როი კინის "ავტობიოგრაფია". IV თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
თითქმის ყველა ასპექტში "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ოცნების ასრულება იყო. ასეთი ბრწყინვალე პროფესიონალებით ყოველი ვარჯიში რაღაც ახალს გძენდა და დიდ ძალისხმევას ითხოვდა.

მე ვსწავლობდი, მაგალითად, ნამდვილი ხასიათის გამომუშავებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ლაყბობასა და წუწუნს. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ ბრიუსი, რობსონი, კანტონა და პალისტერი, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდათ - ისინი, უბრალოდ, საკუთარ საქმეს აკეთებდნენ.

პოლ ინსს, მეტსახელად "მმართველს", გრძელი ენა ჰქონდა, მაგრამ ამასთან, შესანიშნავი ფეხბურთელის თვისებებიც გააჩნდა და მას არ სჭირდებოდა ლოდინი იმისთვის, როდის მიაღწევდა გადამწყვეტ მატჩებში თამაშის მსვლელობა დუღილის ტემპერატურას.

ინსს
საკუთარი, ცოტათი რთული ხასიათი ჰქონდა. გარდა ამისა, ის ჩემი კონკურენტი იყო ძირითად შემადგენლობაში. მაგრამ მე ყველას ვეწყობოდი. ის ყოველთვის გამორჩეული იყო, როცა სასეირნოდ და ბარში დასალევად მივდიოდით.

პეტერ შმეიხელი დიადი პოზიორი იყო. მას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და ხშირად თამაშობდა პუბლიკაზე. ასეთი იყო მისი ნატურა. თითის გაუთავებელი გაშვერა და მკვეთრი ჟესტიკულაცია გულშემატკივრებს შემდეგს ეუბნებოდა: დამაკვირდით, კიდევ დიდხანს გაჩუქებთ ჩემს ჯადოქრობას ამ გუნდის გადასარჩენად. ეს მისი სამსახიობო თამაში იყო, მაგრამ ჩვენ, ძირითადად, ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, რადგან ეს მას ეხმარებოდა რთულ მომენტებში. ამასთან, შმეიხელმა იცოდა თავისი საქმე. ის შესანიშნავი მეკარე იყო. სწორედ ამას და არა მის გამოხდომებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაიან რობსონმა ჯერ ისევ ვერ შეძლო საჭირო ფორმის აკრეფა, გასახდელში იგრძნობოდა მისი ლიდერობა. ის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა, რაც ხანდახან საკულტო თაყვანისცემაში გადადიოდა სხვა მოთამაშეების მხრიდან. ეს დიდწილად აიხსნებოდა საფეხბურთო მოედანზე კაპიტნის წარმატებებით.

ბრაიანი ნამდვილი მებრძოლი იყო - გოლებს იტანდა, ართმევაზე თამაშობდა, თავს იცავდა, შესანიშნავად მოქმედებდა "მეორე სართულზე" და ბურთს კარგად ათამაშებდა. როცა ალექს ფერგიუსონს პირველ წლებში უჭირდა, რობსონი ლომივით იბრძოდა გუნდის დასახმარებლად. ის დიადი მოთამაშე იყო როგორც "იუნაიტედში", ასევე ინგლისის ნაკრებში. მაგრამ მის საქციელში ქედმაღლობა არასოდეს შეიმჩნეოდა.

რობსონი არ მალავდა, რომ ცხოვრებით ტკბებოდა და ძლიერი ხასიათი გააჩნდა. მას დალევაც ისევე შეეძლო, როგორც თამაში და ვარჯიში. ჭკვიანი იყო და იუმორის გრძნობა გააჩნდა. ცხოვრების დაუოკებელი სურვილი დაეხმარა, გამხდარიყო დიადი მოთამაშე და კარგი მეგობარი ყველასთვის.

კაპიტნის რანგში რობსონი კარგად მართავდა თანაგუნდელებს. მწვრთნელი მასთან ხშირად გადიოდა კონსულტაციას, განსაკუთრებით, მოთამაშეებთან დაკავშირებულ საკითხებში.

ბრაიანი თავიდანვე კარგად მეპყრობოდა. მორცხვი ვიყავი და თავს უხერხულად ვგრძნობდი. მიჭირდა ჩემს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებთან შეგუება - როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ამიტომაც მისი აღიარება და შექება ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.

* * *
მანჩესტერული დერბის შემდეგ დუბლინში ირლანდიის ნაკრებს შევუერთდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი ელოდა ჩრდილოეთ ირლანდიასთან. დუბლინში ჩვენი გუნდის 3:1 დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტი გახდა. მეორე ადგილისთვის ირლანდია და დანია იბრძოდნენ. თუ დანიელები ესპანეთს სტუმრად მოუგებდნენ, მეორე საგზურს ისინი მოიპოვებდნენ. მათი წაგების შემთხვევაში, რაც ყველაზე რეალური იყო, ჩვენ წავიდოდით მსოფლიოს ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ბელფასტში არწაგების შემთხვევაში. იმის გამო, რომ დუბლინში ჩრდილოეთ ირლანდიას იოლად მოვუგეთ - 3:0, ეს ამოცანა რთულად შესასრულებელი სულაც არ ჩანდა.

აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ორმაგი გრძნობები მქონდა ირლანდიის ნაკრებში თამაშისას. მომწონდა 90 წუთი მინდორზე ყოფნა, მაგრამ სხვა ყველაფრის მიმართ ცივი დამოკიდებულება გამაჩნდა. ირლანდიის ნაკრებში საქმის ორგანიზაცია ძალიან დაბალ დონეზე იყო. საფეხბურთო ასოციაცია ყველაფერს ისე არ აკეთებდა, როგორც საჭირო იყო - დაწყებული სავარჯიშო პირობებით და დამთავრებული თავად საწვრთნელი პროცესით, მგზავრობის ორგანიზებითა და სამედიცინო მომსახურებით.

როცა ინგლისური პროფესიული კლუბიდან ამ არეულობაში ვხვდებოდი, შოკურ მდგომარებაში ვვარდებოდი. მახსენდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც ალექს ფერგიუსონი ყოველგვარ წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევდა. და ამის გამო ჩემი იმედგაცრუება სულ უფრო იზრდებოდა. კიდევ უფრო უარესი იყო სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ ირლანდიელები ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. არადა, ამაში საამაყო არაფერი იყო. იმ გუნდებისგან განსხვავებით, რომლებსაც მოედანზე ვხვდებოდით, ცუდად ორგანიზებულნი ვიყავით და არაპროფესიულად ვუდგებოდით საქმეს. თან ვამაყობდით ამით!

ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის საშინელ მუშაობაზე ანეკდოტების მოყოლა ყველაზე მეტად ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ჯეკ ჩარლტონს უყვარდა. მისი ნაამბობი ყოველდღიური რუტინული სამუშაოს განუყოფელი ნაწილი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო დიდი აუდიტორია ჰყავდა. რა თქმა უნდა, თავად იყო ამ მოთხრობების მთავარი მოქმედი პირი, რადგან ის აიძულებდა გუნდს, კარგად ეთამაშა, იმის მიუხედავად, რომ ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო.

ჩარლტონის ისტორიებს შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მსმენელებზე, მაგრამ, სინამდვილეში, სრული სისულელე იყო. აკეთებდა თუ არა ის ყველაფერს მოთამაშეთა უმაღლეს დონეზე მოსამზადებლად? ჩვენ სათანადოდ რომ მოვმზადებულიყავით, საკუთარი გამოსვლის ხარისხს 5-10 პროცენტით ავამაღლებდით და ამ მცირე წვლილს დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მწვრთნელისთვის სულერთი იყო. პირიქით, ირლანდიელების "მომხიბვლელი" საქციელი - გაეკეთებინათ ყველაფერი უკუღმა - მხოლოდ მის წისქვილზე ასხამდა წყალს.

მოთამაშეები მხრებს იჩეჩდნენ და ირონიულად იღიმოდნენ, როცა მორიგ საშინელ სასტუმროში შესახლდებოდნენ, გამოუსადეგარ მოედანზე ივარჯიშებდნენ, თვითმფრინავის უკანა ნაწილში დასხდებოდნენ გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ისინი ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდნენ, იმ დროს, როცა ჯეკი და ნაკრების სხვა ხელმძღვანელები ბიზნეს-კლასით დაფრინავდნენ.

ისე ჩანდა, თითქოს მომავალი შეხვედრა ერთი რიგითი მატჩი იყო. არ იგრძნობოდა ერთიანობის ატმოსფერო, არანაირი მზადება და შეგრძნება იმისა, რომ ოთხშაბათის მატჩი იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედით. საქმით მხოლოდ თამაშის დღეს დავკავდით.

რელიგია ჩრდილოეთ ირლანდიაში თავის გავლენას ახდენდა ფეხბურთზე, ისევე, როგორც ცხოვრების სხვა ასპექტებზე. "ვინძორ პარკი", სადაც თამაში გვიწევდა, "ლინფილდის" სტადიონი იყო. ისევე, როგორც "რეინჯერსი" შოტლანდიაში, "ლინფილდი" პროტესტანტულ კლუბად ითვლებოდა.

"ვინძორ პარკი" იყო და რჩება აკრძალულ ზონად კათოლიკებისთვის (თუ ისინი დიდ ჯგუფად არ მიდიოდნენ იქ კათოლიკური კლუბის საგულშემატკივროდ). ისტორიული ხასიათის ბევრი მიზეზის გამო კათოლიკური ეკლესიის ძალიან ცოტა წარმომადგენელი გულშემატკივრობდა ჩრდილოეთ ირლანდიას. ამის ნაცვლად, ისინი ირლანდიის ნაკრებს ქომაგობდნენ. ჩრდილოირლანდიელი კათოლიკები "ლენსდაუნ როუდზე" მიდიოდნენ და იქ გულშემატკივრობდნენ ირლანდიას.

* * *
გასაკვირი არ არის, რომ "ვინძორ პარკზე" სიტუაცია დაძაბული იყო. გულშემატკივრები სალანძღავი შეძახილებით დაგვხვდნენ: "კათოლიკე ნაძირლები!". შოკისმომგვრელი იყო ის, რომ ღვარძლი მოდიოდა არა მხოლოდ იმ ადგილებიდან, სადაც ღარიბი პუბლიკა იჯდა, არამედ მთავარი ტრიბუნებიდანაც.

ჩვენ იოლად დავამარცხეთ ჩრდილოეთ ირლანდია "ლენსდაუნ როუდზე", მაგრამ ახლა მეტოქე ჩვენთვის სერიოზული ბრძოლის გასამართად იყო განწყობილი. ჩემი აზრით, სტადიონზე არსებული უჩვეულო ატმოსფერო ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს კონცენტრაციაში უშლიდა ხელს. გარდა ამისა, ჩემი განცვიფრება გამოიწვია იმან, როგორი გააფთრებით გვეწინააღმდეგებოდნენ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები. მათ ძალიან არ უნდოდათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავსულიყავით. ეს მატჩი მათთვის არაფერს წყვეტდა, გარდა იმისა, რომ შეეძლოთ ჩვენთვის ხელი შეეშალათ მსოფლიოზე გასვლაზე. მათ ეს აზრი გონებაში ჰქონდათ გამჯდარი და ყველაფერს აკეთებდნენ ამ ამოცანის შესასრულებლად. თან 73-ე წუთზე ჯიმი ქუინმა ისინი წინ გაიყვანა.

საბედნიეროდ, სამი წუთის შემდეგ ალან მაკლაფლინმა საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. უკვე ვიცოდით, რომ ესპანეთმა დანიის ნაკრები დაამარცხა და ამ ამბით გამხნევებულებმა საჭირო ანგარიში ბოლომდე შევინარჩუნეთ.

გავედით მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი, მაგრამ, როცა გასახდელში იატაკზე შამპანური დაიღვარა და ზეიმი გზად დუბლინისკენ თვითმფრინავში გაგრძელდა, ვგრძნობდი, რომ ამ ზეიმზე ზედმეტი ვიყავი.

ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ჩარლტონის მიმართ, მატჩებისადმი საშინელი მზადება, ჩვენი პრიმიტიული სათამაშო ტაქტიკა, მხარზე ხელის უაზრო მოთათუნება და სხვა სისულელეები ამ ზეიმით დატკბობის საშუალებას არ მაძლევდა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი.

თუ კარდინალური ცვლილებები არ მოხდებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი სირცხვილი გველოდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა უკვე მსოფლიოს ამბაბი უწევს საინტერესოა ძალიან
1111
12:14 15-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული