რა უფრო მოსაწყენია: უტიტულობა თუ დაცვაში თამაში

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი "ჩელსი" ხელშეუხებელია და "არსენალთან" არ წააგო, რომელსაც ზედიზედ 8 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ის კი არა, უფრო ახლოს მოგებასთან უფრო "ლურჯებიც" კი იყვნენ. "განსაკუთრებული" არსენ ვენგერის წინააღმდეგ კვლავაც წაუგებელია - 7 გამარჯვება და 6 ფრე.

ხოლო "მეთოფეებს" "ჩელსისთვის" გოლი უკვე 8 საათი და 2 წუთია, არ გაუტანიათ.
კვლავინდებურად დიეგო კოშტასა და ლოიკ რემის გარეშე მყოფმა მოურინიომ თამაში ნომინალური ფორვარდის გარეშე დაიწყო და დიდიე დროგბა მხოლოდ მას მერე გამოიყვანა, რაც ოსკარი დაშავდა. ბარემ ისიც ვთქვათ,
რომ ბრაზილიელის დაზიანება, საბედნიეროდ, სერიოზული არ გამოდგა და იგი მალევე გამოწერეს ჰოსპიტლიდან.

"არსენალს" ცოტა სითამამე და რისკი დააკლდა და მოურინიომ ეს კარგად გამოიყენა. მან, ტრადიციულად, მწარედ უპასუხა "მეთოფეთა" ფანებს, რომლებიც მატჩის მსვლელობისას "მოსაწყენი, მოსაწყენი ჩელსიო" მღეროდნენ და "ლურჯებს" დაცვიდან თამაშს უწუნებდნენ.

"შესაძლოა, მოსაწყენი ათწლიანი უტიტულობაა, ეს ნამდვილად მოსაწყენია. მე მესმის მათი, როდესაც გუნდს ქომაგობ და ელოდები და ელოდები, მაგრამ პრემიერლიგას ვერ იგებ, ნამდვილად გწყინდება. შესაძლოა, "არსენალის" ფანები სინამდვილეში ჩვენზე კი არა, თავიანთ კლუბზე მღეროდნენ. როდესაც თამაშის მოგება გინდა და გჭირდება, მაგრამ ფორვარდი ოლივიე ჟირუ გაგყავს, ცოტა უცნაურია, იქნებ წინა ხაზზე ჟირუც გჭირდება და თეო უოლკოტიც" - თქვა მოურინიომ.

ნახსენები ცვლილება ვენგერმა 84-ე წუთზე გააკეთა და ფრანგმა სულ რამდენიმე წუთითაც ვერ გარისკა ვა-ბანკზე წასვლა. პორტუგალიელმა კი თავისი სიმართლე ფაქტებითაც გაამყარა - გარდა იმისა, რომ მის გუნდს ყველაზე ცოტა (2) მარცხი აქვს, ხოლო 33 შეხვედრაში 65 ბურთი უგროვდება, "ჩელსი" გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ "სიტის" ჩამორჩება (გაშვებული კი, "საუთჰემპტონთან" ერთად, ყველაზე ცოტა აქვს, კერძოდ კი - 26) და საუკეთესო ბურთების სხვაობა აქვს - +39.

"საინტერესოა, რომ მოსაწყენ გუნდს 65 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბურთების სხვაობით გამოირჩევა. ჩვენზე მეტი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს გატანილი" - განმარტა მოუმ.

იგი აერიდა საკამათო ეპიზოდებზე საუბარს, არადა, სალაპარაკო ცოტა არ იყო. ერთბაშად 4 ეპიზოდში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა - აქედან 3-ჯერ "ჩელსის" სასარგებლოდ, ხოლო ერთხელ - "არსენალის". მაიკლ ოლივერმა არც ერთ ეპიზოდში არ მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ.

"მინდა ეს საპენალტე მომენტები დავივიწყო, რადგან ვფიქრობ, არბიტრ მაიკლ ოლივერს მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჰქონდა, მან სოლიდურად იმუშავა, ისევე, როგორც მისმა ასისტენტებმა. მსაჯით კმაყოფილი ვარ" - განაცხადა "ჩელსის" თავკაცმა.

განსაკუთრებით კი, პორტუგალიელმა გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი შეაქო, რომელთანაც "ჩელსიმ" ცოტა ხნის წინათ გაახანგრძლივა კონტრაქტი. ვეტერანს მართლაც კარგი სეზონი აქვს, მაგრამ მოურინიო უფრო შორს წავიდა და ტერის "არსენალის" წინააღმდეგ თამაშს საუკეთესო უწოდა - რაც ის გამიწვრთნია, ასე კარგად არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებიაო. არადა, ჯამში ჟოზე ტერის 5 წელია, წვრთნის.

"ჩემი აზრით, ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო იმ 5 სეზონის განმავლობაში, რაც ერთად ვმუშაობთ. მან ფანტასტიკურად ითამაშა ჩემს პირველ სეზონში, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სუფთად გახლდათ - თამაშის ხედვა, ართმევაზე თამაში... ის ყველგან იყო. მთლიანად გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა, მაგრამ ჯონი ყველაზე ერთი ნაბიჯით წინ გახლდათ" - დასძინა "განსაკუთრებულმა".

"ჩელსის" ადვოკატად დაუდგა ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯერმინ ჯენასი: "ავტობუსის დაყენებასა" და ბურთის დაჭერას შორის დიდი სხვაობაა. "ჩელსი" უბრალოდ არ იგერიებდა მეტოქის შეტევებს და მხოლოდ უკან არ იდგა, გუნდს ბურთი ძალიან ჭკვიანურად და კარგად ეჭირა. ვფიქრობ, "ჩელსი" კმაყოფილი უნდა იყოს თავისი თამაშით, ხოლო "არსენალს" მეტი უნდა გაეკეთებინა. "მეთოფეების" ფანები "ჩელსის" მოსაწყენს კი ეძახიან, მაგრამ მათ გუნდს უფრო მეტად უნდა გამოეჩინა ინიციატივა, ეცადა მეტოქისთვის ბურთის ართმევა, აქტიურობა... სიმართლე ითქვას, საკითხავია, რომელი გუნდის თამაში უფრო მოსაწყენი სანახავი იყო".

არსენ ვენგერი: "პირველ ტაიმში სწორი შემართება გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში რაღაც აირია. მხოლოდ ბოლო 20 წუთი ჩავატარეთ ისევე აქტიურად. თამაში უნდა დაგვემთავრებინა საკუთარი შანსების გამოყენებით. მესუთ იოზილს ბოლო წუთზე ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მეტოქე თავს მშვენივრად იცავდა. "ჩელსი" ამას ბრწინვალედ აკეთებს, ეს ყველამ იცის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უფ! პორტუ მაშინ ისე მივიდა ფინალამდე რომ ფაქტიურად ძლიერი კონკურენტი არც ყოლია და ფინალში მონაკო დაამარცხეს და არა რეალი, მანჩესტერი ან იუვენტუსი!
brola
15:15 30-04-2015
0
თამაშისთვის არ გიყურებიათ და ისე წერთ მიმოხილვას? ჩამშლელიკოკელენი გაიყვანა და თავდამსხმელი უელბეკი გამოუშვა, ეგ გარისკვა არაა? ჟირუ რო შეცვალა უელბეკი შევიდა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე და კარგი მომენტიც ქონდა ფეხი ვერ მოარტყა კარგად უბრალოდ
emre
10:06 29-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული