ვარსკვლავი: ჯეი როდრიგესი დაბრუნდა და რჩება

AutoSharing Option
ჯეი როდრიგესი, რომელიც ინგლისის ნაკრების კანდიდატიც კი გახლდათ და შეიძლებოდა, ბრაზილიის მუნდიალზე გამგზავრებულიყო, ვარჯიშს სრული დატვირთვით დაუბრუნდა და "საუთჰემპტონმაც" მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, 2019 წლის ზაფხულამდე.

ეს ორი კარგი ამბავი 25 წლის შემტევს, წესით, უნდა დაეხმაროს სათამაშო ფორმის რაც შეიძლება მალე აღდგენაში. ბოლოჯერ მან 2014 წლის აპრილში ითამაშა და მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის მერე ამდენი ხანი გაუცდა.

საუბრობდნენ იმაზეც, რომ "სენტ მერის" ბინადრები როდრიგესის გაყიდვაზე ფიქრობდნენ, მაგრამ გუნდს ჯეის გაშვება არ სურს. შეგახსენებთ, რომ ტრავმამდე ის ბრწყინვალე ფორმაში იყო და
წინა სეზონში 17 გოლიც დაუგროვდა. "საუთჰემპტონმა" ის 2012 წელს "ბარნლისგან" დაიმატა. ჯეის სანაკრებო დებიუტი კი 2013 წლის ნოემბერში შედგა.

"მძიმე წელიწადი გამოვიდა, ახლა კი მომავალზე ფიქრია საჭირო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ მშვენიერ გუნდში ვრჩები. "საუთჰემპტონი" საოცარ სეზონს ატარებს" - თქვა როდრიგესმა.

"წმინდანების" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი: "ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავია. გაუთავებელი სპეკულაციები იყო ჯეისადმი სხვა კლუბების ინტერესის შესახებ. გვიხარია, რომ იგი ჩვენთან რჩება".

"საუთჰემპტონი" კი ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს და ეს საგზური შესაძლოა, გუნდს მე-7 ადგილმაც მოუტანოს, რომელზეც ახლა იმყოფება კიდეც, მაგრამ ხელმძღვანელობას სეზონის ექვსეულში დასრულება სურს. თუმცა ეს ადვილი არ იქნება, რადგან "წმინდანებს" "ასტონ ვილასთან" (საშინაო) და "მანჩესტერ სიტისთან" (საგარეო) რთული მატჩები დარჩათ.

ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათაც და "ტოტენჰემსაც" ძალიან მოუახლოვდა "სუონსი", რომელიც "შესანიშნავ შვიდეულში" შესვლას ცდილობს. "საუთჰემპტონს" კი უკვე 4 ტურია, არ მოუგია; არადა, ქულებს კარგავს "ტოტენჰემიც", "დეზები" უკვე სამი მატჩია კონკურენტს გადასწრების შანსს აძლევენ, მაგრამ კუმანის ბიჭებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. ჰოლანდიელი სპეციალისტი ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს უფრო უიღბლობას აბრალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული