"ლივერპული" უჯერარდოდ - ლეგენდა წავიდა, რა იქნება მომავალში

AutoSharing Option
სტივენ ჯერარდი "ლივერპულიდან" წავიდა. მართალია, ბოლო დროს ის ვეღარ იყო ძველებურად თვალისმომჭრელი და ხშირად საბედისწერო შეცდომებსაც უშვებდა ხოლმე, მაგრამ ფაქტია, მერსისაიდულ გრანდში ახალი ეპოქა იწყება და ახლა "ლივერპულში" იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ იყვნენ უკეთესები სტივი ჯის გარეშე.

ჯერარდი დიდი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში მისი ყოფნა გარკვეული თავსატეხია მწვრთნელებისათვის. "მე ყველა პოზიციაზე მითამაშია "ლივერპულში". ერთადერთი, რაც არ გამიკეთებია - კარში არ ვმდგარვარ" - თქვა ენფილდელთა სიმბოლომ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ფაქტია: ჯერარდი მაშინ აჩვენებდა საუკეთესო ფეხბურთს, როცა ის მოქმედებდა "თავისუფალ მხატვრად", როცა მას არ
ჰქონდა მინდორზე განსაზღვრული პოზიცია.

"ჯერარდი უდიდესი ფეხბურთელია და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ერთი კია - როცა მუშაობა დავიწყე "ლივერპულში", მივხვდი, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, ის არ იყო იდეალურად მომზადებული ფეხბურთელი. იყო ბევრი ნიუანსი, რაც მას არ ესმოდა. ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად გადავწყვიტე, შემევსო სტივენის ეს ნაკლი და მასთან ბევრს ვმუშაობდი ამ თემაზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვაკუუმი სრულად ამოივსო" - ამბობს რაფა ბენიტესი, "ლივერპულის" ყოფილი დამრიგებელი.

ჯერარდი მკაცრ ტაქტიკურ არტახებში მხოლოდ "ლივერპულის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ბრენდან როჯერსმა მოაქცია. შედეგი სახეზეა - ინგლისელი ვარსკვლავი საკუთარი თავის აჩრდილად იქცა, დაიძაბა, მინდორზე შეცდომებს უმატა.

სხვა საქმეა, რომ ქომაგთა კერპის წასვლა ერთგულ კოპებს გულს გვარიანად დასწყვეტთ და შესაძლოა, არაერთი აბონემენტით ნაკლები გაიყიდოს, თუმცა "ლივერპულს" შეუძლია, ჯერარდის გარეშე უკეთესი გახდეს, ვიდრე მასთან ერთად იყო.

როგორ? ვეცდებით, ამ კითხვას ჩვენს წერილში ვუპასუხოთ.

90-იან წლებში ბილ სიმონსმა და დეივ სირილიმ შეიმუშავეს თეორია, რომელიც ისტორიაში "იუინგის თეორიის" სახელით შევიდა. ის ამტკიცებს, რომ ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ კლუბს შეუძლია, უკეთესი გახდეს, თუ ერთმანეთს ორი გარემოება დაემთხვევა. 1. ეს ფეხბურთელი უნდა იყოს ვარსკვლავური გაქანების და მასთან ერთად მისი კლუბი ვერაფერს უნდა იგებდეს. 2. გუნდში უნდა გამოჩნდეს მოთამაშეთა ჯგუფი, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც წასულს შეცვლიან და თამაშში ახალ შტრიხებს შეიტანენ.

ბრენდან როჯერსის მთელი მოღვაწეობა იქითკენ იყო მიმართული, რომ ჯერარდი გუნდისათვის შეუცვლელი ფეხბურთელი არ ყოფილიყო. მაგალითად, გავიხსენოთ წინა სეზონის მატჩი "ტოტენჰემთან", რომელიც "ენფილდელებმა" 5:0 მოიგეს. იმ შეხვედრაში ჯერარდს არ უთამაშია.

არადა, ბევრის აზრით, "ტოტენჰემის" რბევა (5:0) საუკეთესო თამაში იყო როჯერსის ლივერპულური კარიერისა.

მეტიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერარდი ხელს უშლიდა როჯერსის ზოგიერთ ტაქტიკურ ექსპერიმენტს, ან თუ მონაწილეობდა მასში, ვერ ამართლებდა დაკისრებულ ამოცანას. ასე მაგალითად, მწვრთნელი შეეცადა, მისთვის იგივე როლი დაეკისრებინა, რასაც "იუვენტუსში" ასრულებს ანდრეა პირლო.

ექსპერიმენტი კრახით დასრულდა. თავად ჯერარდმა ღიად განაცხადა, რომ მას ამ როლთან გამკლავება არ შეეძლო. რა თქმა უნდა, ჯერარდი ძირითადიდან ვერავინ ამოაგდო და მან "ლივერპულის" ბოლო საყრდენად, ყველაზე უკანდაწეულ ნახევარმცველად გადაინაცვლა.

რა იქნება "ენფილდიდან" ლეგენდის წასვლის შემდეგ? რა თქმა უნდა, "ლივერპული" იყიდის ახალ მოთამაშეს ან მოთამაშეებს. ჯერარდის შეცვლა კი, ალბათ, ისევ იმ ფეხბურთელებს მოუწევთ, რომლებიც ამ ეტაპზე გუნდში არიან.

პრაქტიკულად, გამორიცხულია, რომელიმე ფეხბურთელი "ენფილდზე" მივიდეს, წამსვე დამკვიდრდეს ძირითადში და, ამასთან ერთად, გუნდის სიმბოლოც შეცვალოს. პრემიერლიგასთან ადაპტაცია იოლი არასოდეს არის. ეს მარიო ბალოტელის შეგვიძლია ვკითხოთ. ის უკვე იყო "სიტიში", მაგრამ ახლა ისეა "ლივერპულში", როგორც პატარა ბავშვი.

და მაინც, "ლივერპულს" ჰყავს ისეთი ყოჩაღი ბიჭები, რომლებიც ჯერარდს შეცვლიან. ფილიპე კოუტინიო, ჯორდან ჰენდერსონი, დანიელ სტარიჯი და მარტინ შკრტელი ის ფეხბურთელები არიან, ლიდერის ტვირთის ზიდვა რომ შეუძლიათ.

ამასთან ერთად, "ლივერპულში" აღარ იქნება ერთი ლიდერი და ამ ლიდერზე აღარ იქნება დამოკიდებული, როგორ ხასიათზეა "ლივერპული" ამა თუ იმ შეხვედრაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოხდება გუნდის "დეცენტრალიზაცია".

თავად ბრენდან როჯერსს არაერთხელ უთქვამს, რომ ჯერარდი დიდებული ფეხბურთელია. ამით მწვრთნელი სულაც არ ორიგინალურობდა და მხოლოდ ფაქტს უსვამდა ხაზს. არადა, არის ეჭვი, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს ბოჭავდა და ხშირ შემთხვევაში, აბნევდა ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის ავტორიტეტი.

მოკლედ, ვნახოთ. შემდეგი სეზონი "ლივერპულისათვის" ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. მით უმეტეს, როჯერსს უკვე აღარავინ აპატიებს უტიტულოდ დარჩენას. ჯილდოს მოგება მას ჯერარდის გარეშე მოუწევს.

მწვრთნელმა უნდა დაამტკიცოს, რომ "ენფილდზე" ისაა მთავარი კაცი და არა - ამერიკაში წასული ჯერარდი. იოლი არ იქნება, მაგრამ ბრენდანის ბიჭობას ამის ძალა უნდა შესწევდეს.

მით უმეტეს, თუ კოუტინიო კიდევ მოუმატებს, სტარიჯი აღარ დაიმტვრევა, სტერლინგი ჭკუას ისწავლის, აიბი კი - გოლების გატანას.

შეუძლებელი რა არის?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული