როი კინის "ავტობიოგრაფია". IV თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
ოქტომბრის ბოლოსთვის დამაჯერებლად ვლიდერობდით პრემიერლიგას, მაგრამ არ მომწონდა ჩემი თამაში. ერთ-ერთი მიზეზი იყო მუხლის მცირე დაზიანება, რომელიც მუდმივად მაწუხებდა. ეგოისტური მოსაზრებებით ყოველთვის მზად ვიყავი, ტკივილით მეთამაშა: ტრავმების გამო არ მინდოდა ადგილი დამეკარგა შემადგენლობაში. ასე იყო ყველა კლუბში, რომელშიც ვთამაშობდი.

"იუნაიტედში" ეს აზრი განსაკუთრებით აქტუალური იყო. ჯერ ისევ ვიბრძოდი ბრაიან რობსონთან და პოლ ინსთან ძირითადში ადგილის დასაკავებლად. სამი თვის გასვლის შემდეგ მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყო.

მე არ ვიყავი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც
აცნობიერებდა, რომ კლუბის იუნიორთა გუნდში (1992 და 1993 წლებში ახალგაზრდული თასი მოიგო) რამდენიმე მოთამაშე იყო, რომლებიც სულ მალე შეეცდებოდნენ ძირითადში ადგილის მოპოვებას. ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის, გარი და ფილ ნევილები, დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი და პოლ სქოულზი უკვე ცნობილი მოთამაშეები იყვნენ და მათზე ყველგან ლაპარაკობდნენ. დრო დაამტკიცებს, რომ ეს საუბრები ფუჭი სულაც არ ყოფილა.

ჩემთან კონტრაქტის გაფორმებისას ალექს ფერგიუსონმა ნათლად მიანიშნა, რომ ევროპაში წარმატება კლუბისთვის უპირველესი ამოცანა იყო. ევროპა "იუნაიტედისთვის" ტრიუმფისა და ტრაგედიის წყარო იყო. ის გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ეწინააღმდეგებოდა საფეხბურთო ასოციაცია. სერ მეტ ბასბიმ აისრულა ოცნება, როცა 1968 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა თასი მოიგო.

მაგრამ 1958 წელს მიუნხენში მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელშიც "იუნაიტედის" რვა ფეხბურთელი დაიღუპა, მძიმე კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში. "ოლდ ტრაფორდზე" ევროთასების მატჩებს ყოველთვის ჰქონდა ემოციური დატვირთვა.

როცა ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში თურქეთის ჩემპიონ "გალათასარაის" შევხვდით, იმ მომენტში არავის ახსოვდა ჩვენი ბრწყინვალე სტარტი ინგლისის ჩემპიონატში. ჩვენთვის ეს მატჩები ნამდვილი გამოცდა იყო. ორი მატჩის ჯამში დამარცხებულები გამოვედით. საკუთარ სტადიონზე 2:0–ით დაწინაურების შემდეგ სამი გოლი გავუშვით. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის წესის მიხედვით, თურქეთის ჩემპიონმა უდიდესი უპირატესობა მიიღო. სტამბოლში აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრების გარემოცვაში მოგება გვჭირდებოდა.

"გალათასარაი" კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მისი ფეხბურთელები სხვადასხვა ფანდს იყენებდნენ - სიმულაციას, დროის გაყვანას, მსაჯებთან კამათს. ისინი ძალიან მჭიდროდ თამაშობდნენ დაცვაში და მისი გავლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. თამაში უგოლო ფრით დასრულდა. მატჩის მსვლელობისას ბევრი იყო კინკლაობა, ბოლოს კი მოთამაშეებმა საერთოდ დაკარგეს საკუთარ თავზე კონტროლი. ერიკ კანტონა გააძევეს მოედნიდან. გასახდელისკენ მიმავალ ბრაიან რობსონს პოლიციელმა თავში ჩაარტყა. კანტონა ხელჩართულ ჩხუბში ჩაება.

გასახდელში ერიკი საბოლოოდ გაგიჟდა. თუ დანარჩენებს იქაურობის სასწრაფოდ დატოვება უნდოდათ, ის მხოლოდ პოლიციელთან საქმის გასარჩევად იწევდა, რომელიც ხელკეტით უსწორდებოდა ყველას, ვინც ხელთ მოხვდებოდა. ერიკი აღნაგობით გამორჩეული იყო და სერიოზულად იწევდა საჩხუბრად. ყვიროდა, რომ მოკლავდა ამ ნაძირალას. მისი დაწყნარება ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს მწვრთნელმა, ბრაიან კიდმა და რამდენიმე მოთამაშემ.

ჩვეულებრივ, ბრძოლას არ გავურბივარ, მაგრამ მეც კი არ ვიყავი მზად საბრძოლველად. იქ ძალიან ბევრი თურქი ფანი იყო! ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი მაინც არ შეიცვლებოდა. ჩვენ გავვარდით ჩემპიონთა თასიდან.

* * *
ნოემბრის დასაწყისში მონაწილეობა მივიღე ჩემს პირველ მანჩესტერულ დერბიში "მეინ როუდზე". "სიტიმ" სუსტი სტარტის შემდეგ გათამაშების ცხრილის შუამდე ამოსვლა მოახერხა, მაგრამ ადგილი ცხრილში და რეპუტაცია არავის ახსოვდა ასეთ დერბიში. მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით, "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის. წაგება აიძულებდა მათ, თვეების განმავლობაში დეპრესიაში ჩარჩენილიყვნენ.

გამარჯვება კი რამდენიმეკვირიანი ზეიმის საბაბი იქნებოდა მაღაზიებში, ქარხნებში, ოფისებსა თუ პაბებში. "იუნაიტედისა" და "სიტის" ფანები ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ცხადი მიზეზებით "სიტის" გულშემატკივართა გაღიზიანება უფრო დიდი იყო. "იუნაიტედის" წარმატებები არ შეედრებოდა "სიტის" საცოდავ არსებობას. ამ კლუბში ხელმძღვანელები ერთიმეორის მიყოლებით იცვლებოდნენ და მისი ბოსები მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებულნი, რომ მწვრთნელებს ათავისუფლებდნენ.

გულშემატკივრები ყვიროდნენ, რომ მხოლოდ "სიტია" ერთადერთი ნამდვილი კლუბი მანჩესტერში, რომელიც, "იუნაიტედისგან" განსხვავებით, არ არის კოსმოპოლიტური, არ იხრჩობა ფულში და ნამდვილ მანჩესტერელებს წარმოადგენს.

ისტორიულ ასპექტში შეიძლება არგუმენტების მოყვანა იმის სასარგებლოდ, რომ "სიტი" მანჩესტერის უფრო ძირძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია. 1945 წელს, მეტ ბასბის მისვლამდე, "იუნაიტედი" ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული გუნდი იყო. 70-იან წლებში ჯო მერსერმა და მალკოლმ ალისონმა აღადგინეს "სიტის" ძველი დიდება. მაგრამ მაინც, "იუნაიტედი" თანამედროვე ეპოქაში უფრო დიდი ხანი იყო მწვერვალზე.

* * *
"გალასარაისთან" მატჩის შემდეგ ევროთასებიდან ჩვენი გავარდნის აღსანიშნავად, "სიტის" გულშემატკივრებმა წინასამატჩო მოთელვაზე თურქული ტკბილეულობა დაგვიშინეს. ტემპი არანორმალური იყო, ფეხბურთელები ერთმანეთს არ ინდობდნენ. ისე ჩანდა, რომ მატჩის შედეგი მაყურებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გუნდებისთვის. ამიტომაც ფანებისგან წაქეზებული ფეხბურთელები მინდორზე დაფრინავდნენ.

ჩვენ მზად არ ვიყავით მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის. გასვლით მატჩებში თამაშის ტემპის კონტროლს შეჩვეულებს, უბრალოდ, არ შეგვეძლო იმ არანორმალური ენერგიისთვის გამკლავება, რომელიც მეტოქემ პირველ 45 წუთში შემოგვთავაზა. 0:0-ზე გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან. შემდეგ კი... ორი გოლი გავუშვით. პირველი ტაიმის მაუწყებელი სასტვენის ხმა შვება იყო ჩვენთვის.

მწვრთნელი გვაფრთხილებდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, თუ მეტოქის მსგავსად, პირველივე წუთებიდან ბოლომდე არ დავიხარჯებოდით. თუ ფიზიკურ ბრძოლაში მარცხდები, სათამაშო კლასში უპირატესობას აზრი ეკარგება.

როცა მეორე ტაიმზე გავდიოდით, ზუსტად ვიცოდით, რას გავაკეთებდით მოედანზე. თავდაპირველად საჭირო იყო ორთაბრძოლების მოგება. სწორედ ასე გამოჩნდებოდა კლასში სხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ალექს ფერგიუსონს მკაცრი მწვრთნელის რეპუტაცია ჰქონდა, რომელიც გასახდელში ჩაის ჭიქებს ისროდა, მას ანალიტიკური აზროვნების უნარი გააჩნდა. იმ მატჩის შესვენებაზე მისი სიტყვები მარტივი იყო: ადეკვატური ზეწოლით უპასუხეთ მათ, გაიტანეთ გოლი და თამაში სულ სხვა სცენარით განვითარდება. მოიგეთ მეორე ტაიმი.

და ჩვენ ის მოვიგეთ. კანტონამ მეორე ტაიმის დასაწყისში შეამცირა სხვაობა. 20 წუთის შემდეგ "სიტის" ფეხბურთელები საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. მათ მთელი ენერგია პირველ ტაიმში დახარჯეს. 1:2-ზე უკვე ვიცოდი, რომ მატჩს მოვიგებდით.

90 წუთი დროის დიდი მონაკვეთია, 2:0 კი სოლიდური უპირატესობა. თუ თქვენ უკან დაიხევთ, შეტევაზე უარს იტყვით და ანგარიშის შენარჩუნებაზე იფიქრებთ, მაშინ უნდა ელოდოთ მოვლენათა მკვეთრ ცვლილებას. მატჩს, რომელიც 90 წუთი გრძელდება, თავისი მოქცევა და მიქცევა გააჩნია. ყოველი ახალი სიტუაცია ითხოვს სწრაფ გადაწყვეტას. უნდა იცოდეთ, როდის მიუმატოთ ან დააგდოთ ტემპი.

სწორედ იმის წყალობით, რომ ეს ნიუანსები კარგად გვესმოდა და პრაქტიკაში მისი გამოყენება შეგვეძლო, მოვიგეთ კიდეც ის მატჩი "მეინ როუდზე". ბრიუსი, კანტონა, ირვინი, ჰიუზი, ინსი, პალისტერი - ისინი გრძნობდნენ მსგავსი მატჩების პულსს. ცნება - "გამარჯვებულის ფსიქოლოგია" ხშირად გამოიყენება ფეხბურთში. "მე გამარჯვებული ვარ". ნებისმიერს შეუძლია ამ სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ საქმეში მისი დამტკიცება მხოლოდ მაღალკვალიფიციური პროფების ხვედრია.

და მხოლოდ ახლა მესმის კარგად, რომ სწორედ ხასიათის წყალობით გახდა ჩემპიონი ეს გუნდი, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. ბრაიან რობსონს გააჩნდა ჩემპიონის ყველა ტიპური თვისება, მაგრამ "სიტის" წინააღმდეგ ის არ თამაშობდა. მიუხედავად ამისა, საკმარისი ძალა გვქონდა იმისთვის, რომ საკუთარი საქმე ისე გაგვეკეთებინა, როგორც საჭირო იყო.

კანტონამ მეორე გოლი გაიტანა და მაშინ მივხვდით, რომ სამი ქულა ჯიბეში გვედო. არ არსებობდა ერთი შანსიც იმისა, რომ ფრეზე დავთანხმდებოდით. ბევრი გუნდი ამაზე გაჩერდებოდა. ჩვენ კი გამოცდილება გვკარნახობდა, რომ არ უნდა დავმშვიდებულიყავით და ერთი ქულით არ უნდა დაგვეტოვებინა მოედანი. ახლა, როცა "სიტი" სიკვდილისწინა აგონიაში იმყოფებოდა, დრო იყო მისი საბოლოო მოსპობის. წინ წავედით და მცირე წინააღმდეგობა გვხვდებოდა.

ისინი მოვალეობას იხდიდნენ მოედანზე. ყოველ შემთხვევაში, უმეტესი მათგანი. დენის ირვინი მარცხენა ფლანგიდან ბურთიანად წინ წავიდა, მე შუახაზიდან დავიძარი მეტოქის კარისკენ. ახლა მხოლოდ ორი რამ წყვეტდა ამ მატჩის ბედს: ირვინის პასის სიზუსტე და საჯარიმოში შესასვლელად დროის ზუსტად შერჩევა.

პასი იდეალური გამოვიდა - "სიტის" მცველების ზურგსუკან, შორეულ ძელთან. ჩემი საჯარიმოში შერბენაც დროული იყო - ბურთი მინდორზე არც დამიშვია, ისე დავარტყი. გამარჯვების გოლის გატანით გარკვეული ხანი გმირად ვიქეცი, მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ეს გოლი და ყველაფერი, რაც ფეხბურთში ხდება, გუნდის მონდომებისა და ძალისხმევის შედეგია.

ჩვენი გამარჯვება განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით. მათგან ყველაზე მთავარი მწვრთნელისა და წამყვანი ფეხბურთელების გამოცდილების ნაზავი იყო. მათ ზუსტად იცოდნენ, როგორ გადაეჭრათ ამოცანა, რომელიც მეორე ტაიმის წინ იდგა ჩვენ წინაშე. გარდა ამისა, გაგვაჩნდა ყველა აუცილებელი თვისება ამ სამუშაოს შესასრულებლად. "მანჩესტერ სიტის" არ ჰქონდა არც შესაძლებლობები და არც გამოცდილება. მატჩში ერთმანეთს ხვდებოდნენ მამაკაცები და ბიჭები. ამიტომაც მოვიგეთ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიყვარხართ ! არ შეწყვიტოთ!
keane
03:17 14-05-2015
0
ბატონო გია (თვალაბეიშვილი)მადლობა ესეთი კეთილი საქმსათვის, მაგრამ ამ ოხერი სამყურას ბიოგრაფია მაგრად გვითრევს, ანუ ხშირი ინტენსივობით დადეთ თუ შეიძლება, მადლობა კიდევ ერთხელ.
larsson
21:31 13-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული