ნეტა, ახლა იწყებოდეს პრემიერლიგა! - ლონდონის "არსენალი" ტოპ-ფორმაშია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფანებს, ალბათ, ძალიან სწყდებათ გული იმაზე, რომ პრემიერლიგა ახლა მთავრდება და არა პირიქით, იწყება.

"მეთოფეები" მართლაც არაამქვეყნიურ ფორმაში არიან და დაფრინავენ, რაშიც "ჰალთან" შეხვედრისასაც დავრწმუნდით. ალექსის სანჩესის მოუსვენრობა და დუბლი, სანტი კასორლას აქტიურობა და პროდუქტიულობა, აარონ რემზის დახვეწილი და შედეგიანი თამაში, ხოლო მესუთ იოზილის საუცხოო ქუსლური პასი და ესთეტიკური თამაში... მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც არსენ ვენგერის ბიჭებმა "ვეფხვების" წინააღმდეგ გვიჩვენეს.

ცოტა რამ სტატისტიკაზეც ვთქვათ - ეს "არსენალისთვის" მე-200 პრემიერლიგური საგარეო გამარჯვება იყო.

ამაზე მეტი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს"
აქვს (238). კასორლას პრემიერლიგური დებიუტის, ანუ 2012 წლის აგვისტოს მერე, მასზე მეტი საგოლე გადაცემა (28) ინლისის ჩემპიონატში არავის გაუკეთებია. "არსენალმა" ზედიზედ მეოთხედ ითამაშა იმავე სასტარტო თერთმეტეულით, რაც 1996 წლის მარტ-აპრილის შემდეგ არ მომხდარა. ხოლო გადარჩენისთვის მებრძოლი "ჰალი" ის კლუბია, რომელიც მიმდინარე პრემიერლიგაში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტ გოლს უშვებს. ასეთი უკვე 13 დაგროვდა და სტივ ბრიუსმა ამაზე უნდა იმუშაოს.

ალექსის სანჩესმა ისევ აკრიფა ფორმა და 16 გოლით "მეთოფეების" საუკეთესო სნაიპერია. სულ მან ამ სეზონში 24 გოლში მიიღო მონაწილეობა (26 გოლი, 8 პასი). ამაზე უკეთესი შედეგი პრემიერლიგაში "არსენალის" მაისურით რობინ ვან პერსის ჰქონდა 2011/12 წლების სეზონში, როდესაც მან ჩემპიონატი ისე დაასრულა, რომ 39 გოლში მიიღო მონაწილეობა (30 გაიტანა, 9 გაატანინა).

ვენგერი ძალიან კმაყოფილი იყო და ამბობდა, კარგი სინთეზის წყალობით მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და ახლა მთავარია, იგივე სათამაშო ხარისხი და დონე შევინარჩუნოთ და სეზონი საუკეთესოდ ჩავამთავროთო, რაშიც მან ჩემპიონატში მეორე ადგილი და ასოციაციის თასის ზედიზედ მეორედ მოგება იგულისხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული