"ვესტ ჰემი": დიდი სემი წავიდა

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედმა" და სემ ელარდაისმა გადაწყვიტეს, რომ ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებენ და მხარეების თანამშრომლობა დასრულდა. ბოლო ტურში უმოტივაციო "ჩაქუჩები" "ნიუკასლთან" დამარცხდნენ და სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულეს.

საინტერესოა, რომ თავის დროზე "კაჭკაჭებიდან" გამოშვებულმა "დიდმა სემმა" სწორედ "სენტ ჯეიმს პარკზე" დაასრულა "ვესტ ჰემში" თავისი კარიერა, რომელიც 2011 წელს დაიწყო. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ მიუხედავად ათეულს მიღმა დარჩენისა და ბოლოდროინდელი ცუდი შედეგებისა, "ვესტ ჰემს" ევროპალიგაზე მაინც ვიხილავთ, რადგან ლონდონელები "ფეარ პლეის" საგზურს მიიღებენ.

"მე დარჩენა არ მსურდა, წასვლას ვაპირებდი და თუ
უფროსობასაც უნდოდა ჩემი გაშვება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმხრივ შეთანხმებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, წასვლისთვის შესაბამისი დროა და ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩემი და გუნდის გზები უნდა გაიყაროს. ვიცოდი, რომ ეს ახლოვდებოდა და მოხდებოდა და ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვისაუბრეთ და შევთანხმდით" - თქვა 60 წლის ელარდაისმა.

"დიდი სემი" ესაუბრა გუნდის მფლობელებს, დევიდ გოლდსა და დევიდ სალივანს. ამ უკანასკნელთან რომ იდეალური ურთიერთობა არ ჰქონდა, ალბათ, ესეც იცით. მფლობელები კი უკვე ახალ თავკაცს ეძებენ და ამბობენ, ის ამბიციური უნდა იყოს, ტიტულების მოგებისკენ ისწრაფვოდეს, იცნობდეს და პატივს სცემდეს გუნდის ისტორიას და "ვესტ ჰემის გზით" იაროსო. არიან ადამიანები, რომლებიც ამ მოთხოვნებს ირონიულად ხვდებიან. მაგალითად, სერ ალექს ფერგიუსონს თავის დროზე ნათქვამი აქვს:

"იმედი მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ, ვინმე ამიხსნის, რას ნიშნავს "ვესტ ჰემის გზა", რა არის ეს? მათ უკანასკნელად ტიტული 1980 წელს მოიგეს, ასოციაციის თასი".

კანდიდატები უკვე მრავლად არიან - "ნაპოლიდან" ცალი ფეხით წამოსული რაფაელ ბენიტესი, "დორტმუნდთან" განშორებული იურგენ კლოპი, "სოსიედადში" მომუშავე დევიდ მოიესი, "სევილიას" დამრიგებელი უნაი ემერი, "დერბის" თავკაცი სტივ მაკლარენი და "ბეშიქთაშის" მესაჭე სლავენ ბილიჩი. ბრიტანული პრესის და სხვათა შორის, საბუკმეკერო კანტორების აზრითაც, რომლებიც ამ საკითხზე ფსონებს იღებენ, ფავორიტი სწორედ ბილიჩია.

ხორვატს ადრეც უკავშირებდნენ პრემიერლიგას და უშუალოდ "ვესტ ჰემს". თანაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი თურქეთიდან წამოვა. ეს სეზონი 46 წლის ენერგიულ მწვრთნელს "ბეშიქთაშში" წარმატებული ვერ გამოუვიდა, მან გუნდი ვერც გააჩემპიონა და ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბილიჩს თავის დროზე "ვესტ ჰემში" ნათამაშები აქვს და ლონდონელთათვის "უცხო კაცი" არ არის.

უმუშევარი არც ელარდაისი დარჩება, რომელსაც ფეხბურთელები თბილად გამოემშვიდობნენ. მაგალითად, ჯეიმს ტომკინსმა და უინსტონ რიდმა სოციალურ ქსელში ამაღელვებელი სტატუსები წერეს და "დიდ სემს" ბრწყინვალე უწოდეს.

სემ ელარდაისის სამწვრთნელო დოსიე:
ბლექპული (1994-96): 102 მატჩი - 44 მოგება - 23 ფრე - 35 წაგება
ნოტსი (1997-99): 145 - 56 - 39 - 50
ბოლტონი (1999-2007): 371 - 153 - 104 - 114
ნიუკასლი (2007-08): 24 - 8 - 6 - 10
ბლექბერნი (2008-10): 90 - 32 - 24 - 34
ვესტ ჰემი (2011-15): 181 - 68 - 46 - 67

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული