"ტოტენჰემს" სერიოზული წინადადება შესთავაზეს - 50 მილიონი გირვანქა და სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ინგლისური მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰარი კეინით სერიოზულად დაინტერესდა.

როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, იქნებ "წითელი ეშმაკები" მართლაც ამზადებენ წინადადებას "ტოტენჰემისთვის".

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 21 წლის კეინი "დეზების" აღზრდილია. იგი ფანებს ძალიან უყვართ და მისი გაყიდვა უდიდესი დარტყმა იქნება კლუბის იმიჯზეც და შეამცირებს სამომავლო წარმატებების შანსსაც.

ამას აუცილებლად ფანების დიდი პროტესტი მოჰყვება, რადგან ისინი ორმაგ დარტყმას მიიღებენ - დაკარგავენ საყვარელ ფეხბურთელს, "ტოტენჰემი" კიდევ ერთხელ გაყიდის ლიდერს და ჩათვლიან, რომ გუნდის უფროსობა სინამდვილეში იტყუება, შორსმიმავალი გეგმები სულაც არ აქვს და
დიდ წარმატებებზე არ ფიქრობს.

ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ "ტოტენჰემს" "მოქალაქე კეინის" გაყიდვა აიძულო, რაღაც განსაკუთრებული უნდა შესთავაზო და აი, კულუარებში თქმულ-გაგონილი განსხვავებულიც, რითაც "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან ლონდონური გუნდის სულის ყიდვას - 50 მილიონი გირვანქა, პლუს ხავიერ ერნანდესი, ნანი და ადნან იანუზაი...

შეთავაზება მართლაც მიმზიდველია. 50 მილიონად ერთი ექსტრაკლასის ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება, ხოლო ორი - ძალიან კარგი მოთამაშის, უფრო რომ აღარ დავწვრილმანდეთ.

ამბიციური ნანი "დეზების" ნახევარდაცვას სიმძლავრესა და გამოცდილებას შემატებდა. კიდევ ერთი ფლანგელი იანუზაი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა და იქნებ სწორედ მაურისიო პოჩეტინომ გახსნას ბოლომდე. ხოლო სუპერამბიციური და მუდამ მეტოქის კარზე დაგეშილი ჩიჩარიტო ზუსტად ისეთი ცენტრფორვარდია, რომელიც "ტოტენჰემს" "დახატავდა". მოკლედ, მოსაფიქრებლად ნამდვილად ღირს.

დენი ინგსი უკვე ჩაიბარა "ლივერპულმა", ხოლო წინა სეზონის სხვა გამორჩეული და ხელმისაწვდომი თავდამსხმელებიდან "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" საიდო ბერაჰინო და "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ჩარლი ოსტინი რჩებიან. "იუნაიტედს" ადრე ისინი უკვე დაუკავშირეს.

ფაქტია, გუნდს შემტევი, ან უფრო სწორად თუ ვიტყვით, შემტევები სჭირდება. თანაც, რობინ ვან პერსის წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. რამდენიმე დღის წინათ ჰოლანდიელი რომში შენიშნეს. იგი უმალვე დაუკავშირეს "რომასა" და "ლაციოს", მაგრამ რობინისადმი ინტერესი ერთმა დედაქალაქურმა გუნდმაც უარყო და მეორემაც.

ხოლო თავად ფეხბურთელმა თქვა, უბრალოდ, დასასვენებლად ვარ იტალიის დედაქალაქშიო და თითქოს, ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. მერე კი ითქვა, რომ ვან პერსის შეფარული ვიზიტის მიზეზი "იუვენტუსის" ინტერესია, ტურინელები ჩამოფასებულ თავდამსხმელში 5 მილიონ გირვანქას იხდიანო. არადა, ვან პერსის, შესაძლოა, მართლაც, უბრალოდ, რომაული არდადეგები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული