"წითელი ეშმაკები" დიდი ცვლილებების წინ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და ოთხეულში მოხვდა. ზაფხულში კი "წითელ ეშმაკებში" არაერთი ცვლილება იგეგმება და ლუი ვან გაალს ესმის, რომ სიტუაცია ბოლომდე უნდა დაალაგოს, რადგან მომავალ სეზონში უბრალოდ ოთხეულით ვერ გამოძვრება. მას ჩემპიონობასაც მოსთხოვენ და ჩემპიონთა ლიგაზე კარგ თამაშსაც.

"წითელმა ეშმაკებმა" "არსენალთან" პრინციპულ შეხვედრაში ცუდად არ ითამაშეს და მოგების შემთხვევაში, ისინი მესამე ადგილზე გასვლის ოდნავ უფრო რეალურ შანსს იტოვებდნენ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და საბოლოოდ, ფრეს დასჯერდნენ. თამაშის მერე ჰოლანდიელი უიღბლობაზე საუბრობდა და გარკვეულწილად, მართალიც გახლდათ.

"იუნაიტედი" ანდერ ერერას გოლით
იგებდა და ეს დამატებით გამოსარჩევი იმით გახლდათ, რომ ერერამ ამ სეზონში მეტოქეთა კარში ზუსტად სულ 7-ჯერ დაარტყა და 6 გოლი გაიტანა... სხვათა შორის, ერერას გოლი იყო ახალი წლის პირველი დღის მერე პირველი, რომელიც "არსენალმა" საწყის 45 წუთში გაუშვა. ანგარიში ტაილერ ბლეკეტის ავტოგოლით გათანაბრდა.

ახალგაზრდა მცველი გახდა მანჩესტერელთა მეორე ფეხბურთელი, ვისაც "მეთოფეებთან" პრემიერლიგურ შეხვედრაში საკუთარ კარში აქვს გატანილი. იქამდე მსგავსი რამ 1994 წლის მარტში გარი პალისტერმა "შეძლო". სტატისტიკაზე ვსაუბრობთ და აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა ზედიზედ მერვე შეხვედრაში ვერ შეინახეს კარი მშრალად, ასეთი რამ 2001 წლის მერე არ მომხდარა.

ვან გაალის გუნდისთვის, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჯერ დავიდ დე ხეა დაშავდა, ხოლო მერე ნახსენები ავტოგოლი იყო. ასე რომ, ცოტა უიღბლო გამოვიდა ვიქტორ ვალდესის დებიუტი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა. მას, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ჩატარებულ მატჩებს თუ არ ჩავუთვლით, 2014 წლის მარტის მერე არ ეთამაშა.

"რეალი" თუ "იუნაიტედი"
ეს ეპიზოდი, გარკვეულწილად, სიმბოლურიც გახლდათ, რადგან დე ხეა, შესაძლოა, საერთოდ წავიდეს "მანჩესტერიდან". ბოლო დღეებში უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან მადრიდის "რეალთან" ერთგვარ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და "სამეფო გუნდი" 24 წლის ესპანელ გოლკიპერში დიდ ფულს იხდის. მანჩესტერელთა ბანაკშიც უკვე ისეთი საუბარია, რომ ფაქტია, ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან გაიზარდა. დე ხეა "რეალს" იკერ კასილიასის შემცვლელად ესახება.

"ორ დიდ კლუბს შორის არჩევა ადვილი არ არის. ძალიან გაგვიხარდება, თუ ის დარჩება. დე ხეა ესპანელია, მისი შეყვარებულიც ესპანელია და შემოთავაზებაც ესპანური კლუბისგან აქვს, რაც დიდი ცდუნებაა. თანაც, როგორი გუნდისგან და იგი რთული არჩევანის წინაშეა. თუმცა დავიდი ადვილად ვერ წავა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" არანაკლებ დიდი გუნდია და ჩვენ გვსურს, რომ ის დარჩეს. დამატებით არაფრის თქმა არ არის საჭირო, იგი ყველაფერს ხედავს და გრძნობს. გრძნობს ფანების დამოკიდებულებას, იცის ატმოსფერო კლუბში და დასაკარგი ბევრი აქვს" - განაცხადა ვან გაალმა.

"მანჩესტერში" არიან სემ ჯონსტონი, ბენ ამოსი და ანდერს ლინდეგაარდი, მაგრამ დე ხეას წასვლის შემთხვევაში პირველი ნომერი ვალდესი გახდება. შესაძლოა, გუნდმა საერთოდ ახალი მეკარის მოყვანაზე დაიწყოს ფიქრი.

"ამ საკითხზე კითხვები დავიდს უნდა დაუსვათ. "რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დიდი გუნდები, რომელთა რიგებშიც თამაში ყველას უნდა. დე ხეას ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა და გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ "მანჩესტერის" წევრი ვარ და კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს გუნდთან. ვნახოთ, რა მოხდება მერე. აქაური გარემო საუცხოოა და ასეთი ფანები სანატრელია. თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. კლუბმა, მწვრთნელმა, თანაგუნდელებმა, ქომაგებმა... ყველამ კარგად და თბილად მიმიღო" - ამბობს ვალდესი.

ფალკაო ფანებს დაემშვიდობა
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის დარჩენა-არდარჩენაზეა საუბარი, რადამელ ფალკაოა. კოლუმბიელმა "არსენალთან" კიდევ ერთი უფერული შეხვედრა ჩაატარა და მე-60 წუთზე შეცვალეს. ფალკაო მინდვრიდან გასვლისას ისე მოიქცა და ისეთი ჟესტები ჰქონდა, თითქოს, იგი "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ პუბლიკას ემშვიდობებოდა და ბოლო მატჩს ატარებდა ამ სტადიონზე.

ბოლო ინფორმაციით, "მანჩესტერი" მის გამოსყიდვას არ აპირებს, მაგრამ ვან გაალი ამ შემთხვევაშიც თავშეკავებულია და ყველას მოუწოდებს ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავებას. თუმცა შანსი იმისა, რომ "იუნაიტედმა" კოლუმბიელი დაიტოვოს, რომელიც კვირაში 265 ათას ფუნტს იღებს და 31 იანვრის მერე გოლი არ გაუტანია (სულ კი მხოლოდ 4 აქვს), მართლაც მცირეა.

თანაც, 29 წლის თავდამსხმელში "წითელმა ეშმაკებმა" "მონაკოს" 43,5 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადონ. არადა, "ოლდ ტრაფორდამდე" ფალკაოს "პორტუს", "ატლეტიკოსა" და "მონაკოს" მაისურით ჩატარებულ 139 შეხვედრაში 104 გოლი ჰქონდა გატანილი.

"თქვენ მშვენივრად იცით, ფალკაოსთან დაკავშირებით რა სიტუაციაც არის, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთებასა და ვარაუდების გამოთქმას არ ეშვებით. ის, რომ იგი ფანებს გამოემშვიდობა, ასევე თქვენი ვარაუდია. ჩვენ სეზონის ბოლოს დავსხდებით, დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ" - უპასუხა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

მეოთხე ადგილი ჯერ კიდევ არ არის ლიგა
მეოთხე ადგილზე გასვლა იმას ნიშნავს, რომ წინასასეზონოდ მზადება "იუნაიტედს" უფრო ადრე მოუწევს, გუნდს სხვადასხვა ტურნეს ამ გრაფიკზე მორგება დასჭირდება და აგვისტოში, ორმატჩიანი სანერვიულო პლეი ოფიც უნდა გადაიტანოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე.

"არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩემპიონთა ლიგაზე. პლეი ოფი ყოველთვის დიდი სტრესია. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შესაძლოა, მეტოქედ ისეთი კლუბი შეგხვდეს, რომელსაც საშინაო ჩემპიონატი უკვე დაწყებული აქვს და გახურებულია. მახარებს, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ. ფანებიც კმაყოფილები ჩანან, მაგრამ მე, როგორც მწვრთნელს, მეტი მინდა. მომავალ სეზონში უფრო მეტისთვის ვიბრძოლებთ" - თქვა ვან გაალმა.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც გამოცდილი მწვრთნელი აქცენტს აკეთებს, შეიძლება ითქვას, რომ ცივსისხლიანობაა, რაც ამ მანჩესტერს მართლაც აკლია და არამარტო მას, ვან გაალმა იგივე "არსენალის" მაგალითი მოიყვანა და ამ კუთხით მისთვის მისაბაძი ჟოზე მოურინიოს "ჩელსია".

"მჯერა, რომ "არსენალი" საუკეთესო გუნდია პრემიერლიგაში, მაგრამ "ჩელსის" შეუძლია მატჩების სასურველ შედეგამდე მიყვანა და თამაშის" მოკვლა" მაშინ, როდესაც ამის შანსია და როდესაც ეს საჭიროა. ახლაც ჩვენ მეტოქეს საათზე დიდი ხანი ვჯობდით და 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ მატჩი ვერ დავამთავრეთ, "ჩელსის" კი ეს ეხერხება და ასეთ შეხვედრებს ხელიდან არ უშვებს.

ამიტომაც ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. მთლიანობაში, როდესაც თვალს გადაავლებთ ჩვენს შედეგებს საუკეთესო ექვსეულთან, ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ გვაქვს. სწორედ უფრო სუსტ გუნდებთან იქმნება პრობლემები, რომლებიც იბრძვიან, თავს იცავენ, ავტობუსს აყენებენ და ასეთ შეხვედრებში გვმართებს უფრო ჭკვიანურად თამაში. "ჩელსიმ" ასეთ მეტოქეებთან ქულები არ დაკარგა და ამით ისარგებლა მიმდინარე სეზონში" - განმარტა ვან გაალმა.

ექსპერტებიც დატკბნენ
ნელ-ნელა "მანჩესტერისკენ" გული უბრუნდებათ ყოფილ ფეხბურთელებსა და ექსპერტებსაც და გამონაკლისი არც ფილ ნევილია: "ვან გაალმა თავის პირველ სეზონში მისია შეასრულა და გუნდი ოთხეულში გაიყვანა, რაც "მანჩესტერს" ჩემპიონთა ლიგაზე აბრუნებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს მისთვის კარგი სეზონი გამოდგა. ახლა წინ შემდეგი მიზანია - ტიტულის მოგება. ვფიქრობ, "იუნაიტედი" არც ისე შორსაა იმისგან, რომ ისევ ჩემპიონი იყოს".

მეორე ძმამ, გარიმ კი ანხელ დი მარიაზე ისაუბრა და არგენტინელი დაიცვა. 27 წლის შემტევს, ჯამში, ძალიან უფერული სეზონი გამოუვიდა. მას ტრავმამაც შეუშალა ხელი, მაგრამ თავადაც დაბნეული ჩანდა და თითქოს, მინდორზე თავისი ადგილი ვერ იპოვა და ვერც მწვრთნელს გაუგო. გარის დი მარიასი მაინც ეიმედება და მემფის დეპაის ათამაშებასაც ელოდება.

"გუნდს ფლანგის შემტევები ძალიან სჭირდება. ეშლი იანგმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. კარგია ხუან მატაც, მაგრამ ის არ არის მარჯვენა ფლანგის მოთამაშე. ძალიან საინტერესოა, რა ბედი ეწევა დი მარიას. მე მჯერა ანხელის, როგორც ფეხბურთელის, მისი შესაძლებლობების შესახებ ვიცით და გვინახავს, თუ რას აკეთებდა ხოლმე მინდორზე წლების განმავლობაში.

თუმცა ამ სეზონში იანგიც უკეთესი იყო, ფელაინიც, მატაც... ვნახოთ, ათამაშდება თუ არა დი მარია ვან გაალის ხელში. არ დაგვავიწყდეს, რომ მოდის დეპაი, რომელიც "იუნაიტედის" კლასიკური შენაძენია - ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და გახსნა სჭირდება. "მანჩესტერი" მსგავს მოთამაშეებს სისტემატურად ენდობოდა, ძირითადად, უცხოელებს და ასეთი ტრანსფერები არაერთი გვინახავს. ჩემი აზრით, მემფისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და იგი კლუბს გამოადგება" - გვითხრა გარი ნევილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული