ამაში იყო მისი ძალა. და, ჩემი აზრით, სისუსტეც, რადგან სანამ ჩვენ პრემიერლიგაში შესასვლელად ვემზადებოდით, ფეხბურთი იცვლებოდა. სამწუხაროდ, ისევე, როგორც მარგარეტ ტეტჩერის, კლაფის დროც წასული იყო.

* * *
დაახლოებით იმ პერიოდში ერთი ლამაზი გოგონა შევნიშნე ქალაქის ღამის კლუბში. მას ტერეზა დოილი ერქვა. ვცდილობდი, თავი მომეწონებინა მისთვის, მაგრამ თითქოს, ვერ მამჩნევდა. მას სერიოზული რომანი ჰქონდა ერთ ბიჭთან და დიადი ფეხბურთელი როი კინი მასზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა.

ვფიქრობ, მაშინ მე წარუმატებელი ბიჭის რეპუტაცია მქონდა, თუმცა ვერ ვხსნიდი - რატომ. მე ვიცნობდი მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელმაც მითხრა, რომ ტერეზა დანტისტის თანაშემწის ქალიშვილი იყო. საბოლოოდ, მან შეწყვიტა ურთიერთობა იმ ბიჭთან და ახლა ჩვენ ერთად ვჩნდებოდით ყველგან.

მიუხედავად იმისა, რომ ნოტინგემში იყო დაბადებული, ტერეზას ირლანდიური ფესვები ჰქონდა. მისი მშობლები - ბრეი და ლასკი დუბლინის საგრაფოდან იყვნენ.

* * *
ჩვენ კარგად დავიწყეთ ახალი ჩემპიონატი - "ლივერპული" დავამარცხეთ 1:0 მატჩში, რომელსაც Sky Television გადასცემდა. გოლი თავის ანგარიშზე ტედი შერინგემმა ჩაიწერა. შემდეგ დაიწყო ნამდვილი კოშმარი - ექვსმატჩიანი წაგებათა სერია. სამწუხაროდ, შერინგემი სექტემბერში "ტოტენჰემში" გადავიდა.

ოქტომბერში გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე ვიყავით. ათ მატჩში 22 გოლი გვქონდა გაშვებული. "ფორესტი" ღრმა კრიზისში იმყოფებოდა.

ამ მძიმე პერიოდში ჩემი მდგომარეობა გართულდა. გაზეთებმა დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა - რომელი წამყვანი კლუბი აპირებდა ჩემ გადაბირებას. ახსენებდნენ "ბლექბერნს", "არსენალს", "ასტონ ვილასა" და "ლივერპულს". პრესაში წერდნენ, რომ ეს კლუბები მზად იყვნენ, დაემხოთ ინგლისში სატრანსფერო რეკორდი, ოღონდ კი ჩემთან კონტრაქტი გაეფორმებინათ.

ბევრი ამბობდა, რომ თუ "ნოტინგემი" გავარდებოდა პრემიერლიგიდან, ბრაიან კლაფი დატოვებდა კლუბს. რა მელოდა მე? მქონდა კონტრაქტი და ხელფასი - 700 ფუნტი კვირაში. ეს სხვა ფეხბურთელების ჯამაგირზე გაცილებით ნაკლები იყო. კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ წელიწადნახევარი რჩებოდა.

დაახლოებით ამავე პერიოდში დამირეკა კენი დალგლიშის ნაცნობმა და მითხრა, რომ "ბლექბერნის" მთავარ მწვრთნელს ჩემთან შეხვედრა სურდა. ალან შირერმა სულ ცოტა ხნის წინ უარი უთხრა "მანჩესტერ იუნაიტედს" და "საუთჰემპტონიდან" "ბლექბერნში" გადასვლა არჩია. ამ გუნდს ჯეკ უოკერი ასპონსორებდა და სერიოზულად ჰქონდა განზრახული პრემიერლიგის მოგება.

დევიდ ო'ლირის სახლში დაგეგმილი იყო დალგლიშთან და "ბლექბერნში" მის თანაშემწესთან, რეი ჰარტფორდთან შეხვედრა. მკითხეს ჩემი კონტრაქტის შესახებ "ნოტინგემში". როცა ვუპასუხე, რომ "ფორესტში" ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, მათ დამიწყეს დარწმუნება - ხელი არ მომეწერა დოკუმენტისთვის და თუ მაინც გავაფორმებდი ხელშეკრულებას, უნდა მომეთხოვა იქ ერთი პუნქტის ჩამატება, რომელიც უფლებას მომცემდა, დამეტოვებინა "ნოტინგემი" პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში.

ცხადად მიმანიშნეს, რომ "ბლექბერნი" მზად არის, დაამყაროს ინგლისური ფეხბურთის ახალი სატრანსფერო რეკორდი - გადაიხადოს 3.5 მილიონი ფუნტი.

ვიცოდი, რომ კულისებს მიღმა მსგავსი მოლაპარაკებები წესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ასეთ გარიგებებს ხშირად ჰქონდა ადგილი.

გაზეთები წერდნენ იმის შესახებ, რომ "ნოტინგემში" სამწლიანი კონტრაქტისთვის ერთ მილიონ ფუნტს ვითხოვდი. დაახლოებით ასეც იყო. შუამავლების მეშვეობით კენი დალგლიშმა შემატყობინა, რომ "ბლექბერნში" ჩემი ხელფასი წელიწადში 250 ათასი ფუნტი იქნებოდა, ხოლო 500 ათასს კონტრაქტის გაფორმებისთანავე მივიღებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული