რა თქმა უნდა, ევროთასები ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ იქ წარმატებით გამოხვიდე, აუცილებელია პრემიერლიგაში გამარჯვება. ამიტომაც ზეწოლა პირველივე დღიდან იგრძნობოდა. თუმცა ის დადებითად მოქმედებდა. ვიცოდით, რომ "იუნაიტედისგან", რომელმაც ბოლო ორი ჩემპიონატი მოიგო, მხოლოდ მოგებას ელოდნენ. ეს კიდევ უფრო მაღლა სწევდა
მაგრამ თუ დიდი წარმატების მიღწევა გსურს, უნდა გააცნობიერო, რომ აგვისტოდან მაისის პერიოდში, მოდუნებისთვის დრო არ გაქვს. და ასეა ყოველ წელს. რაც მეტს იგებს, მით მეტს ითხოვენ შენგან და რაც უფრო მეტად ცდილობ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მით უკეთ თამაშობ.
ეს სასიამოვნო ზეწოლაა და, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ წარმატებას აღწევდა "იუნაიტედი" იმ წლებში, მით უფრო ძლიერად და ნაღვლიანად აღიქმებოდა წარუმატებლობა - მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და პირველ რიგში, ალექს ფერგიუსონის მხრიდან. ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც ილუზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი რეპუტაცია ან წინა სეზონში მოპოვებული პრიზი ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას იძლეოდა, მალე ხვდებოდა, რომ "იუნაიტედში" საქმე სხვანაირადაა. 1994-95 წლების სეზონმა ეს დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვიპოვე ადგილი, მაინც არ დავწყნარდი. ბრაიან რობსონის რჩევით, სეზონის მსვლელობისას სულ უფრო და უფრო მეტად ვიღებდი საკუთარ თავზე პლეიმეიკერის ფუნქციებს და... ნაკლები გოლი გამქონდა. როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ტელეარხზე ძველ თამაშებს ვუყურებ, გაოცებული ვრჩები იმით, როგორ უფანტაზიოდ ვთამაშობდი ზოგიერთ მატჩში, რომლებშიც მაშინ საკუთარი თავი მოწოდების სიმაღლეზე მეგონა.
ფიზიკურად ახლოსაც არ ვიყავი ოპტიმალურ ფორმასთან საკუთარი ურეჟიმო ცხოვრების წესის გამო, ხოლო პასის თამაშს აკლდა სირბილე და გონიერება. ინსტინქტურად მაშინ უკვე ვგრძნობდი ამას... მაგრამ მე ვთამაშობდი ქვეყნის საუკეთესო გუნდში, რაც თავისთავად მეტყველებდა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, როგორც ძველი ჩანაწერები გვიჩვენებდნენ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი.
* * *
1994-95 წლების სეზონში ზეწოლის კიდევ ერთი წყარო იყო მეორე შემადგენლობაში ნიჭიერი ახალგაზრდების გამოჩენა. გუნდზე, რომელმაც 1992 და 1993 წლებში მოიგო ახალგაზრდული თასი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრს ლაპარაკობდნენ. რაიან გიგზი მაშინვე მოხვდა პირველი გუნდის ძირითადში. სხვები უკვე მზად იყვნენ, მის მაგალითს გაჰყოლოდნენ.
ხალხი კლუბში და აგრეთვე, ნამდვილი გულშემატკივრები (რომლებიც თვალს ადევნებენ მეორე გუნდის გამოსვლას და არა ისინი, რომლებიც ტრიბუნებზე სენდვიჩებს მიირთმევენ) მეკითხებოდნენ - ვინ იქნებოდა შემდეგი რეზერვისტი, რომელიც მოიპოვებდა ადგილს პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
პოლ სქოულზი იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა პასს, ბევრს იტანდა, შრომისმოყვარე იყო და ბრძოლას არასოდეს გაურბოდა. ნიკი ბატსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ნახევარდაცვის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბრძოლა და გოლების გატანა შეეძლო - დევიდ ბექჰემი იყო. ის ლონდონელი გახლდათ, მაგრამ მთელი ცხოვრება "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა. ბექზს შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა, შეეძლო ეთამაშა როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე.
ცხარე კამათი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, ძმები ნევილებიდან რომელი იყო უკეთესი - გარი თუ ფილი? გარი თითქმის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო, რომელსაც ცენტრშიც შეეძლო თამაში და მარჯვნივ. ფილს უფრო მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალი ჰქონდა და დაცვის ნებისმიერ ადგილზე გამოსდიოდა თამაში. და კიდევ, კიტ გილესპი ჩრდილოეთ ირლანდიიდან ფლანგის შესანიშნავ მოთამაშედ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ბიჭებს ყველაფერი გამოუვიდოდათ. ისინი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და თავს ძალიან კომფორტულადაც გრძნობდნენ. ისინი არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელები, არამედ საკუთარ თავში დარწმუნებული ბიჭები იყვნენ. ყოველთვის მხარში ედგნენ ერთმანეთს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ეს იყო ერთიანი შეკრული გუნდი და ძალიან რთული იყო მის წინააღმდეგ თამაში საწვრთნელ მატჩებში, რომელსაც მწვრთნელი მართავდა იმის გამო, რომ არ მოვდუნებულიყავით. ეს მატჩები ხისტ ბრძოლაში მიმდინარეობდა.
ორივე გუნდს რაღაცის დამტკიცება სურდა, მაგრამ მკაცრი ბრძოლის გარდა, აქ იყო უმაღლესი ხარისხის ფეხბურთიც. მათ ძალიან უნდოდათ იმის დამტკიცება, რომ მზად იყვნენ პირველ გუნდში სათამაშოდ, ჩვენ კი ის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჯერ ადრე იყო ჩვენი ჩამოწერა. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ "იუნაიტედის" მეორე გუნდის ახალგაზრდები უფრო რთულ გამოცდას გვიწყობდნენ, ვიდრე ჩვენ მეტოქეები პრემიერლიგაში.
ვგრძნობდით, რომ ბექჰემის, ნევილების, ბატის, სქოულზისა და გილესპის გამოჩენა პირველ გუნდში დროის საკითხი იყო და უნდა გვემარჩიელა იმაზე - ძირითადი შემადგენლობის რომელ მოთამაშეს მოუწევდა თავისი ადგილის დათმობა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის.
* * *
სეზონში პირველი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაზე გვქონდა. წილისყრამ "იუნაიტედი" "გიოტებორგს", "გალათასარაისა" და "ბარსელონას" შეახვედრა. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადიოდა და ჩვენ ვერ გავუმკლავდით ამოცანას. "ბარსელონამ" 4:0 გაგვანადგურა "კამპ ნოუზე" და შემდეგ რაუნდში გავიდა ბურთების უკეთესი სხვაობით. უეფას რეგლამენტის გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში არ შეგვეძლო მოედანზე სამ უცხოელზე მეტის გაყვანა. ამიტომაც ყოველი შეხვედრის წინ მწვრთნელი რთული ამოცანის წინაშე დგებოდა. მას უნდა გადაეწყვიტა, ვინ შეეყვანა ძირითადში - პეტერ შმეიხელი, ერიკ კანტონა, ანდრეი კანჩელსკისი, დენის ირვინი თუ მე. უეფას წესების გამო მსხვერპლად უნდა შეგვეწირა გამოცდილება და ოსტატობა.
და მაინც, ტურნირის რეგლამენტი ვერ ამართლებდა ჩვენს წარუმატებლობებს. თუ იძულებულნი ვიყავით, სათადარიგოთა სკამზე დაგვეტოვებინა ნიჭიერი მოთამაშეები, მოწინააღმდეგეებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ. ასე რომ, ჩვენი ჩავარდნა ევროპაში ორი ძირითადი ფაქტორით აიხსნებოდა.
ჯერ ერთი, ჩვენი სტილი ადაპტირებული იყო ინგლისის ჩემპიონატზე, სადაც არანორმალური ტემპია დასაწყისიდან ბოლომდე და უგულებელყოფილია ტაქტიკური მოქნილობა, რასაც, ჩვეულებრივ, ვაწყდებოდით ევროპაში. ევროპული გუნდები უფრო გონივრულად თამაშობდნენ, ვიდრე ამას პრემიერლიგაში აკეთებდნენ, შეცდომების გამო კი მაშინვე გვსჯიდნენ. შიდა ჩემპიონატში შეგვეძლო ზერელედ მოქმედება შეტევაში და თუ მეტოქის კართან ახლოს დავკარგავდით ბურთს, მალე ვიბრუნებდით მას. დაცვაში შეცდომებს კი, ევროთასებისგან განსხვავებით, არ მოჰქონდა სერიოზული პრობლემები.
მეორე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემა იყო მავნე ჩვევები, რომლებსაც ვიძენდით პრემიერლიგის თამაშებში. დროის დიდი ნაწილი არ გვიწევდა მთელი ძალით თამაში. "ოლდ ტრაფორდზე" გუნდების უმრავლესობა თეთრ დროშას გამოფენდა მაშინვე, როცა ამჩნევდა, რომ საქმე წაგებისკენ მიდიოდა. ისინი რეალურად მხოლოდ პირველი 20 წუთი იბრძოდნენ. მათ არ სჯეროდათ საკუთარი წარმატების და ჩერდებოდნენ მაშინვე, როგორც კი ანგარიშს ვხსნიდით.
გასვლითი მატჩები კი სულ სხვა საქმე იყო. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მეტოქე წარმატებას ეძებდა, მაგრამ ბევრ არენზე (გამონაკლისი იყო "ენფილდი", "ჰაიბერი", "ელან როუდი" ან "ივუდ პარკი) ჩვენ უბრალოდ უნდა დავლოდებოდით მომენტს, როცა თავს იჩენდა ერიკ კანტონას ან მარკ ჰიუზის კლასი.
"იუნაიტედში" ჩემი სამი სეზონის სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებდა. იმ დროს, როცა ევროპაში წარუმატებლობები გვქონდა, შიდა არენაზე 122 მატჩიდან მხოლოდ 16 წავაგეთ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ ინგლისის ჩემპიონატში წარმატება ძალების მცირე დახარჯვით მიიღწეოდა. და იოლი გამარჯვება ავითარებდა ჩვენში მავნე ჩვევებს, რაც თავს იჩენდა სხვა ქვეყნების ჩემპიონების მატჩებში.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"