არის მემფის დეპაი "მანჩესტერ იუნაიტედში"!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მემფის დეპაი დაიბევა. მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს და ტრანსფერი ივნისში გაოფიციალურდება, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.

ბრიტანული პრესის ცნობით, ეს სიამოვნება "წითელ ეშმაკებს" 25-30 მილიონი გირვანქა დაუჯდ(ებ)ათ, ხოლო 21 წლის ჰოლანდიელი შემტევი "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან 2019 წლის ზაფხულამდე მოაწერს კონტრაქტს ხელს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

"მანჩესტერს" დეპაის დიდი ხანია, უკავშირებენ, მით უმეტეს, გუნდში ლუი ვან გაალის გამოჩენის მერე, მაგრამ ზაფხულამდე ტრანსფერს ბევრი, ალბათ, არ ელოდა. "წითელმა ეშმაკებმა" იმიტომ იჩქარეს, რომ დეპაის სხვა მსურველებიც ჰყავდა. როგორც ამბობენ, ბოლო დროს "ლივერპულიც"
ძალიან აქტიურობდა.

"დროა, ახალი მიზნები დავისახო და ტიტულები "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოვიგო. მე ყოველთვის ვამბობდი - იოცნებე, გჯეროდეს, მიაღწიე. მე ვოცნებობდი პსვ-სთან ერთად ჩემპიონობაზე და მჯეროდა, რომ ეს შეგვეძლო, მივაღწიეთ კიდეც მიზანს. კლუბისა და გულშემატკივრების ძალიან მადლიერი ვარ, ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო" - განაცხადა დეპაიმ.

პსვ-ს სპორტული დირექტორი მარსელ ბრანდსი: "ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ეს ტრანსფერი შედგება. მემფისმა პსვ-ს ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა და ბრწყინვალე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ამ სეზონში ჩემპიონობის მოპოვებაში. ახლა კი მის კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი და ნაბიჯია და ჩვენ მას წარმატებას ვუსურვებთ".

შეგახსენებთ, რომ დეპაი მსოფლიოს ჩემპიონატზეც თამაშობდა ვან გაალის ხელმძღვანელობით. პსვ-ს კი მან რამდენიმეწლიანი პაუზა შეაწყვეტინა და ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარა. ეინდჰოვენელთა მაისურით ჩატარებულ 104 მატჩში მის აქტივში 42 გოლი და უამრავი საგოლე ან ბოლოსწინა პასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული